მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ შენებას და ფენიქსივით ფერფლივით აღდგომას

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ შენებას და ფენიქსივით ფერფლივით აღდგომას

„მე რუს ხალხს არ ვერჩი, მაგრამ მათ ხელმძღვანელობასთან არათუ პრეტენზია გვაქვს არამედ, ისინი არიან თავი და თავი, რაც საქართველოსთან მიმართებაში მოხდა და ასევე ის ხალხი, ვინც მათთან ერთად მუშაობს, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და დიახ, სწორედ ერთი კაცის ბრალია ყველაფერი”, - ამის შესახებ, განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა  2008 წლის აგვისტოში მისი ფოთში ჩასვლის დეტალებიც გაიხსენა.

„კარგად მახსოვს, რომ გარშემო რუსეთის საოკუპაციო ჯარი იდგა, მაგრამ იქ ჩასვლა და ხალხის გამხნევება აუცილებელი იყო. გზები დაკეტილი იყო და მალვით ჩავფრინდით ფოთში. დავიწყე გამოსვლა და რუსებმა პირდაპირ ეთერში რომ დამინახეს, რამდენიმე ათეული „ბეტეერით“  ჩემს დასაჭერად გამოემართნენ. ფოთის შესასვლელში მათ მსუბუქად შეიარაღებული ადგილობრივი პოლიციის რაზმი გადაუდგა და უთხრეს, „ჩვენ მაინც გავისვრით და არ გაგატარებთო“. რუსებს თან ახლდა ერთი ქართველი (სხვათაშორის, რამდენიმე ასეული ქართველი იყო მათთან, ისინი ყოველთვის ამზადებენ ხოლმე მე-5 კოლონას, მე-11 არმიის პროტოტიპებს და ბოლო წლებში მოზდოკში ქართველების რაღაც არმიის გაწვრთნა გრძელდება) და ამ ქართველმა ჩვენ პოლიციელებს უთხრა,  ნუ გეშინიათ,  ჩვენ ფოთში შევალთ, მხოლოდ ერთი ადამიანი გვაინტერესებს, არავის არაფერს დავუშავებთო. ამ პოლიციელმა უპასუხა: „ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო“. მე ნამდვილად არ გავკადნიერდები ისე, რომ ჩემი მოკრძალებული პიროვნების იდენტიფიკაცია მოვახდინო საქართველოსთან, მაგრამ საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე. იმაზე, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება ქვეყნის დამონების სიმბოლოა და ახლაც ასე რჩება. ისინი თავს გამარჯვებულად ვერ ჩათვლიან, სანამ საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს. სამცხე-ჯავახეთის შემოსასვლელში ახალქალაქის სპეცრაზმის მეთაური გეორგ საგოიანი დახვდა რუსებს, რომლებმაც უთხრეს, „ჯავახეთის გასათავისუფლებლად მოვდივართო“. მან მკვახედ მიუგო: „მე როგორც ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მკვიდრი, გეუბნებით, რომ ჯავახეთი არის საქართველო და ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთვის“. ამიტომ, ის, ვინც დღეს რუსების მიერ ჩამოყვანილი ქართველის ენით გველაპარაკება, რომ პრობლემა მარტო ერთი კაცია, ერთ-ორ რეგიონს აგაწაპნით და ა.შ. - იმას ქართველი ხალხის არსი არ ესმის“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნშნა, რომ ყველა ლიდერი გამოიცვლება, მაგრამ საქართველოს ვერავინ დააკნინებს „იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფლებას და აღმშენებლობას გავუგეთ გემო“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ადგილობრივ დამქაშებს ყველაზე მეტად სწორედ, იუსტიციის სახლები აღიზიანებთ, სწორედ იმის გამო, რომ ვერასდროს ამ გამჭვირვალე შენობაში ისინი ქრთამების აღებას ვეღარ შეძლებენ.

„სხვა ფსიქოლოგია შეიქმნა. აი, რატომ აღიზიანებთ პრორუსულ ელემენტებს ეს სახლები, ახალი პარლამენტი, ყბადაღებული შუშის ხიდი - იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ახალი საქართველოს სიმბოლოებია. განსხვავებით მათაგან, ვისაც თვალები და ყურები არ აქვს და იძახის, რომ „გაურკვეველია, თუ ვინ დაიწყო ომი და ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს“, ქართველი ერი მშვენივრად ხედავს, რა არის მათი მომავალი. რატომ გვიჭერენ მხარს ევროპელები, ამერიკელები, იაპონელები?! იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენ თვითონ გვინდა ჩვენი თავისუფლება, კრემლი კი ცდილობს, რომ საქართველოს შიგნით მოაძლიეროს ის ხალხი, რომლებიც ორაზროვნად ლაპარაკობს თავის თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ „ომში დამნაშავე საქართველოა“. ეს ყველაფერი კომპლექსია. ჩვენ გავაგრძელებთ შენებას და ფენიქსივით ფერფლივით აღდგომას და საქართველოს გავამთლიანებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.