ალექსანდრე ანქვაბს "არჩევნებში" გამარჯვება მხოლოდ 4 დღის შემდეგ მიულოცა ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა.
კოკოითი სეპარატისტ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ აფხაზეთთან თანამშრომლობას ისევე გააგრძლებს, როგორც ეს სერგეი ბაგაფშის დროს ხდებოდა. კოკოითის თქმით, ანქვაბზე არჩევანი თავად აფხაზმა ხალხმა შეაჩერა, ცხინვალი კი პატივს სცემს ხალხის გადაწყვეტილებას.
დემოკრატიული ქვეყნები და საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების პოლიტიკას აგრძელებენ. ევროკავშირისა და ნატო-ს შემდეგ სპეციალური განცხადება უკვე ევროპარლამენტმა გააკეთა. ევროპარლამენტის თავმჯდომარე იეჟი ბუზეკი აცხადებს, რომ ჩატარებული არჩევნები აფხაზეთის რეგიონის მიმართ ევროპარლამენტის დამოკიდებულებას არ ცვლის.
"აფხაზეთი საქართველოს ავტონომიური რეგიონია და ევროპარლამენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს," - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არც ამერიკის შეერთებული შტატები ცნობს.
"აშშ არ ცნობს იმ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობასა და შედეგებს, რომელიც 26 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში ჩატარდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს აღებული ვალდებულება 2008 წელს გაფორმებული დოკუმენტის ფარგლებში, მათ შორის გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებზე," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა ვიქტორ ნულანდიმ.
საერთაშორისო თანამეგობრობის შეხედულებები უმნიშვნელო აღმოჩნდა ოკუპირებული რეგიონის ლიდერისთვის. ალექსანდრე ანქვაბმა ევროკავშირის პოზიციის შესახებ განაცხადა, რომ ამ კუთხით ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს. "ეს მათი პრობლემაა," - აღნიშნავს აფხაზი სეპარატისტების ლიდერი "გაზეტა.რუ"-სთან საუბარში. პარალელურად, ანქვაბმა საკუთარი პოლიტიკური გეგმები რუსულ გამოცემას უკვე გაუმხილა - ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი თავის პირველ ვიზიტს მოსკოვში გამართავს.
"გაზეტა.რუ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანქვაბი შენიშნავს, რომ ინაუგურაციის შემდეგ პირველ "ბრძანებას" ე.წ. პრემიერ-მინისტრს ახალი "მთავრობის" ფორმირების შესახებ მისცემს, თუმცა "პრემიერის" პოსტზე სერგეი შამბა დარჩება თუ არა, ანქვაბი კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩავა თუ არა იგი მოსკოვში, სეპარატისთა ახალი ლიდერი პასუხობს: "რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს არის ის, რომ ჩემი პირველი ვიზიტი მოსკოვში შედგება". ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი იმასაც დასძენს, რომ მოსკოვსა და სოხუმს ერთმანეთთან არც ერთ საკითხზე შეთანხმების პრობლემა არა აქვთ. ის კი, რაც მედიაში იწერება, სინამდვილეს არ შეესაბამება, მათ შორის არც სადავო სოფელ აიბგას საკითხი.
ანქვაბის პოლიტიკურ გეგმებში არ შედის საქართველოსთან რაიმე საკითხზე მოლაპარაკება. როგორც ალექსანდრე ანქვაბის შტაბის ხელმძღვანელმა ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, მოსწონს თუ არა ვინმეს ასეთი რეალობა, დღეს საქართველოს სახელმწიფო აფხაზეთის მტერია. "ეს ასეა იურიდიულადაც. შესაძლოა, თქვენ თქვათ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აფხაზეთის მტერია. ჩვენ თავს მივიჩნევთ არა ოკუპირებულ ტერიტორიად, არამედ სახელმწიფოდ, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. აი, ეს არის უდიდესი განსხვავება," - განაცხადა ლაკერბაიამ. შესაბამისად, მისთვის უჩვეულოა, რომ სოხუმმა მოლაპარაკების ინიციატივა გამოიჩინოს.