"დავაი, მაღალი დოზა მორფი და ცხინვალში!" - ეს ფრაზა ახალგორის საავადმყოფოს სლოგანად გამოდგება. აქ სტაციონარულ მკურნალობას არავინ გადის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ექიმები ექიმობენ და არც არანაირი პირობა პაციენტისთვის პრაქტიკულად არ არსებობს. ამის მიზეზი ის არის, რომ ახალგორელ მედიკოსთა დიდი ნაწილი წეროვანშია, ახალგორში კი კვირაში მხოლოდ 2-3 დღე არის და ისიც - სულ რამდენიმე საათით.
ახალგორის საავადმყოფო ორსართულიანი დიდი შენობაა 3 დანაყოფით. დღეს ის გარედან ხარაჩოებით არის შეხუნძლული, შიგნით კი ყველაფერი დანგრეულია, რადგან რამდენიმე თვეა, რაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
აქ წინანდელი საავადმყოფოსგან რამდენიმე, სულ 10-მდე პალატაღაა შემორჩენილი, სადაც რამდენიმე ძველი საწოლი დგას, მათზე კი ძველი ქვეშაგები აწყვია. ირგვლივ ყველაფერს ეტყობა, რომ საავადმყოფოს მწოლიარე ავადმყოფი დიდი ხანია, არ ჰყოლია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ომამდეც კი, ახალგორის საავადმყოფო კარგი პირობებით ვერ დაიკვეხნიდა. თუმცა ომის შემდეგ საავადმყოფოს მოუვლელობა განსაკუთრებულად დაეტყო. არა მარტო მთელ საავადმყოფოს მწოლიარე პაციენტი, სამშობიარო განყოფილებას დიდი ხანია არ ჰყოლია. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, სააბორტო განყოფილებაშიც კი ამორჩეულ ექიმებს იშვიათად აკითხავდნენ თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ სამედიცინო იარაღები ექიმებს არ გააჩნიათ.
"არადა, ადრე ძალიან კარგი საავადმყოფო იყო და რესპუბლიკაში სახელი ჰქონდა განთქმული წესრიგითა და მაღალი კვალიფიკაციით," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ასაკოვანი მედიკოსი. " - მაგრამ ომის მერე სამედიცინო იარაღი საერთოდ აღარ დარჩა. დაჟანგებულებიც კი წაიღეს. ჰქონდათ ყველანაირი სამედიცინო იარაღი, მაგრამ ყველამ დაითითოვა და სახლში წაიღო. აქ ხან მუშა დაშავდება, ხან ვინმეს რამე მოსტყდება. დაშავებული რომ მივა საავადმყოფოში, პირდაპირ ასე ეუბნებიან: დავაი, მაღალი დოზა მორფი და ცხინვალში! აქ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. უფრო სწორად, ეზარებათ. არადა, ონკოლოგებიც გვყავს, კარდილოგებიც, ქირურგებიც, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე."
ამ დროისთვის ახალგორის საავადმყოფოს ფორმალურად მართლაც ყველა მედსპეციალისტი ჰყავს, ყველა განყოფილების კაბინეტიც ფორმალურად არსებობს, რეალურად კი - არავინ და არაფერი. მათი დიდი უმეტესობა ორად არის გახლეჩილი: წეროვანში მუშაობენ და ძველ სამუშაო ადგილს ახალგორშიც ვერ ელევიან. ახალგორის რაიონში ყველა, თოთოეული მოსახლე ცალსახად და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ამბობს იმას, რომ ეს გაორმაგება ახალგორელი მედიკოსების მხრიდან ნოსტალგია კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ბევრი ფულის სიყვარულია. ამის არგუმენტად კი იმას იშველიებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგორის საავადმყოფო ისეთ უკიდურეს პირობებში არ უნდა იყოს, როგორც დღეს არის. მით უმეტეს, რომ აღნიშნულ მედდაწესებულებას ორმაგი დაფინანსება აქვს: ერთი ცხინვალიდან, მეორე - თბილისიდან.
მიუხედავად ამისა, თუნდაც სტომატოლოგიური კაბინეტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გარდა იმისა, რომ არის ერთი ოთახი და აწერია "სტომატოლოგიური კაბინეტი". აქ სხვა ამის ნიშანი არაფერია დარჩენილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ კაბინეტში ამოღებული კბილები, სამხედროებსა და მუშებს რომ უღებდნენ ხოლმე, და სისხლიანი ბამბები თვეობით ეყარა.
ახალგორის რაიონის მთავარი ექიმი-თერაპევტი, 03-ის დირექტორიც და მორიგე ექიმიც ზაურ მარგიევია. თავად საავადმყოფოს მთავარი ექიმი ონისე გათენაშვილი კი, რომელიც სპეციალობით ქირურგია, ონკოლოგობასაც ითავსებს. გარდა ყოველივე ამისა, გათენაშვილი 03-ის ექიმია როგორც ახალგორში, ასევე წეროვანში. ოღონდ იმ სხვაობით, რომ წეროვანში ნომინალურად ქურთის 03-ში მუშაობს. ახალგორის პოლიკლინიკის უფროსი ექიმი ნოდარ ოვაშვილია, რომელიც ამავდროულად ახალგორის 03-ის მორიგე ექიმიც არის და ამის პარალელურად წეროვანში გახსნილი ახალგორელების მედპუნქტის მთავარი ექიმიც. ახალგორის საზოგადოებრივ ჯანდაცვას ეთერ ჩერტკოევა უძღვება. ის საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია, ასევე - 03-ის მორიგე ექიმი, რომელიც წეროვანის პოლიკლინიკაშიც მუშაობს.
"ამის გარდა აუცილებლად სხვა შტატებიც ექნებათ, იმდენ ფულს ხვეტავენ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მედიკოსი და ამასაც დასძენს - "ონისე გათენაშვილს უთქვამს - მე ისედაც ქართული მხრიდან 5000 ლარს ვიღებ და რაში მჭირდება ავადმყოფების გაფორმებაო. ავადმყოფებს არა, მაგრამ თანამშრომლებს როგორც უნდა, ისე აფორმებს. თვითონვე აქვს ნათქვამი, რომ გამგებლის თანაშემწე გაფორმებული ჰყავს იმიტომ, რომ ეს გამგებელმა დაავალა."
გათენაშვილი ამბობს, რომ 5 ათასი ლარი მთლიანად ახალგორის ჯანდაცვაზე ირიცხება ყოველთვიურად.
"მე ავადმყოფი მეყოლება, თუ არ მეყოლება, მოვემსახურები თუ არ მოვემსახურები, სულ ერთია, რადგან 5000 ლარი ისედაც ირიცხება ახალგორის ჯანდაცვაზე," - ამბობს პასუხად გათენაშვილი. " - რაზე გავაფორმებ ავადმყოფს ტყუილად?! ანუ რომ ამბობენ, რომ მე ვითომ ავამდყოფებს ვაფორმებ ტყუილად იმიტომ, რომ გამგეობიდან ავიღო დაფინანსება, ტყუილია. მე გამგეობისგან არ ვფინანსდები; მე ვფინანსდები პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტროსგან. შესაბამისად, ტყუილია ისიც, რომ თითქოს მე გამგეობის მითითებით სამსახურში ვიღაცებს ვაფორმებ."
როგორც "რეზონანსმა" შეიტყო, ადგილობრივ 2 ექიმ გოგონას ამ საავადმყოფოში სტომატოლოგად მუშაობა უნდოდა, მაგრამ ზაურ მარგიევმა არ მიიღო.
"წადით და სადაც დაამთავრეთ, იქ მოიკითხეთ სამუშაოო. ანუ თბილისშიო. ადგილი როგორ არ ჰქონდა, მაგრამ გუბერნატორის რძალი მუშაობდა და ვერ გაუბედავდა უარს," - გვითხრა ერთმა ახალგორელმა ქალბატონმა და ესეც დაამატა: "ყველა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აქ, ახალგორში, არავინ გაჩერდეს და ყველამ დატოვოს აქაურობა."
თავად ზაურ მარგიევი ამას ჩვენთან საუბრისას უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ახალ მედპერსონალს აუცილებლად მიიღებდა.
აღსანისნავია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ახალგორის საავადმყოფოში სტაციონალურ მკურნალობას 4-5 პაციენტი გადიოდა. ადგილობრივების თქმით, ესენი ძირითადად ისეთები იყვნენ, რომელთა გადაყვანაც ცხინვალსა თუ თბილისში ძნელი იყო. ახალგორში ყველა ცალსახად ამბობს იმას, რომ ვისაც კარგი მკურნალობა უნდა, ის ახალგორის საავადმყოფოში არ უნდა დაწვეს. და არც არავინ წვება: ავადმყოფი პირველადი დახმარების შემდეგ ან თბილისში მიჰყავთ, ან ცხინვალში გადაჰყავთ.
როგორც აღმოჩნდა, დღევანდელ საავადმყოფოში არათუ დაწოლა, გაჭრილი ხელის გაკერვაც კი შეუძლებელია. საავადმყოფოში არც ბამბაა, არც სპირტი... არაფერი არ არის. ავადმყოფი რომ მიდის ხოლმე რაღაცა ჭრილობის შეხვევაზე, თან მიაქვს "ზელიონკა", იოდი, ბინტი თუ ბამბა.
ამაზე რაიონის მთავარმა ექიმმა ზაურ მარგიევმა გვითხრა, რომ საავადმყოფოში არსებული რეალობა ცხინვალიდან მყოფი დე ფაქტო ჯანდაცვის წარმომადეგენელთა მხრიდან აღნუსხულია და ყველაფერს, რაც საავადმყოფოს არ გააჩნია, მოუტანენ.
ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას უკმაყოფილებას მედპერსონალის მიმართაც გამოთქვამდნენ.
"ექიმები დღის პირველ საათზე მოდიან და ერთ საათში სამსახურიდან მიდიან. თეთრ ხალათსაც კი არ იცვამენ. მარტო ხელფასის დროს აქტიურობენ და თუ დაუგვიანეს ხელფასი, ერთ ამბავსაც კი ატეხენ," - ამბობს აღშფოთებული ერთი ახალგორელი ქალბატონი.
ახალგორელი ექიმების გულგრილობაზე ადგილობრივები მწვავე სარკაზმსაც კი იშველიებენ.
"მე მგონი, თვითონ არიან სამკურნალოები, რადგან წელიწადიდან 9 თვე ბიულეტენზე არიან," - გვითხრა ახალგორელმა მამაკაცმა. " - მერე 1-2 დღე გამოვლენ და ვითომ მუშაობენ; მერე ისევ რაღაცა "ემართებათ" და მიდიან. ექიმებად გვყავს ქრონიკული ავადმყოფები. გინეკოლოგები ბიულეტენს აიღებენ, მერე კი მაგარი გარუჯულები ჩამოდიან ხოლმე."
ასეა თუ ისე, დღეს ახალგორის საავადმყოფოში სარესტავრაციო სამუშაოები დიდი მონდომებითა და სერიოზულობით მიმდინარეობს. საავადმყოფო ისევ ორსართულიანი იქნება და ლიფტი მოემსახურებათ როგორც მედპერსონალს, ასევე პაციენტებს. დე ფაქტო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კლინიკა თავისი ინფრასტრუქტურითა და მოწყობილობით თანამედროვე სტანდარტებს უნდა გაუტოლდეს. რემონტის დამთავრების შემდეგ მედპერსონალიც მკაცრად შეირჩევა.
რემონტი კი გეგმის მიხედვით სექტემბერში უნდა დამთავრდეს, მაგრამ, როგორც მუშები ამბობენ, ვერ მოესწრება და, ალბათ, ოქტომბერში მოუწევს. სხვათა შორის, აქ მუშებად დასაქმებულები არიან ახალგორიდან დევნილი ოჯახების წევრები, მათ შორის ახალგორის ლეგიტიმური გამგეობის თანამშრომლების ოჯახებიდან, რომლებიც წეროვანში ცხოვრობენ და აქ სამუშაოდ ჩამოდიან-ხოლმე. ეს იმიტომ ხდება, რომ აქ მშენებლობაზე მომუშავეებს საკმაოდ კარგ გასამრჯელოს უხდიან, დაახლოებით 60 ლარს დღეში.
ახალგორის საავადმყოფოში რემონტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ცხინვალიდან შესაბამისი სპეციალისტების ჩამოყვანასაც გეგმავს. როგორც ამბობენ, ისეთებს აირჩევენ, რომლებმაც ქართული ენა იციან, რათა ახალგორელებთან ურთიერთობა არ გაუჭირდეთ გამომდინარე იქიდან, რომ მათი დიდი ნაწილი დღესაც კი ქართველია.
ერთადერთი, რაც ახალგორის საავადმყოფოში ამ დროისთვის კარგად მუშაობს, სასწრაფო დახმარებაა. მათ მანქანებიც შესაბამისი ჰყავთ და ყველა საჭირო მედიკამენტიც აქვთ. ადგილობრივების თქმით, კარგად მუშაობენ სასწრაფოს ექთნებიც.