პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, როგორც გაცხადებულ პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირს, საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გატანილი 5.552.135 ლარის დაბრუნება მოსთხოვა.
ბიძინა ივანიშვილს საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების ვადა რამდენიმე წუთის წინ ამოეწურა.
როგორც ადვოკატი შალბვა თადუმაძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, ივანშვილი ამ თანხის უკან დაბრუნებას არ აპირებს.
„რამდენიმე წუთის წინ ამოეწურა ივანიშვილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიცემული ვადა თანხების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა ივანშვილი თანხების უკან დაბრუნებას არ აპირებს. “,-აცხადებს თადუმაძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს საკუთარ ანგარიშებზე თანხის დაბრუნების წინადადებით 7 აგვისტოს მიმართა.
„2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი. ორივე ფიზიკურ პირს მიეცა წინადადება დანიშნულების გარეშე, ნაღდი ფულის სახით გატანილი სოლიდური თანხები დააბრუნონ საკუთარ პირად ანგარიშებზე", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.