სააკაშვილი:  არის თუ არა საზოგადოება, მთლიანად საქართველო დღეს იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო 8 წლის წინათ?

სააკაშვილი: არის თუ არა საზოგადოება, მთლიანად საქართველო დღეს იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო 8 წლის წინათ?

 ხელისუფლება არასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს კორუმპირებული და კრიმინალი ჩინოვნიკების ხელში - განაცხადა  პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

 „ეს არჩევნები ჩვენთვის არის ასევე სიმართლის მომენტი. ძალიან ადვილია თქმა: მართალია, ამ მთავრობამ დაამარცხა კორუფცია - ევროპამ აღიარა, რომ ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ვართ; მართალია, ამ მთავრობამ დაამარცხა კრიმინალი, ევროპელებისვე კვლევებით, ჩვენ ვართ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა; მართალია,  ამ მთვარობამ გააკეთა გზები, თუმცა ბევრგან ჯერ კიდევ გასაკეთებელია; ბევრგან, მათ შორის იქ, სადაც არასდროს ყოფილა, მიიყვანა ბუნებრივი გაზი და კიდევ მისაყვანია ბევრგან; მართალია, თანამედროვე სკოლებს აშენებენ, ყველა ბავშვს კომპიუტერს აძლევენ და უცხო ენებსაც ასწავლიან; მართალია, ახალ უნივერსტეტებს აშენებენ; მართალია, საქართველო მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდა - კარგია, რომ ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ მოდით, ახლა ესენი გავუშვათ და ვინმე უკეთესი მოვიყვანოთ, ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს და იქნებ, ვინმემ ამაზე უკეთესად გაუკეთოს რამე და მოგვხედოსო. ვითარება არის  ძალიან კონკრეტული - ეს არის თითოეული ადამიანის არჩევანი. ის, რაც მე ჩამოვთვალე, უდიდესი შრომით, ბრძოლითა და ძალიან ბევრი მტრის გაჩენის ფასად მოვახერხეთ.

8 წლის წინათ ისეთი უიმედობა იყო, რომ ვერც კი წარმომედგინა, თუ ამ ჩამონათვალის ნახევარი მაინც გაკეთდებოდა. საზოგადოებამ დღეს საკუთარ თავს უნდა დაუსვას ძალიან კონკრეტული კითხვა: არის თუ არა საზოგადოება, მთლიანად საქართველო დღეს იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო 8 წლის წინათ? და თუ პასუხი დადებითია, მაშინ უნდა მოგვცეთ საშუალება, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები შევქმნათ და თითოეულმა ოჯახმა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს იმით, რაც უკვე ავაშენეთ. ხელისუფლება ისევ ქურდბაცაცებს, კორუმპირებულებს, კრიმინალებს არ უნდა ჩავუგდოთ ხელში. ის ხალხი, ვინ მოდის ნგრევის სიით, მას არ უყვარს საქართველო, ის ხალხი, ვინც თქვენთან მოდის ხმების მოთხოვნით და მოაქვს სია, როგორ უნდა ჩავბარდეთ თურმე ჩვენს მტერს - მას არ უყვარს საქართველო! ჩვენ კი არ უნდა ჩავბარდეთ, ჩვენ უნდა განვვითარდეთ, გავძლიერდეთ, წელში გავიმართოთ და ყველაფერს დავიბრუნებთ და ყველაფერს აღვიდგენთ. ამაში დარწმუნებული ვართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 იმერეთში მიხეილ სააკაშვილი პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად იმყოფებოდა.