მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიაზე აღმშენებლობაა

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიაზე აღმშენებლობაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ახალციხეში იუსტიციის სახლი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

ქვეყნის პირველი პირი 2008 წლის აგვისტოს ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას და დემოკრატიული გზით სვლას.

სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო პირდაპირი პასუხი იმ აღმშენებლობაზე, რომელიც საქართველომ დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ.

„ეს დღეები, ჩვენ ვიგონებთ დაცემულ გმირებს, დაღუპულ მშვიდობიან ხალხს, ვიხსენებთ, რაც გვახოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ეს აგრესია, რომელიც გუშინ აღიარა მისმა ავტორმა, როგორც დიდი ხნით ადრე ჩაფიქრებული, დაგეგმილი და განხორციელებული, იყო პირდაპირი პასუხი იმ აღმშენებლობაზე,  რომელიც საქართველომ დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. აღმშენებლობაზე პასუხი იყო ეს აგრესია და ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე არის აღმშენებლობა და ახალციხე ამის მშვენიერი სიმბოლოა“, - განაცხადა  სააკაშვილმა.

ახალციხის იუსტიციის სახლში ფუნქციონირებს საოლქო პროკურატურა, რაიონული პროკურატურა, საჯარო რეესტრი,  სამოქალაქო რეესტრი, აღსრულების ბიურო, ენერგეტიკის სამინისტროს ტყისა და ველური ბუნების მართვის სააგენტო. იუსტიციის ახალ სახლში, დაახლოებით, 85 ადამიანია დასაქმებული.