[რეზონანსი ნინო ნაცვალაძე]
"შემოვახვიოთ ცოცხალი ჯაჭვი და ერთად მოვგუდოთ ასფიქსიაში მყოფი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება!", "საქართველოში განსხვავებულად აზროვნება დღეს კრიმინალია!", "მშიშარასტების ლოზუნგია: ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება ძალაა", "თქვენ თუ მომხრე ხართ ამ აქციის მაშინ ჩადექით ჯაჭვში და ბოლოჯერ გავიბრძოლოთ ჩვენი სიმართლისთვის - ყოველგვარი კინწურაშვილის, ბურჯანაძის, ოქრუაშვილის და მსგავსი ნაძირლების გარეშე - ვთქვათ ჩვენი სიტყვა" - ასეთი მოწოდებები სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაჩნდა. უფრო სწორად კი "ფეისბუქში" შექმნილ გვერდზე, სახელწოდებით "ცოცხალი ჯაჭვი "ვარდების რევოლუციის" წინააღმდეგ - 2011 წლის 23 ნოემბერს".
იდეის ავტორთა აზრით, "ვარდების რევოლუციის" მე-8 წლისთავზე საპროტესტო ჯაჭვი აშშ-ის საელჩოდან მინიმუმ პრეზიდენტის სასახლემდე უნდა გაიჭიმოს. როგორც ორგანიზატორები "ფეისბუქზე" წერენ, რადიკალურ ზომებს არ მიმართავენ: "გზების გასწვრივ, ტროტუარის კიდეებზე, თავიანთი სახლების წინ ჩამოსული ხელიხელჩაკიდებული ქართველი ერი დაანახებს ხელისუფლებას, რომ ის მას აღარ ეკუთვნის!"
გვერდს უკვე 200-მდე მხარდამჭერი ჰყავს და 23 ნოემბრამდჟე ეს რაოდენობა ალბათ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
"დღეს ჭამენ ერთეულები; სიამოვნებას იღებენ ერთეულები; ჩვენ არ ვართ მათი მონები; ჩვენ არ უნდა მოვუთმინოთ ამდენი, რადგან ჩვენც გვყავს შვილები; მე არ ვარ მანქანა, რომელიც ფულს უნდა უხდიდეს მონოპოლისტებს, "დარმაედებს" და მუქთახორებს. ჯაჭვში უნდა იდგეს ყველანაირი ადამიანი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები. ჩვენ არცერთი არ ვითხოვთ სკამებს, ჩვენ ვითხოვთ ცხოვრებას, დემოკრატიას, 21-ე საუკუნეში განთავისუფლებას ტირანიისგან!
"ვისაც არ მოგწონთ ხალხის სოციალური ტერორი, გამოდით 23 ნოემბერს. ვისაც არ მოგწონთ ელიტარული ჩინოვნიკების მიერ ქვეყნის ძარცვა მრავალმილიონიანი ტენდერებით, ვისაც არ მოგწონთ ფულის გასათეთრებლად მილიარდების ხარჯვა სამხედრო მიზნებით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან, ხელოვნური ფასების მატებები სასიცოცხლო პროდუქტებზე, ნავთობზე, ენერგომატარებლებზე, ხალხის მასობრივი დატერორება და მათთვის ერთადერთი საარსებო წყაროს წართმევა - როგორც ეს მათ "მარშრუტკის" მძღოლებს, გარემოვაჭრეებს და სხვებს გაუკეთეს; ვისაც არ მოგწონთ ქვეყანაში "ფასადური" დემოკრატია; ვისაც არ მოგწონთ ელექტროენერგიის დახარჯვაზე დასუფთავების გადასახადის მიბმა; წყალზე უგულავა გველეშაპის დაჯდომა, რომელიც ბიზნესებს კუბურ მეტრში 4.80-ს ახდევინებს და მალე მოსახლეობასაც მიდგებიან; ვისაც არ მოგწონთ ახალ-ახალი გამრიცხველიანების სისტემები გამიზნული ხალხისათვის საარსებო საშუალებების წასართმევად; ვისაც არ მოგწონთ ერის რეკეტი; ვისაც არ მოგწონთ გარყვნილების და სოდომიზმის პროპაგანდა ქვეყანაში, განათლების სისტემის სრული დეგრადაცია; ვისაც არ მოგწონთ რობერტ სტურუას განთავისუფლება და თავისუფალი აზრის დევნა; ვისაც რამე არ მოგწონთ - გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პროტესტი!" - ამ პათოსით იდეის ავტორები საზოგადოებას 23 ნოემბერს ცოცხალ ჯაჭვში ჩადგომისკენ მოუწოდებენ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ამჟამად არ არის ისეთი მუხტი, რომელიც ხალხს ქუჩაში გაიყვანს:
"ვერ ვხედავ საზოგადოებრივ მუხტს. მოსახლეობას დღეს სულ სხვა პრობლემები აწუხებს და სულ სხვა გამოსავალს ეძებს. თუ მხედველობაში არ მივიღებთ აქუბარდიას ეთერში ზარებს, მოსახლეობას სულ სხვა პრობლემა აწუხებს. ყველა ცდილობს პრობლემები სხვა მეთოდებით გადაჭრას, ვიდრე აქციები და მიტინგებია.
"ძალიან ბევრჯერ არ გაუმართლდა მოლოდინი საზოგადოებას აქციების ინიციატორებისგან. მომავალი თაობის ისტორიკოსები, როდესაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული გააანალიზებენ სიტუაციას, დაასკვნიან, რომ აქციათა ინიციატორები ბოროტად იყენებდნენ ხალხის უკმაყოფილებას და მზადყოფნას გამოსულიყო ქუჩაში. ეს საკმაოდ სათუთი მატერიაა.
"არც ერთი აქცია სათანადოდ არ იყო მომზადებული გარდა სააკაშვილის აქციისა, რამაც შევარდნაძის გადადგომა გამოიწვია. მაშინ სააკაშვილმა მასტერკლასი ჩაატარა. ნაკლებად დასაჯერებელია ქილიკი, რომ ეს სპექტაკლი იყო და შევარდნაძე თავისით წავიდა. გავიხსენოთ რა მეთოდურად მიმდინარეობდა მუშაობა - "რუსთავი 2", "დარდუბალა"... როგორც ჩანს, სერიოზული დასკვნების გაკეთებას გადაეჩვია საზოგადოება.
"იდეის თქმაზე ადვილი არაფერი არ არის. ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალზედ დიდი მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი. დღეს კი არავინ არაფრისთვის ემზადება. ტელევიზიიდან და სოციალური ქსელიდან მოწოდება არაფერს არ შველის.
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეგვიპტის ამბები იმიტომ დაიწყო, რომ 23 წლის ბიჭმა "ფეისბუქში" რაღაც დაკიდა, ის კლინიკური შემთხვევაა. აბსურდია, რომ 23 წლის ბიჭმა დაიწყო რევოლიუცია და ამის შემდეგ მუბარაკი გადააგდეს. ვინ იმუშავა მუბარაკის გადაგდებაზე? და რატომ ხდება ის, რომ ის ახალგაზრდა დღეს ციხეშია? და მათ წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო? ამას ანალიზი სჭირდება, რომელიც, სამწუხაროდ, არ ხდება", - აცხადებს ცინცაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი ვარაუდობს, რომ 23 ნოემბერს ხალხის მასობრივად გარეთ გამოსვლა ხელისუფლებამ თავისი პიარისთვის გამოიყენოს:
"ხელისუფლებას უზარმაზარი რესურსი გააჩნია ინფორმაციული ხელოვნებისა. 26 მაისის ღამის 12 საათისთვის საზღვარგარეთ ყველა საელჩოს ედო ფოტოები და დოკუმენტური მასალა, თუ რა ხდებოდა ჩვენი ქვეყნის წიაღში. ამას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. შესაბამისად, თუ შეიქმნება ასეთი ფოტო და ვიდეო მასალისთვის საკმაოდ საინტერესო კადრები, ინტერპრეტაციას მიიღებს ისეთს, როგორსაც სააკაშვილი მოინდომებს.
"თავისთავად, პროტესტის გამოხატვის ფორმებს ადეკვატური მოძიება სჭირდება. მეეჭვება, რომ დიღომიდან ავლაბრის რეზიდენციამდე ადამიანთა ჯაჭვი გაკეთდეს. თუ ამდენი რგოლია ჯაჭვში, იქნებ უფრო კომპაქტურად მოიყარონ თავი და იქ გამოხატონ საკუთარი პროტესტი. თორემ, ასეთი პროტესტის გარეგანი ფორმებით შემოფარგვლა შეიძლება ვინმესთვის კარგი საყურებელი იყოს, მაგრამ მის ორგანიზებას ბევრად დიდი დრო და ენერგია სჭირდება. შესაბამისად, საფრთხეც უფრო მეტია, რომ ჩანაფიქრი ვერ შესრულდეს.
"ვეჭვობ, რომ შესაძლოა ავლაბრის რეზიდენციიდან ამერიკის საელჩომდე ხელჩაკიდებულთა ჯაჭვი გაწყდეს იმ პირობებში, რომ საჯარო პროტესტის გამოხატვის სურვილი მოსახლეობის მხრიდან მაინცდამაინც მკაფიო არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის მხრიდან პროტესტი არ არსებობს, პირიქით. მაგრამ ყველაფერი იზომება იმის მიხედვით, თუ ვინ არის ამ "წვეულების თამადა". ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ადამიანთა რომელი ჯგუფი ჩაუდგება სათავეში ამ წამოწყებას. ამ პროტესტს წინ უნდა ახლდეს მკაფიოდ გააზრებული ტექსტი იმისა, თუ რატომ იწვევს ორგანიზატორთა ჯგუფი მოსახლეობას პროტესტის გამოსახატად.
"ამერიკის საელჩო, როგორც სამიზნე, ჩემი აზრით, არც ისე სწორი მისამართია. ხალხში პოპულარული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამერიკამ დაგვისვა სააკაშვილი, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. სააკაშვილს თავად მივეცი ხმა. ეს ხელისუფლება 2003 წელს ჩვენი არჩეულია. 23 ნოემბერი ამას ქადაგებს. 5 იანვარი კი სულ სხვა თარიღია. ეს არის მეტი არგუმენტი, თუ რატომ უნდა მივიდეს მოქალაქე საპროტესტოდ ამერიკის საელჩოსთან", - აცხადებს ცისკარიშვილი.