მანანა კობახიძე: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების გზები გააზრებული გვაქვს

მანანა კობახიძე: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების გზები გააზრებული გვაქვს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ for.ge -ის პრესკლუბში სტუმრობისას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთმა,   საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი ჯარი, რომ შემოიყვანა ამაზე არავინ დაობს, თუმცა აღნიშნა, რომ  2008 წლის აგვისტო სწორი, გონივრული პოლიტიკის არ არსებობის პრობლემაა.

„ერთია, როდესაც შენთან დაპირისპირებული ქვეყნის პროვოკაციას წამოეგები, ჩაებმები საბრძოლო მოქმედებებში, რომელსაც  ქვეყანა  ასობით განადგურებულ სახლამდე,  დაღუპულ ადამიანებამდე  მიჰყავს, ეს  გონივრული პოლიტიკის არ არსებობის პრობლემაა და მეორეა ის,  რომ პრაქტიკულად,  2006 წლიდან  რუსეთ-საქართველოს შორის, ყველა მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა,  ჩაიშალა და დიპლომატიური მოლაპარაკებების გზა საქართველომ აღარ გააგრძელა. ეს ნიშნავს,  რომ  2008 წლის აგვისტო ნამდვილად მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ის რაც ქვეყანამ  2008 წელის აგვისტოში ნახა აღარ უნდა განმეორდეს, აუცილებელია  ტერიტორიული მთლიანობა აღსდგეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის რესურსი ამჟამინდელ ხელისუფლებას არ გააჩნია.

„ჩვენი მიზანია მოვიდეთ ოქტომბერში გამარჯვებით და  ის ტერიტორიები დავიბრუნოთ, რომლებიც  ამ წლების განმავლობაში დავკარგეთ. „ქართული ოცნებისთვის“  საქართველოს ნომერ პირველი  პრობლემა ესაა  და ჩვენ ამ პრობლემის მოგვარების გზები გააზრებული გვაქვს. ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი იარაღის ჟღარუნის გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  განაცხადა რუსეთს ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, სპეციალური გეგმა უკვე შემუშავებული ჰქონდა.

„ეს საიდუმლო არ არის, გეგმა არსებობდა და მის ფარგლებში ვმოქმედებდით. იგი გენერალური შტაბის მიერ 2006 წლის ბოლოს, 2007 წლის დასაწყისში იქნა შემუშავებული და ჩემთან შეთანხმებული. ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ სამხრეთ ოსეთში გარკვეულ დაჯგუფებებს ვამზადებდით“, - განაცხადა პუტინმა.