საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი ელვის სისწრაფით და ყოველდღიურად იზრდება. მარტო ბოლო 2 კვირის განმავლობაში (22 აგვისტო - 5 სექტემბერი) მონაცემების შედარებისას, აღმოჩნდა, რომ მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა 1000-ზე მეტი ერთეულით გაიზარდა.
ექსპერტები მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობის ზრდას არც მომავალში გამორიცხავენ და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებენ. მეორე და ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად სამომხმარებლო კრედიტების გამარტივებას და ამაზე დაწესებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წლის 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროს მიერ 76,487,836.62 ლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. (აგვისტოს მონაცემები ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის) აღსრულების ბიუროს ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ ივლისში ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროებიდან 6,273,856.60 ლარი შევიდა. ივლისში 4434 სააღსრულებო წარმოება დასრულდა.
წინა წლების სტატისტიკა კი ასეთია: 2008 წლის 7 თვეში სააღსრულებლო ბიურომ ბიუჯეტში 6,742,405.36 ლარი გადარიცხა, 2009 წლის იმავე პერიოდში ბიუჯეტში გადარიცხული თანხის ოდენობამ 5,921,270.50 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2010 წლის 7 თვის მაჩვენებელს, შარშან სააღსრულებლო ბიუროდან ბიუჯეტში 38,127,786.62 ლარის ჩარიცხვა მოხდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხის პარალელურად იზრდება მოვალეთა რეესტრში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვიც. თუ 22 აგვისტოს ამ სიაში 50 892 ჩანაწერი იყო, 5 სექტემბერს ეს რიცხვი თითქმის 52 ათასამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, რეესტრში იურიდიულზე მეტად ფიზიკური პირები სჭარბობენ.
ექსპერტები მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების ზრდას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური აქტივობის დაბალი მაჩვენებლით ხსნიან. მეორე მიზეზად კი ბანკების მიერ სამომხმარებლო კრედიტების გაცემის პროცედურის გამარტივებას ასახელებენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, ექსპერტები მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ.
"მოვალეთა რეესტრში ჩანაწერები არასტაბილურია, თუმცა ფაქტია, რომ ის მუდმივად იზრდება. ეს არის ცუდი ტენდენცია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ხშირდა გვესმის ასეთი განცხადებები, რომ საბანკო სექტორი გააქტიურდა, რომ ამ სექტორში მდგომარეობა გამოსწორდა, მოვალეთა რეესტრში ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობის ზრდა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ტენდენცია კი არის სახიფათო და არაჯანსაღი სიტუაციის მაჩვენებელი. ცხადი ხდება, რომ მოსახლეობა კრედიტებს აქტიურად მოიხმარენ, მაგრამ ვერ იხდიან.
საერთოდ, როდესაც მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობაც მატულობს. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა არ იზრდება და სოციალური ფონიც მძიმდება. იმისათვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, მინიმუმ ეკონომიკურმა აქტივობამ უნდა მოიმატოს. საჭიროა ადამიანს გაუჩნდეს ფული, რომ მან დავალიანება წლების წინ შეძენილი ქონების გასხვისებით არ დაფაროს. თუ არ მოხდა ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება და გაჯანსაღება, ვიმეორებ, მაჩვენებელი ისევ გაიზრდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.
მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების ზრდას არ გამორიცხავს კიდევ ერთი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ეს ტენდენცია არ გაგრძელდეს, საჭიროა, სამომხმარებლო კრედიტების გაცემისას გარანტიების მოთხოვნა და ამასთან, კრედიტებზე დაწესებული პროცენტების შემცირება.
"მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა 1000 და 2000-ლარიანი სამომხმარებლო კრედიტების გაცემა. ამის ფონზე კი გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციები. თუ არ შემცირდა ეს პროცენტი და ამასთან, არ მოხდა სამომხმარებლო კრედიტის გაცემისას გარკვეული გარანტების მოთხოვნა, ცხადია, რომ მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მართალია, მარტო საბანკო კრედიტების გაცემის ხარჯზე არ ხდება მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების ზრდა, თუმცა მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია", - განაცხადა ავთანდილ სილაგაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 15 ივლისს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღსრულების ბიუროს ერთ-ერთ ფორმად დაემატა პირის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში. მოვალეთა რეესტრი არის იმ მონაცემთა ერთობლიობა, სადაც რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე ყველა სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი.
მათ მიმართაც იძულებითი აღსრულება 2010 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო. მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის შემდეგ, ამ პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვა. კერძოდ, მოვალე პირი ვერ მოახდენს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების ნებისმიერი სახით განკარგვას, რაც ხელს შეუწყობს კრედიტორი მხარის ინტერესების დაცვას.
იანვრიდან მოვალეთა რეესტრში ჩაბმულები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოები. მათ მიერ, ქონების განკარგვამდე, მოწმდება იმყოფება თუ არა "მოვალეთა რეესტრის" ერთიან ბაზაში ქონების განმკარგავი პირი, რის შემდეგაც ხდება შესაბამისი რეგისტრაცია.
2010 წლის 1-ლი მარტიდან ერთიან ბაზაში საბანკო სექტორიც ჩაერთო, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას რეესტრში რეგისტრირებული პირების სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების შესახებ. კანონი აღმასრულებელს მოვალის სახელზე ათეულობით წლის შემდეგ დარეგისტრირებული ქონების დაყადაღებისა და გაყიდვის უფლებასაც აძლევს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ქონება გარდა იმ ქონებისა, რომელიც ჩამოთვლილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში. კანონში კი წერია, რომ არ დაყადაღდება პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის; ასევე მოვალის ოჯახის 4 კვირის საკვები; თუ ოჯახს საკვების ერთი თვის მარაგი არ გააჩნია, მაშინ არ დაყადაღდება მათი შეძენისთვის საჭირო თანხა, თუმცა ამ თანხის განსაზღვრისთვის საჭირო საკვების დასახელება კანონში ჩამოთვლილი არ არის.
მოვალეს არ დაუყადაღდება, წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ანუ თუ მოვალეს რამდენიმე მეწველი ძროხა ჰყავს ერთს დაუტოვებენ, დანარჩენს დაუყადაღებენ; ასევე მოექცევიან ღორს, ცხვარსა და თხას. აღმარსულებელი, ადამიანებისგან განსხვავებით, პირუტყვისთვის 3 თვის საკვების მარაგსა და მის შესაძენ თანხას ითვალსიწინებს.
აყადაღადადებული ქონების შეფასების მიზნით აღმასრულებელი მიმართავს ექსპერტს, რომელიც ქონებას აფასებს საბაზრო ღირებულების მიხედვით. შემდეგ კი ხდება ამ ქონების რეალიზაცია იძულებითი აუქციონის წესით.
გარდა ქონებისა, აღმასრულებელი მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებას იქ არსებული მოვალის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ყადაღის დადება შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე, იქნება ეს სახელფასო, საპენსიო, საკრედიტო, საანაბრე თუ სხვა ნებისმიერი სახის ანგარიში.