საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ვიზიტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის კონტექსტი და ტონალობა ემსახურება საქართველოსაგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოჩვენებითი „დამოუკიდებლობის“ არგუმენტის გამყარებას.
From.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 8 აგვისტოს, პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი უკანონოდ შევიდა სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე და ეწვია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. ეს მოქმედება საქართველოს კანონმდებლობისა და კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევით განხორიციელდა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის კონტექსტი და ტონალობა ემსახურება საქართველოსაგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოჩვენებითი „დამოუკიდებლობის“ არგუმენტის გამყარებას. იმდროინდელი პრეზიდენტის, მედვედევის გადაწყვეტილება ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხონვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით წარმოადგენდა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ურცხვი სამხედრო აგრესიის პოლიტიკურად შენიღბვის განწირულ მცდელობას. რუსეთი ფაქტიურად იზოლირებულია ამ გადაწყვეტილებაში. მისმა ძალისხმევამ, მოესყიდა საერთაშორისო თანამეგობრობა დაშინებისა თუ წახალისების გზით მნიშვნელოვანი შედეგები ვერ გამოიღო. შესაბამისად, ბატონი მედვედევის ცხინვალში ვიზიტი რუსეთისავე შიგნით და, გარკვეულწილად, საერთაშორისო არენაზე მისი პრესტიჟის შენარჩუნებას ემსახურება.
კრემლი უნდა აცნობიერებდეს, რომ საერთაშორისო პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია, ხოლო საქართველო ვითარდება და ისეთი მომვალისკენ ისწრაფვის. მომავლისაკენ, სადაც გახლეჩილი საზოგადოების ჭრილობები შეხორცდება და რომელშიც არ იქნება საოკუპაციო ძალების ადგილი“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.