საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ნინო ბურჯანაძის პერსპექტივები ნულის ტოლფასია და ამიტომ გადაწყვიტა არჩევნებში კენჭი არ იყაროს.
წიკლაურის თქმით, ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციურ ძალებს გამარჯვების შესაძლებლობა ექნებოდა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა იყო, რაც არ მოხერხდა და ამ მიზეზით არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.
„ბურჯანაძის განცხადებები ასეთია: ხელს არ შეუშლის „ქართულ ოცნებას“ რომ ხმები გაიყოს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი თუ თავად ბურჯანაძეს მხარდამჭერები ეყოლებოდა. თუკი მხარდამჭერები არა ჰყავს და ეს ყველამ იცის, რომ მას მხარდამჭერები არა ჰყავს, შესაბამისად, ხმებიც ვერ გაიყოფა. ჩემი აზრით, ბურჯანაძის ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ მან იცის უპრეცედენტოდ დაბალი შედეგი შეიძლება მიიღოს არჩევნებში, ნულის ტოლია საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი, ასევე ნულის ტოლფასია, რომ ბურჯანაძის რომელიმე წარმომადგენლმა რომელიმე რაიონში წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ნუ იქნება ეს ოქტომბერი, როდესაც ოფიციალურად დაფიქსირდება თუ რა მხარდაჭერა აქვს“, – აღნიშნა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატიული მოძრაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განაცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ გულისხმობს არჩევნების ბოიკოტს და მით უფრო, "დემოკრატიული მოძრაობის" მიერ ბრძოლის შეწყვეტას.