აფხაზეთში დაუდგენელმა პირებმა "პრეზიდენტ" ანქვაბის მხარდამჭერი ორგანიზაციის, ომის ვეტერანთა კავშირ "ამცახარას" ოფისი დაცხრილეს. "ამცახარას" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოფისის დაცხრილვაზე სოხუმის შსს-მ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა.
"იმის გამო, რომ "ამცახარა" ანქვაბის მხარდამჭერი ორგანიზაციაა, გამორიცხული არ არის, ოფისზე თავდასხმით "პრეზიდენტი" ვიღაცამ გააფრთხილა და მიანიშნა, რომ აფხაზურ საზოგადოებაში მავანნი მის მიერ გარკვეული რეფორმების გატარებას არ შეეგუება", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ თავდასხმა თვით "ამცახარას" ორგანიზებული იყოს.
ცნობისათვის, სოხუმში ვეტერანთა კავშირ "ამცახარის" ოფისი დაუდგენელმა პირებმა ავტომატური იარაღით 3 სექტემბერს დაცხრილეს. აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ოფისზე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებაც არ გაკეთებულა.
ვეტერანთა კავშირი "ამცახარა" გავლენიანი პოლიტიკური ორგანიზაციაა აფხაზეთში, რომელიც 1992-1993 წლების ომის ვეტერანებს აერთიანებს. ორგანიზაცია 26 აგვისტოს ჩატარებულ რიგგარეშე "საპრეზიდენტო არჩევნებში" მხარს უჭერდა, უკვე "პრეზიდენტად" არჩეულ ალექსანდრ ანქვაბს.
"ამცახარა" ყოველთვის მხარს უჭერდა კანდიდატს, რომლისთვისაც მთავარი არა ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოს ინტერესები, მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყო. ქვეყანას ბრძენმა, სინდისიერმა, მამაცმა და პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსმა უნდა უხელმძღვანელოს, ადამიანმა, რომელსაც შეუძლია, ერი შეკრას. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ალექსანდრე ანქვაბს შეუძლია სერგეი ბაღაფშის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელება. შექმნას, გაზარდოს და დაიცვას რესპუბლიკის ღირსება - ალექსანდრე ანქვაბის კრედოა. იგი არა პოპულისტი, არამედ ჭკვიანი და პრინციპული პოლიტიკოსია, რომელიც ცარიელ დაპირებებს არ იძლევა. ალექსანდრე ანქვაბმა იცის, რა უნდა აკეთოს", - ასეთი სახის განცხადება "ამცხარამ" დე ფაქტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა.
"ამცახარამ" უყურადღებოდ არც კიტოვანის ინტერვიუ დატოვა.
"კიტოვანის წყალობით დაწყებულ აურზაურს ბოლო არ უჩანს. სერგეი შამბას ეგონა, რომ ამ ინტერვიუთი თავის კონკურენტ ანქვაბს შავ პიარს აუგორებდა. სინამდვილეში, თავად "გაშავდა". აფხაზური საზოგადოება ახლა იმას კითხულობს, რა ესაქმებოდა შამბას საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ კიტოვანთან."
"არჩევნებიდან" ერთი კვირის თავზე კი იმ ორგანიზაციის ოფისი, რომელიც ანქვაბს მხარს ღიად უჭერდა, დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს. თავდასხმის მოტივიც და მიზეზიც უცნობია. ქართველი ექსპერტები კი სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ეს თავდასხმა ანქვაბის პოლიტიკის წინააღმდეგ იყოს მიმართული.
"პირველი ვარიანტი - ამით გააფრთხილეს ანქვაბის ხელისუფლება, რომ მისი რეფორმების გატარებას აფხაზურ საზოგადოებაში ვიღაც არ შეეგუება. ამ ფონზე უნდა გავიხსენოთ ის 5 თავდასხმა, რომელიც ანქვაბზე მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ადგილობრივი ჩინოვნიკებისა და კრიმინალური წრეების ხელი ერია, რომლებიც არც მაშინ და მით უფრო, არც ახლა ანქვაბის ქმედებების წინააღმდეგები არიან.
"ასევე არ არის გამორიცხული, რომ "ამცახარამ" თავისი ოფისი პიარის შესაქმნელად თვითონ დააზიანა. კიდევ ერთი მიზეზი კი შეიძლება "ამცახარას" "არუნასთან" დაპირისპირება გამხდარიყო. ორივე ორგანიზაცია ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების მონაწილეებით არის დაკომპლექტებული და არ არის გამორიცხული, რომ ეს მათ შორის ადგილობრივი მასშტაბის გარჩევა იყო", - განაცხადა არეშიძემ.
ამასთან ექსპერტი აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ანქვაბი მის მიერ უკვე გახმაურებული რეფორმების გატარებას დაიწყებს, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს.
"იმის გამო, რომ ანქვაბი შიდა სამზარეულოში ძალიან მტკივნეული რეფორმების გატარებას აპირებს, აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. არ ვიცი, რამდენად თანმიმდევრული იქნება ანქვაბი და შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას, მაგრამ უკვე პირველი ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ის აპირებს, იქნება ძალიან სერიოზული დაძაბულობის მიზეზი აფხაზურ საზოგადოებაში. ეს არის პირველ რიგში კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლა, რის დეკლარირებასაც აკეთებს ანქვაბი. კრიმინალი და კორუფცია კი არის აფხაზური საზოგადოების ცხოვრების წესი და ძალიან რთული იქნება მასთან ბრძოლა.
"შედეგად არ გამოვრიცხავ, რომ ანქვაბზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდეს. მაგრამ აქაც გასათვალისწინებულია ერთი ფაქტორი, ანუ თუ ანქვაბი რეფორმებს აქტიურად დაიწყებს, თავდასხმები აუცილებლად გაგრძლებდება, მაგრამ თუ კოსმეტიკურად სცადა სიტუაციიის შეცვლა, მაშინ შეიძლება სიტუაცია არც დაიძაბოს", - დასძინა არეშიძემ.
"ამცახარას" ოფისზე თავდასხმის მიზეზებზე საუბარი უჭირს კონფლიქტოლოგს პაატა ზაქარეიშვილს.
"მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს, მათ შორის, კრიმინალური გარჩევა, ან "ამცახარას" მიერ წინაასაარჩევნო კამპანიისას გაკეთებული განცხადებები. რთულია ზუსტ მიზეზებზე საუბარი.
"რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას, ჯერჯერობით სიმშვიდეა და არა მგონია, რაიმე გართულებას ჰქონდეს ადგილი, თუ რა თქმა უნდა, ანქვაბს არაფერი მოუვიდა. ის ძალები, რომლებმაც ანქვაბს რამდენიმე ტერაქტი მოუწყვეს, არსებობენ და შეიძლება რაღაც გეგმაც ჰქონდეთ. მაგრამ, ქვედა დონეზე, ვიდრე ანქვაბი აკონტროლებს სიტუაციას, ყველაფერი მშვიდად იქნება", - დასძინა ზაქარეიშვილმა.