ნაციონალური მოძრაობის მიერ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი კანონმდებლობის სრული დაცვით  იქნა გაღებული

ნაციონალური მოძრაობის მიერ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა გაღებული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი გაღებული იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.  აღნიშნულთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ იმთავითვე იყო გაცხადებული, რომ 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით პარტიული ღონისძიების მოწყობას დიდგორის ველზე გეგმავდა. ღონისძიება დაგეგმილი იყო დილის 10:00-დან  12:30-მდე  იმის გათვალისწინებით, რომ 13:00 საათიდან დიდგორის ველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დადგემილი იყო საჯარო ღონისძიებების მოწყობა. „სამწუხაროდ,  ღონისძიების მასშტაბურობიდან და მასში მონაწილე პარტიული აქტივისტებისა და მოხალისეების რაოდენობიდან გამომდინარე, ღონისძიება ვერ დასრულდა დაგეგმილ დროზე და იგი გაგრძელდა დაახლოებით 14:00-მდე. შესაბამისად, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჩვენი პარტიული ღონისძიება მიმდინარეობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების (საჯარო კონცერტის) პარალელურად.  მიუხედავად იმისა, რომ კონცერტს, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და მოხალისეებისა, ესწრებოდნენ სხვა პირებიც, საზოგადოების ნაწილს მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული კონცერტი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიების ნაწილი. ამ საკითხზე საზოგადოებას გაუჩნდა გარკვეული კითხვები, მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეკითხვებით მომართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამაც“, – აღნიშნულია განცხადებაში .

ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მათ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მიზანი თავისუფალ  და სამართლიან არჩევნებში გამარჯვებაა, რისთვისაც პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ქცევის წესები შესთავაზეს.

“ამიტომ  მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიის ფონდიდან თეთრიწაროს მუნიციპალიტეტს სრულად ავუნაზღაუროთ დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საჯარო კონცერტის ორგანიზებისთვის გაღებული ხარჯები. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი გაღებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“, – აღნიშნულია მმართველი პარტიის განცხადებაში.