ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეს, წიგნების ნაცვლად, “ალგორითმისა” და “ინტელის” საქართველოში წარმოებულ ნეტბუქებს დაურიგებენ. ქვეყანაში, სადაც “დენი ნაგავს წერს”, ბავშვებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, თუმცა საინტერესოა, რატომ მოინდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 40 ათასი პირველკლასელის დასაჩუქრება?..
ისე, ნეტბუქი უბრალო საჩუქარი არ გეგონოთ - როგორც ამბობენ, არც წყალში იძირება და არც ადვილად ფუჭდება. ამასთან, ნეტბუქში ქართული და უცხოური ენების, მათემატიკის, ლოგიკისა და კიდევ რამდენიმე საგნის სასწავლო პროგრამაა ჩატვირთული. სასწავლო პროცესში ნეტბუქების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაქყოფად, განათლების სამინისტრომ არც ძალა დაიშურა, არც - ფინანსები და დაწყებითი კლასების პედაგოგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით «დაათრეინინგა». არადა, ე.წ. ელექტრონული სწავლება დაწყებით კლასებში არც ამერიკაშია და არც - სხვა რომელიმე ქვეყანაში... მოკლედ, პრეზიდენტის ზემოხსენებული, ერთი შეხედვით, უწყინარი ძღვენის ავ-კარგიანობის გარკვევას «ქართულ სიტყვა» კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად შეეცადა.
ირმა ჯეგაძე, ექიმი-ოფთალმოლოგი: “დაწყებით კლასებში კომპიუტერული სწავლება დაუშვებელია, რადგან ამით ბავშვის მხედველობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება. ჩემს პაციენტებს, 10-12 წლის ბავშვებს კომპიუტერთან ჯდომის უფლებას დღეში მხოლოდ ორი საათით ვაძლევ, თუმცა ამ რჩევას ხშირად არ ითვალისწინებენ. სწავლების ახალი მეთოდით პატარებს დღის უმეტესი ნაწილის გატარება ნეტბუქებთან მოუწევთ, რაც რეფრაქციას, ან ასტიგმატიზმს, ასევე, თვალის სიმშრალეს, ქავილს, წვასა და „მშრალი თვალის სინდრომს“ გამოიწვევს. შეიძლება, მშობელებს პრეზდენტის საჩუქარი უხარიათ, მაგრამ მალე დიდი პრობლემის წინაშე დადგებიან”.
შორენა კვინიკაძე, ფსიქოლოგი: “ამ ინოვაციას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც: კარგია, რომ ბავშვი კომპიუტერთან მუშაობას თავიდანვე მიეჩვევა, თან კომპიუტერი, სოციალური მდგომარეობის განურჩევლად, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ანუ როგორც შაშკინმა თქვა, ვისაც წიგნის ყიდვის საშუალება არ აქვს, გაკვეთილების მომზადებას კომპიუტერში ჩატვირთული წიგნების საშუალებით შეძლებს და ამაში, ერთი შეხედვით, ცუდი არაფერია, თუმცა პირველკლასელის ფსიქიკა და მხევდელობა საამისოდ მზად არაა. ამიტომ, მშობლებს ხშირად მოჰყავთ ბავშვები თავის ტკივილითა და მკვეთრი აგრესიულობით, რისი მიზეზიც უმეტესად კომპიუტერული თამაშები და, საერთოდ, კომპიუტერთან ხშირი კონტაქტია - ბავშვები წყდებიან გარესამყაროს, ყველა სურვილს იკმაყოფილებენ კომპიუტერით და თუკი სასწავლო პროგრამაც «ნეტბუქში» იქნება, ჩვენი პაციენტთა რიცხვი გაიზრდება. სხვათა შორის, ცნობილია ნეიროქირურგების დასკვნაც, რომ კომპიუტერი ტვინის სერიოზულ ცვლილებებს იწვევს”.
მაგული ჩეჩელაშვილი, დაწყებითი კლასების პედაგოგი: “სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა კარგია, მაგრამ არა - პირველი კლასიდან. 6 წლის ბავშვი წერა-კითხვას კომპიუტერით ისე ვერ ისწავლის, როგორც საჭიროა. ამ «ბუქებს» უამრავი ფუნქცია აქვს, რომლითაც ბავშვს, მაგალითად, ანგარიში შეუძლია. აზროვნებასა და მახსოვრობას კი, მოგეხსენებათ, მათემატიკური გამოთვლები აყალიბებს. თუ ბავშვი პატარაობიდანვე გადაეჩვია ფიქრს, უბრალოდ, კომპიუტერზე მიჯაჭვული სპეციალისტ გამოვა.
ნეტბუქების ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ბავშვები მძიმე ჩანთებით აღარ ივლიან და აღარც სქოლიოზი დაემართებათ”
გიორგი იაშვილი, მშობელი: “როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასეთი ნაუცბათევი გადაწყვეტილებებით? ვიღაცის პიარის გამო მომავალი თაობა ახლომხედველად და რეალობასმოწყვეტილად უნდა ჩამოვაყალიბოთ? წინაარმდეგი ვარ ამ ე. წ. ნოვაციის. მშობელბმა, ბოლოს და ბოლოს, ხმა უნდა ამოვიღოთ, რადგან განათლების დღევანდელი სისტემა სრულიად უვარგისი და გაუაზრებელია. ბავშს, რომელმაც ანბანიც კი არ იცის, რათ უნდა კომპიუტერი? ეს იმისთვის კეთდება, რომ საერთოდ აღარ აიღონ წიგნი... “ნეტბუქების” შემოღებას ზოგი დადებითად იმიტომ აფასებს, რომ კომპიუტერები უფასოდ რიგდება. არადა, რაც კომპიუტერებში ფული უნდა დახარჯონ, ამ თანხით წიგნები ეყიდათ და დაერიგებინათ”
მოკლედ, საზოგადოების ნაწილი სააკაშვილის ამ ინოვაციას ოვაციებით არ ხვდება, თუმცა “პირველს” ხალხი, კარგა ხანია, ფეხზე ჰკიდია!