ვინ იცავს საქართველოში ჟურნალისტებს?

ვინ იცავს საქართველოში ჟურნალისტებს?

"მედიაჯგუფის“ მიერ ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ხელისშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ  associated press – თვის მიცემულ ინტერვიუში განცხადა, რომ  „რეალურად, მთავრობა იტანს უწესრიგო და ყველაფერზე წამსვლელ მედიაგარემოს... ეს ახალი ტაქტიკა თავად "ინფო 9"-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს – გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას, თუ როგორ ექცევა მედიასაშუალება ამა თუ იმ მხარეს",-განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტი ია ანთაძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როდესაც უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია მსგავს განცხადებას აკეთებს ეს ნიშნავს, რომ ის თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს, უწყებათშორისი  კომისიის მოვალეობას საარჩევნო გარემოს დარღვევებისგან მაქსიმალურად დაცლა წარმოადგენს, ჟურნალისტებს კი, წესით,  პოლიცია იცავს.  

„ბოკერიას განცხადებაში ყველაზე მთავარი არის ის, რომ არ არის ერთმანეთისგან გარჩეული ორი მომენტი. ერთი, რომ ჟურნალისტი ცდილობს გაარკვიოს, რას აკეთებენ ჩინოვნიკები და მეორე,  როდესაც ჟურნალისტი ცდილობს გაარკვიოს, რას აკეთებს მისი კოლეგა. ამ ორს შორის დიდი სხვაობაა. როდესაც ჟურნალისტი დასდევს სახელმწიფო ჩინოვნიკს-ეს მისი საქმიანობაა, ხოლო როდესაც ჟურნალისტი ჟურნალისტს დასდევს-ეს კოლეგის საქმიანობაში ხელის შეშლაა. უწყებათშორისო კომისია იმისთვის არსებობს, რომ საარჩევნო გარემო მაქსიმალურად იყოს დაცლილი მსგავსი დარღვევებისგან და ამ კომისიის ხელმძღვანელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს პრქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ბოკერია თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს“,-აღნიშნავს ანთაძე.

შეკითხვაზე, როდესაც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ჟურნალისტების საქმეა და „რა ქნას ხელისუფლებამ ის ისედაც  ასეთ გარემოს იტანს“, ნიშნავს თუ არა ეს იმას,  რომ გიგა ბოკერიაც და ხელისუფლებაც „მედიაჯგუფს“ ხელს აფარებს? ანთაძის აზრით,  აქ უკვე საარჩევნო გარემოზე კი არა, კანონდარღვევაზეა საუბარი,უწყებათაშორისი კომისია კი იმისთვის არსებობს, რომ საარჩევნო გარემო კანონმდებლობის ჩარჩოებიდან არ გავიდეს.  

„ უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელი „მე-9 არხის“ და „ინფო9“-ის ჟურნალისტებზე აცხადებს კიდეც, რომ მათ ასეთი რამ მოიგონეს.  აქ უკვე საარჩევნო გარემოზე კი არა, კანონდარღვევაზეა საუბარი და რამდენად შესაბამისობაშია საარჩევნო გარემო კანონმდებლობასთან, ეს არის გასარკვევი. ბოკერიამ პასუხისმგებლობა ინფო9-ის ჟურნალისტებზე გადაიტანა, მაშინ როცა ისინი არავის უკან არ დასდევენ და ეს ცხადია. ჩვენი პროფესიის არსია, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ხელისუფლების შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის სხდომა დახურულია და ეს წინასწარაა გაცხადებული და რომელიმე ჟურნალისტი შევარდა სხდომაზე, მაშინ არის ჟურნალისტი დამნაშავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებს. თუ ჟურნალისტს აინტერესებს რას აკეთებს ჩინოვნიკი, ეს კანონდარღვევა არ არის“,-აღნიშნავს ანთაძე.  

 ვინ უნდა დაიცვას საქართველოში ჟურნალისტები, თუ ხელისუფლებაც და უწყებათაშორისი კომისიაც ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლასა და ზეწოლის ფაქტებზე  არ რეაგირებენ, ია ანთაძე თვლის, რომ ეს პოლიციის მოვალეობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაუცველები აღმოჩნდებიან.

„როდესაც თქვენ ქუჩაში გაბრძანდებით, თუ ვინმე გამოგეკიდებათ და ფსიქოლოგიურ ტერორის მოგიწყობთ, პოლიციამ უნდა დაგიცავთ. თუ პოლიცია არ გიცავთ, მაშინ ვინ უნდა დაიცვას ჟურნალისტი? ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ წინასაარჩევნო პერიოდი არ შეიცვლება, ნებისმიერი ჩვენგანი ამ მდგომარეობაში ვიქნებით- ანუ დაუცველები, სწორედ იმიტომ, რომ ჟურნალისტები ჩვენს პროფესიონალურ მოვალეობას ვასრულებთ.  და კიდევ ერთი, ძირითადი თავდასხმა რეგიონალური ჟურნალისტებზე მოდის, რადგან ამ შემთხვევაში რეგიონებიდან შემოსული ინფორმაციაა მნიშვნელოვანი“,-აცხადებს ანთაძე.