გორელი „მემარჯვენეები“ კონფლიქტის ზონაში არსებული საწარმოების ხელშეწყობას ითხოვენ

გორელი „მემარჯვენეები“ კონფლიქტის ზონაში არსებული საწარმოების ხელშეწყობას ითხოვენ

 „საქართველოს სოფლების უმრავლესობა მოკლებულია ისეთ ფუფუნებას, როგორიცაა სოფელში მცირე საწარმოს არსებობა. დღეს სანთლით საძებარია სოფელში მცირე საწარმო და თუ სადმე რამე არსებობს, საერთოდ არა არის ხელშეწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ამის მაგალითია კარალეთში მოქმედი მცირე მეფრინველეობის ფაბრიკა, რომლის მეპატრონეს პენსიონერ შოთა ადუაშვილს პენსიაც კი დაუყადაღეს იმის გამო, რომ მიწის გადასახადი ვერ გადაიხადა“, - განაცხადა  ბორცვაძემ.

მონოპოლიური ბიზნესი ამ სფეროსთვისაც დაუძლეველ პრობლემად გადაიქცა. ქართული ბაზარი გაჯერებულია უცხოეთიდან შემოტანილი გაყინული ქათმის ხორცით და ამ პირობებში ადგილობრივი ქართული წარმოების პროდუქტი, ბუნებრივია, კონკურენციას ვეღარ უწევს იმპორტირებულ პროდუქციას.

„იყო დრო როცა საქართველოში თითქმის ყველა სოფელში იყო მცირე თუ საშუალო სიდიდის საწარმო, ხალხი დასაქმებული იყო და ოჯახებს შემოსავალი ჰქონდა. დღეს ამ მხრივ მძიმე რეალობა გვაქვს და მხოლოდ ტელევიზიით ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი საქმეს არ შველის“, - აცხადებს სოსო ბორცვაძე და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ იმ მცირე საწარმოების მიმართ მაინც დააწესოს გარკვეული შეღავათები, რომლებიც კონფლიქტის ზონის სოფლებშია განთავსებული და იქაური მოსახლეობის ადგილზე შენარჩუნებისა და დამაგრებისათვის სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელია.