გიორგი თარგამაძე: საზოგადოებამ ცხვრის ტყავში გახვეული მგლების გამორჩევა უნდა შეძლოს

გიორგი თარგამაძე: საზოგადოებამ ცხვრის ტყავში გახვეული მგლების გამორჩევა უნდა შეძლოს

„1 ოქტომბერი საზოგადოებისთვის მორიგი და ერთ-ერთი გადამწყვეტი ტესტი იქნება. ტესტი იმიტომ, რომ საზოგადოებამ ცხვრის ტყავში გახვეული მგლების გამორჩევა უნდა შეძლოს“, - ეს განცხადება ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეში  გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელების შემდეგ განაცხადა.

თარგამაძის განცხადებით, დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ორი პოლიტიკური ძალა დომინირებს და აღნიშნა, რომ მათ შორის განსხვავება ძალიან ცოტაა, მსგავსება კი ბევრი. 

თარგამაძის განცხადებით, თუ დააკვირდებიან ამ ორი ძალის ლიდერებს, ერთისთვის მისაღებია სიტყვა "ჩარეცხვა", ხოლო მეორესთვის მისაღები ის ადამიანია, რომელიც მონურ მორჩილებას აღუთქვამს. 

„დღეს საქართველოში ერთ-ერთი ძალა ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ხოლო მეორე მის მოპოვებას. არც იდეოლოგიურად და არც თვისობრივად ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან, ამიტომ ნათელია, რომ 1-ელ ოქტომბერს არჩევანი საზოგადოებამ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სასარგებლოდ უნდა გააკეთოს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.