ზვიად ძიძიგური: რუსთავის მერია რუსთაველებს უნდა ემსახურებოდეს

ზვიად ძიძიგური: რუსთავის მერია რუსთაველებს უნდა ემსახურებოდეს

კოალიცია „ქართული  ოცნება“ 19 აგვისტოს აქციას  რუსთავში , ჟიული შარტავას მოედანზე გამართავს. აღნიშნული ფაქტი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზვიად ძიძიგურმა, from.ge-თან საუბარში დაადასტურა.

მისი თქმით, კოალიციის ეს გადაწყვეტილება  საბოლოოა და ცვლილებას არ ექვემდებარება.

ძიძიგური აცხადებს, რომ კოალიციას რუსთავის აქციასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, დამთავრებული აქვს სააგიტაციო მასალების დაბეჭდვა და მოსამზადებელი ეტაპიც  უკვე დასრულებულია.

„ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება რუსთავის მერიისგან ავიღოთ ნებართვა,რადგან კონსტიტუციური უფლება გაგვაჩნია შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების თაობაზე“ -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“  დაცული აქვს ის ერთადერთი  მარეგულირებელი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს, აქციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე რუსთავის მერიის გაფრთხილებას. აქედან გამომდინარე, ზვიდ  ძიძიგური სამართალდამცავი ორგანოების მიერ, აქციის ჩაშლის მცდელობას გამორიცხავს.

„რუსთავის მერიის კომენტარი შარტავას მოედანზე აქციის ჩატარების შემთხვევაში პასუხისმგებლობის ჩვენთვის დაკისრებასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური განცხადება“-აღნიშნა ძიძიგურმა და რუსთავის მერიას, რუსთველების გვერდით დგომისა და საჭიროების შემთხვევაში კოალიციის აქციის ორგანიზებულად ჩატარებაში დახმარებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ , რუსთავის მერიამ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ შარტავას მოედანზე აქციის ჩატარების შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება აქციის ორგანიზატორებს მოუწევთ.