დღეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) "ქალი პოლიტიკაში" პრეზენტაციას და დისკუსიას გამართავს.
ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, პოლიტიკაში ქალის ჩართულობასთან დაკავშირებული ნეგატიური სტერეოტიპების და არასწორი შეხედულებების შეცვლას.
IFES-ი წარმოადგენს რვა ფოკუსჯგუფის კვლევის შედეგებს, რომელიც ეხება ქალის, როგორც პოლიტიკური კანდიდატის და არჩეული თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების განწყობებს და შეხედულებებს. ფოკუსჯგუფების კვლევა ჩატარდა 2012 წლის ივნისის ბოლოს მარნეულში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.
ღონიძიებას IFES-ის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ნერმინ ნიშიჩი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი სუზან ქაული და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი გახსნიან.
კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მედიის, არასამთავრობო, სამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და გენდერის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება დღეს 11:30 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.