"ლეიბორისტები" რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ

"ლეიბორისტული პარტია" მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პარტიის მხარდამჭერებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს და რეაგირებას დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს. ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ გააკეთა.

"მცხეთა-მთიანეთის რეგიონი გადაქცეულია საკონცენტრაციო ბანაკად, სადაც ბობოქრობს კრიმინალ-გუბერნატორი ჩოჩელი, ხოლო რეგიონს ზედამხედველობს უშიშროებიდან მოყვანილი მკვლელი-მანიაკი, საკუთარი რაიონიდან გამოგდებული ვინმე ოტიაშვილი. მათი დავალებით "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე დაიწყო უპრეცედენტო ტერორისა და შანტაჟის ახალი ტალღა, რათა აიძულონ ისინი, საერთოდ უარი თქვან კომისიებში საქმიანობაზე.

 მივმართავთ საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობით მისიებსა და საელჩოებს, მოახდინონ ზეწოლა დიქტატორ სააკაშვილზე, რათა დაუყოვნებლივ იყოს გადაყენებული მოძალადე და არჩევნების გამყალბებელი ჩოჩელი თავისი კრიმინალური ბანდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამდგარ მძიმე შედეგებზე მთელი პასუხიმგებლობა დაეკისრება არა მარტო სააკაშვილის ხელისუფლებას, არამედ მათ მფარველებს საერთაშორისო დამკვირვებლების სახით", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.