ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის ქართული სკოლის დირექციას დე ფაქტო უშიშროებამ სტენდზე გაკრული ფოტოები ჩამოახსნევინა. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ გაბარაევი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ფოტოებზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი ბიჭები იყვნენ გამოსახული.
ადგილობრივების ცნობით, დე ფაქტო ძალოვანებმა აღნიშნულ სკოლაში ქართული დროშები და ქართველ მწერალთა ფოტო-სურათები აღმოაჩინეს. "რეზონანსი" გუშინ აღნიშნული სკოლის დირექტორთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
"ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის სკოლაში ოსმა ძალოვანებმა საქართველოს დროშები იპოვეს," - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ახალგორის ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იტყობინება, - "ასევე 9 აპრილის ამსახველი და ქართველი მწერლების ფოტოები აღმოაჩინეს. ამის გამო სკოლის ხელმძღვანელობას სერიოზული პრობლემები შეექმნა".
"რეზონანსმა" დეტალების გარკვევა ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის დირექტორთან, მზია ფსუტურთან სცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
თავად ადგილობრივი მოსახლეობიდან ერთ-ერთი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ იკოთის სკოლაში ქართული დროშები მიმდინარე რემონტისას აღმოაჩინეს.
"იკოთის სკოლაში აქაური ადმინისტრაცია რემონტს აკეთებს. რემონტის დროს ერთ-ერთ კლასში იპოვეს ქართული დროშები და უშიშროებას შეტყობინეს. როგორც ჩანს, შემორჩენილი იყო და ამაზე ერთი ამბავი ატყდა. იმასაც ამბობენ, რომ ამის შემდეგ შესაძლოა თვითონ ამ სკოლის დირექტორს სერიოზული პრობლემები შეექმნას", - გვითხრა ერთ-ერთმა ახალგორელმა ქალბატონმა.
ადგილობრივთაგან ზოგიერთი ამბობს, რომ ქართული დროშები და ქართველი მწერლების ფოტო-სურათები ერთ-ერთ საკლასო ოთახში იყო ჩაკეტილი თუ დამალული.
"ჩუმად ინახავდნენ და უპოვეს. ამიტომაც გაბრაზდნენ ოსები და საყვედურიც გამოუცხადეს დირექტორს. შეიძლება მოხსნან კიდეც, არ ვიცით. ისე კი, რაც ქართული ხელისუფლება აქედან გაიქცა, მაგ სკოლაში ქართული დროშები მე არ მინახავს. ვინ საიდან ჩამოხსნა, გაუგებარია. ამიტომაც მგონია, რომ სადღაც რომელიღაცა კლასში შენახული ჰქონდათ და რემონტის დროს უპოვეს", - ამბობს ადგლობრივი მამაკაცი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ გაბარაევი, რომელიც ამ დროისთვის ახალგორში იმყოფება, "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ იკოთის ქართულმა სკოლამ ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლებისგან შენიშვნა მიიღო არა ქართულ დროშებისა და ქართველი მწერლების ფოტოებზე, არამედ სკოლის სტენდზე გაკრული იმ ქართველი ბიჭების ფოტოსურათებზე, რომლებიც აგვისტოს ომის დროს ცხინვალში იბრძოდნენ.
ვლადიმერ გაბარაევი: "არავითარი დროშების ჩამოხსნა. ამ სკოლის სტენდზე იყო იმ ბიჭების სურათები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ. ფოტოზე გამოსახულნი იყვნენ ქართველები, სხვა არავინ. ეს სურათები ახლა ამ სკოლის დირექციაშია. ჩამოაღებინეს სტენდიდან თუ არა, ეს არ ვიცი.
"ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს მოხდა მხოლოდ ამ ბიჭების ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იბრძოდნენ. აქ ქართველი მწერლების ფოტოების ჩამოხსნის მცდელობა ნამდვილად არ ყოფილა. და, საერთოდ, აქ არანაირი დევნა-შევიწროება მასწავლებლებისა ამ ნიშნით არ მიდის.
"საქმე ეხებათ იმ ბიჭების ფოტოებს, რომლებიც ოსების წინააღმდეგ იბრძოდნენ და, აქედან გამომდინარე, თუკი მოხდა მათი ფოტოების ჩამოხსნა სტენდიდან, აქ არაბუნებრივი არაფერი უნდა იყოს."
ცნობისათვის, გუშინ ახალგორის რაიონში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. როგორც "რეზონანსმა" შეიტყო, დაბა ახალგორის რუსულ სკოლაში სულ 21 მოსწავლეა. დაახლოებით ამდენივეა დაბის ქართულ სკოლაში.
გასულ წელს დაბის ორივე სკოლაში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 70-ს არ აღემატებოდა. უაღრესად მცირეა მოსწავლეთა კონტინგენტი ახალგორის რაიონის სოფლებში, რის გამოც ერთ-ერთი მათგანი, კორინთის არასრული განათლების სკოლა, შესაძლებელია, დაიხუროს.