[რეზონანსი იაგო ნაცვლიშვილი]
მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, რამდენიმე პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი თბილისელები, რომელთა რაოდენობამაც 1000-ს გადააჭარბა, გუშინ რუსთაველის თეატრის წინ შეიკრიბნენ. თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროფესიის ადამიანებისა, ვინც გუშინ რეჟისორ რობერტ სტურუას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ხალხის რაოდენობამ მცირე ხნით მოძრაობის შეფერხება და რუსთაველის გამზირის ნაწილობრივ გადაკეტვაც გამოიწვია.
აქცია რუსთაველის თეატრის დასის ორგანიზებით გაიმართა, აქციაზე მყოფებმა კიდევ ერთხელ დაგმეს სტურუას გათავისუფლება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. აქციაზე გამოფენილი იყო თეატრალიზებული სანახაობა, სადაც სტურუას სპექტაკლები იყო ჩამოთვლილი, ქვემოთ კი რეჟისორის მანეკენი იდგა თავდახრილ მდგომარეობაში, რომელსაც ცნობილი შავი ფერის მაისური ეცვა წარწერით "მომხსნეს".
ასეთივე მაისურებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე რუსთაველის თეატრის დასის მსახიობები, პრაქტიკულად სრული შემადგენლობით, მაისურის ზურგზე გამოსახული იყო კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სტურუა გაათავისუფლეს. რუსთაველის დასს აქციის მონაწილეები დიდი ოვაციებით შეხვდნენ.
ასევე აქციაზე იყო ტრანსპარანტი: შეცდომაა: "რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი". სწორია: "რობერტ სტურუა არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი".
ასევე იყო ტრანსპარანტი: "ვეთანხმები თეატრის დასის პოზიციას - რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!!!" ამ უკანასკნელზე მოქალაქეები ხელის მოწერით საკუთარ პოზიციას აფიქსირებდნენ. აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობის დროს იმ ადგილებთან, სადაც ეს ტრანსპარანტი იყო განთავსებული, ადამიანების რიგი არ შეწყვეტილა.
საზოგადოებას ინტელიგენციის რამდენიმე წარმომადგენელმა სიტყვით მიმართა. რეზო ამაშუკელმა აღნიშნა: "მე არ ვარ ქსენოფობი, მე მიშაფობი ვარ", რომელსაც მოგვიანებით ლევან ღვინჯილიამ უპასუხა და პოეტს გამოთქმა დაუწუნა. მისი თქმით, ქსენოფობი უცხო ერის ზიზღს ნიშნავს, მიშაფობი კი არ შეესაბამება ამ განსაზღვრებას, რადგან ის ჩვენი პრეზიდენტია. გიორგი შენგელაიამ მოითხოვა: "მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას იმის გასარკვევად მივმართოთ, ჩვენი პრეზიდენტი შერაცხადია თუ შეურაცხადი". აქციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ: რეზო ესაძე, დიმა ჯაიანი, ნანა შონია, ნუკრი ქანთარია, ჯანსულ ჩარკვიანი და სხვები.
"არავის არაფერი დაგეგმილი არ აქვს და ძალიან ბევრი რამე კატეგორიულად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ჩვენ ყველა ვდგავართ ერთ პოზიციაზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რობერტ სტურუა თეატრიდან არ უნდა გავუშვათ.
როდესაც ეს ამბავი მოხდა, სხვა ქვეყნის თეატრებმა ტაციაობა ატეხეს, რომ როგორმე საკუთარ თეატრებში გადაიყვანონ ეს გენიალური რეჟისორი. მაგრამ ამ გენიოსს არავის არ გავატანთ, იმიტომ, რომ ის ჩვენია.
კატეგორიული გადაწყვეტილება არავის არ მიუღია, მათ შორის - არც რობერტ სტურუას, ის უნდა დაბრუნდეს რუსთაველის თეატრში. ამ თეატრში მხოლოდ სტურუას სპექტაკლებია. თუ ეს ადამიანი არ უნდათ, მაშინ სპექტაკლებიც ჩაიშლება, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ დათმობას და სტურუას თეატრში დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას რუსთაველის თეატრის მსახიობმა ია სუხიტაშვილმა.
რუსთაველის თეატრის კიდევ ერთი მსახიობი ბესო ზანგური კი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ თუ სტურუას დასჭირდება, მაშინ ის თეატრსაც დატოვებს და ქვეყანასაც. მისი თქმით, თეატრის ბევრი მსახიობი ამისთვის მზადაა:
"რაც "რეზონანსთან" ცოტა ხნის წინათ ვთქვი, იგივე აზრს ახლაც ვაფიქსირებ, რომ თუ სტურუას დასჭირდება, არათუ თეატრიდან, არამედ ქვეყნიდანაც წავალ.
ახლა ერი გამოცოცხლდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ მას ეს დასჭირდება, აუცილებლად გავაკეთებ და არა მარტო მე, არამედ ბევრი მსახიობი მზად არის, რომ ეს გააკეთოს.
თუ საზოგადოება პროტესტს კვლავაც გამოხატავს და თუ ინტელიგენცია ამ სიბნელეს ყურადღებას მიაქცევს, სტურუა რუსთაველის თეატრში აუცილებლად დაბრუნდება. მას, ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, კარგად აქვს გათვითცნობიერებული თავისი ვალი ქართველი ერის წინაშე და არ არის გამორიცხული, სტურუა დაბრუნდეს".
რეჟისორი ნუკრი ქანთარია რუსთაველის თეატრის ერთსულოვნებას მიესალმება, მისი თქმით, მათ ამ გადაწყვეტილებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია: "რუსთაველი თეატრის დასმა ჩვენდა სასიხარულოდ მისთვის არადამახასიათებელი ერთსულოვნება გამოამჟღავნა, რასაც მივესალმები. თუ დასი გააგრძელებს ასეთ ერთსულოვნებას, მას ნამდვილად შეუძლია ამ ვითარების შეცვლა. სტურუას ფაქტორი შესაძლებელია, რომ საზოგადოებამ სასარგებლოდ გამოიყენოს. ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის შეცვლა საზოგადოების გაერთიანებას ნამდვილად შეუძლია და ამას ვგულისხმობ.
ხალხის ამ რაოდენობას, რა თქმა უნდა, ველოდი, რადგან ისეთი მოვლენა მოხდა, რომ ხალხს უნდა გაეპროტესტებინა და ასეც მოიქცა. საქართველოს ისტორიაში ორად ორი რეჟისორი იყო, ვინც ხელისუფლებამ გაათავისუფლა. ეს იყო სანდრო ახმეტელი, რომელიც ქვეყნიდან წავიდა, მოსკოვში განაგრძო კარიერა და ამის შემდეგ ჩამოიყვანეს და დახვრიტეს.
ზუსტად იგივე სიტუაციაა დღესაც, ახლა დახვრეტები აღარ არის, მაგრამ თუ კარგად ჩავუკვირდებით ამ ორ ისტორიას, შევამჩნევთ, რომ შინაარსი ერთნაირი აქვს. თეატრიდან მსახიობების გაშვების არა-ერთი ფაქტი დაფიქსირებულა, მაგრამ რეჟისორები არ გაუშვიათ", - აცხადებს ნუკრი ქანთარია.
პოეტი ჯანსულ ჩარკვიანი კი თვლის, რომ სტურუა მარტო თავის თავს არ ეკუთვნის და იგი ქართველი ერის საკუთრებაცაა, ამიტომ მიაჩნია, რომ ქართველები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ, რათა სასურველ მიზანს მიაღწიონ, მათ შორის კი სტურუას პირადი მეგობრებიც: "როდესაც ამხელა პიროვნებას ებრძვიან, მაშინ ერი ერთად უნდა დადგეს. თუ ერი არ დადგა, მაშინ არაფერი არ გამოვა. ამიტომ ახლა ნურავის ნუ დავადანაშაულებთ, ვინც გვებრძვის, ის დამნაშავე კი არ არის, არამედ ის მაღალი დონის აფერისტია.
ასეთ ვითარებაში, როდესაც ამ დონის რეჟისორს ათავისუფლებენ, ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს. მით უმეტეს, მისი სამეგობრო, მე ეს თქვენთან საუბრისას ცოტა ხნის წინათაც ვთქვი და ახლაც იგივეს ვიმეორებ, რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ვის ვგულისხმობ, ამაზე არ გიპასუხებთ, კონკრეტული გვარების დასახელება საჭირო არ არის. მისი მეგობრები მრავლად არიან დღევანდელ აქციაზე, მაგრამ კიდევ უფრო მეტნი უნდა იყვნენ.
ხალხიც მეტი უნდა იყოს. ალბათ, ამას მიჩვეულები არ ვართ ან ძალიან შეშინებულები ვართ, მე 80 წლის კაცი ვარ, მაგრამ რა უფლება მაქვს, არ გამოვიდე და ჩემი პროტესტი არ დავაფიქსირო? როდესაც ქვეყანაში ასეთი უბედურება ხდება, ყველანი ვალდებულები ვართ, გავაპროტესტოთ.
რობიკო სტურუა მხოლოდ თავის თავს კი არ ეკუთვნის, არამედ სრულიად საქართველოს, როდესაც მას ებრძვიან, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ებრძვიან.
ჩვენ ლიბიამ არ უნდა გვაჯობოს, ლიბიელი ერი 5 თვის განმავლობაში ფეხზე დგას. ვნახოთ, რა იქნება, ერთი კი ცხადია - სააკაშვილს ინტელიგენცია არ მოსწონს, არ უყვარს, უფრო უარესი - ეზიზღება. ისიც კი არ იციან, რომ ზიზღით ქვეყანა არ შენდება.
პროტესტი მარტო სტურუას გამო კი არ უნდა გაგრძელდეს, არამედ საქართველოს გამო. ჩვენი ქვეყანა დაღუპვის პირასაა. არსებობს ჯოგი და არსებობს მრევლი, სანამ ეს ჯოგი მრევლად არ გადაიქცევა, მანამ ჩვენი საშველი არ იქნება. მე ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ქვეყანა სიკეთისკენ წავა.
რეზო ესაძე, რეჟისორი: "კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება ეს დიდი შეცდომაა, რომელიც თავს მომავალშიც იჩენს.
მე არსად წამსვლელი არ ვარ, მე სადაც შრომა და სიკეთის კეთება შემიძლია, იქ უნდა ვიყო, ეს საქართველოა, ჩემი სამშობლო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სტურუა საქართველოდან არ გავუშვათ, ის თავის სამშობლოში უნდა იყოს და თავისი ნიჭი სამშობლოს უნდა მოახმაროს. რაც შეეხება იმას, გავაგრძელებთ თუ არა პროტესტს, ამაზე ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან სიტუაციის მიხედვით ვიმსჯელებთ. მე ამდენ ხალხს არ ველოდი, ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა", - რეზო ესაძე.