საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაჭაში, სოფელ ხვანჭკარას მოსახლეობას შეხვდა. სააკაშვილმა ხვანჭკარის თემში ჩასვლას, რომელიც რამდენიმე სოფელს აერთიანებს, მისთვის დიდი პატივი უწოდა.
პრეზიდენტმა რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვდრაზე განაცხადა, რომ რაჭაში განსაკუთრებით თბილი ხალხი ცხოვრობს და ამდენად, ის ბევრს ფიქრობს თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს რეგიონი.
„რაჭაში გზას ყველგან ვაკეთებთ, ასევე ყველა სოფელში გავაკეთებთ წყლის კარგ სისტემას, რომ აღნიშნული პრობლემა 21-ე საუკუნეში ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რაჭაში წელს რთველი უფრო ორგანიზებულად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს ეროვნული ღირსების საკითხია.
სააკაშვილის განცხადებითვე, საქართველოს სიყვარული მისი პირადი საკუთრება კი არაა, ყველასია.
„ყველას უნდა გვიყვარდეს საქართველო, მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ მთავრობაში გინდა მოსვლა იმიტომ, რომ როცა ჯერ კიდევ ამდენი ასაშენებელია, რაც აშენებულია, ის უნდა დაანგრიო, შენ არ გიყვარს საქართველო. ასე მოქმედებენ ისინი. ამიტომ ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, მათ დავუპირისპიროთ, ეს ჩვენი თავმოყვარეობა, ღირსება, ერთიანობა და მედგარი სულია“, - განაცხადა სააკაშვილმა.