ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ქეთი ქაშაკაშვილმა აგვისტოს ომის თემაზე ჩართვის დროს დაშვებული შეცდომის გამო სამსახური დატოვა.
როგორც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მათე კირვალიძე აცხადებს,ქაშაკაშვილი თვითნებურად პირდაპირ ეთერში დაშვებულ შეცდომას ძალიან წუხს და მან საკუთარი გადაწყვეტილებით „ქრონიკა“ დატოვა.
„რაც მოხდა ჟურნალისტის მიერ პირდაპირ ეთერში, ჩართვისას დაშვებული შეცდომაა და არა - საინფორმაციო სამსახურის და ტელევიზიის პოზიცია. შემთხვევა მკვეთრად განსხვავდება იმ ფაქტისგან, როდესაც მსგავსი შინაარსის ტექსტი სხვა ტელევიზიაში წამყვანმა პირდაპირ ეთერში, სტუდიიდან წაიკითხა“, - განაცხადა კირვალიძემ.
ცნობისთვის, ქეთი ქაშაკაშვილმა 7 აგვისტოს, 11:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთებულ ჩართვაში განაცხადა, რომ „რუსეთი საომარ მოქმედებებში 8 აგვისტოს ჩაერთო და მან თავისი საჯარისო ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ოსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად შეიყვანა“.