სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებაზე ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებაზე ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის ბიძინა ივანიშვილის 20 243 827 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა. ამის შესახებ From.ge-ს ივანიშვილის ადვოკატმა, სანდო ბარამიძემ განუცხაადა.

მისი თქმით ის შესაბამისი უწყებიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას ელოდა და გამოტანილი  განაჩენი არ გაკვირვებია.

„რა მიზეზით მოხდა სარჩელის არ დაკმაყოფილება სააპელაციო სასამართლოს არ გამოუქვეყნებია, თუმცა სავარაუდოდ ყველაფერში დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს“, - განაცხადა ბარამიძემ.

სარჩელი მოსამართლე ნათია ქუთათელაძემ განიხილა. საქმის მოსმენას ესწრებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები გიორგი ამირანაშვილი და ვახტანგ კეჟერაძე. 

სარჩელის განხილვა 2 საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად სცნო და უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა. 

ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კი საქალაქო სასამართლომ აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა ნაღდი ფულის სახით "ქართული ოცნებისთვის" შემოწურლობისთვის გამოიყენა სხვადასხვა პირების დახმარებით. სასამართლოს ცნობით, ივანიშვილის მიერ შემოწირულობებისთვის საბანკო ანგარიშებიდან მოხსნილმა თანხა 4 048 765 ლარი შეადგინა, რის შედეგადაც ბიძინა ივანიშვილი ამ თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა. 

ადვოკატ სანდრო ბარამიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდებათ, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.