ტელეკომპანია „მაესტროს“ საჩივარი, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში „სილქნეტის“ წინააღმდეგ შევიდა არ დაკმაყოფილდა. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „მაესტრომ“ „სილქნეტს“ ის აპარატურა უნდა მიაწოდოს, რომელიც მარეგულირებლის განცხადებით, ოპერატორს არხის რეტრანსირებისთვის სჭირდება.
„მაესტროს“ გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის განცხადებით, „მაესტროს“ კანონი სიგნალის მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო აპარატურის შეძენას არ ავალდებულებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპის დასრულების შემდეგ, „სილქ თივის“ „მაესტროსთან“ თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდება „მაესტრო“ მზადაა საჭირო აპარატურა შეიძინოს.
კიკაბიძის თქმით, მოცემულ მდგომარეობაში „სილქ თვ“ კანონს უნდა დაემორჩილოს და აბონენტებამდე სიგნალის მისაწოდებლად საჭირო აპარატურა თავად უნდა შეიძინოს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტის, კახი ყურაშვილის განცხადებით, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ სიგნალის ტექნიკურად მიტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში, უზრუნველყოფს თუ ეს მის ბიზნეს ინტერესშია.
„ასე განაცხადა მათმა ხელმძღვანელმა. შესაბამისად, როგორც ჩანს, „მაესტროს“ ბიზნეს ინტერესში არ შედის 65 000 აბონენტმა ამ ტელეკომპანიის სიგნალი მიღოს. რაც ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო. კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება „მაესტროს“ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შესახებ“, - განაცხადა ყურაშვილმა.
ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის განცხადებით, მას ყურაშვილის კომპეტენციაში ეჭვი უკვე ეპარება.
„ამ სხდომის შემდეგ, თუ სხვა აზრი ვერ გამოიტანა ყურაშვილმა, არა მხოლოდ იურიდიულ კომპეტენციაში არამედ, მის ადექვატურობაში ეჭვი მეპარება. „მასთ ქერის“ პრინციპი კომერციულ ინტერესებს არ ითვალისწინებს, მაგრამ თუ „მასთ ქერის“ პრინციპის დასრულების შემდეგ იმ შემთხვევაში, „სილქ თივის“ ჩვენთან თანამშრომლობის კომერციული ინტერესები თუ გაუჩნდება, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია ამა თუ იმ დეტალების შესყიდვაზე საუბარი. ახლა დაემორჩილოს „სილქ თივი“ კანონს და თვითონ შეისყიდოს. ჩვენ კომერციული ურთიერთობა ახლა მასთან არ გაგვაჩნია“,- განაცხადა კიკაბიძემ.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, 48 საათის განმავლობაში, სარჩელს მოამზადებენ და სასამართლოში შეიტანენ.
„სამწუხაროდ, სამი ორის წინაააღმდეგ გაიყო და „მაესტროს“ „სილქნეტის“ გაფრთხილებაზე უარი ეთქვა. ჩვენ სარჩელს 48 საათის განმავლობაში „სინქნეტის“ წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელს შევიტანთ, რათა სიმართლე დავამტკიცოთ“,- განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მაესტრომ“ „სილქნეტს“ 7 აგვისტოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში იმის გამო უჩივლა, რომ კომპანიამ „მასთ ქერის“ ამოქმედების შემდეგ, „მაესტრო“ „სილქთ თივის“ სამაუწყებლო პაკეტში არ ჩართო.