[რეზონანსი ეკა ბასილაია]
თურქეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დააბრუნოს ყველა ქონება თუ შენობა-ნაგებობა, რომელიც ადრე თურქეთმა სხვა რელიგიის მიმდევრებს ჩამოართვა. ამის შესახებ ბრძანებას თურქეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 27 აგვისტოს მოაწერა ხელი. "ნიუ იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ბერძნების, სომხებისა და ებრაელებისათვის ჩამორთმეულ საკუთრებაზე. განცხადებაში ქართველების შესახებ რაიმეს გააცემაზე საუბარი არ არის.
ერდოღანის ეს გადაწყვეტილება იმ უძრავ ქონებას ეხება, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ 1936 წელს სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. მათ შორის იყო ქრისტიანული ეკლესიები, სინაგოგები, სხვადასხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადეგენელთა კუთვნილი სკოლები და საავადმყოფოები. არის თუ არა მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრები, ჯერჯერობით გაურკვეველია.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში სომხური, ბერძნული და ებრაული ეკლესიები ოფიციალურად არსებობს, ქართული მართლმადიდებელი უმცირესობა კი დარეგისტრირებული არ არის. იქ მცხოვრები ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია და საინტერესოა, რა სახით არის დარეგისტრირებული ქართული ძეგლები თურქეთში და შეეხება თუ არა "ქონების დაბრუნების ბრძანება" ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ისინი ერდოღანის ამ განცხადებაზე ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ მხოლოდ იმას, რაც პრესით გავრცელდა. არც საგარეო უწყებაში და არც მათ სამინისტროში რამე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ შეიძლება ეს ახალი ბრძანებულება ქართულ ძეგლებზეც გავრცელდეს და საქართველოზე რამე ქონება შეიძლება იყოს გადასაცემი, არ მოსულა და კომენტარს ვერ გააკეთებენ.
"რადგანაც ეს ინფორმაცია არა რაიმე დოკუმენტის სახით, არამედ სტატიის სახითაა ცნობილი, ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა დოკუმენტი მიიღეს. ამიტომაც ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში ძეგლთა დაცვის სააგენტოს იურიდიული განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ანთიძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება ქართული ეკლესია-მონასტრების რეგისტრაციას, თურქეთში ყველა ქართული ტაძარი ქართულ ძეგლებად არის აღნუსხული და აღიარებული.
"თურქეთის მთავრობა რელიგიური უმცირესობებისთვის წართმეულ ქონებას დააბრუნებს. დაბრუნდება საკუთრება, რომელიც ბერძნებს, სომხებსა და ებრაელებს 1936 წლიდან წაერთვა", - აღნიშნულია ამერიკული გამოცემა "ნიუ იორკ ტაიმსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმ შემთხვევაში კი, თუ ქონება გაყიდული აღმოჩნდება, თურქეთის მთავრობა კონპენსაციის გადახდის ვალდებულებას იღებს. საკუთრების სიაში, რომელიც ქრისტიანულ და ებრაულ ორგანიზაციებს დაუბრუნდება, ყოფილი ტაძრები, საავადმყოფოები, სკოლები და სასაფლაოები მოხვდნენ.
პრემიერმა ერდოღანმა განცხადება სტამბულში კვირას, რამადანთან დაკავშირებულ სადილზე გააკეთა, სადაც 150-ზე მეტი ქრისტიანი და ებრაელი იყო შეკრებილი.
ქონების დაბრუნებაზე მთავრობის დადგენილება თურქეთის პარლამენტში შაბათს განიხილეს. თუმცა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპარლამენტო ოპოზიცია გამოდის.
რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკუთრების ნაწილობრივი კონფისკაცია თურქეთში 1936 წელს დაიწყო. 1974 წელს ამ ორგანიზაციებს ახალი საკუთრების შეძენა აეკრძალათ.
ეს გადაწყვეტილება ერდოღანის მთავრობამ ევროკავშირისა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ზეწოლის შემდეგ მიიღო. ევროკავშირში თურქეთის შესვლის შესახებ მოლაპარაკებები 2005 წლიდან მიმდინარეობს.
რელიგიური უმცირესობები თურქეთში მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს წარმოადგენენ. თურქეთის 74 მილიონ მოქალაქეს შორის 120 ათასი ყველა კონფესიის ქრისტიანია და 25 ათასი ებრაელი.
როგორც დიასპორის სამინისტროში აცხადებენ, თურქეთში არსებულ ქრისტიანთა შორის ქართული მართლმადიდებელი რელიგიური ჯგუფი, როგორც ასეთი, არ არსებობს და ოფიციალურად რაიმე ორგანიზაციის სახით დარეგისტრირებული არ არის.
"თურქეთში ქართული მართლმადიდებელი რელიგიური უმცირესობა, როგორც ვიცი, არ არსებობს. ცალკეული პირები შეიძლება იყვნენ მართლმადიდებლები, მაგრამ როგორც მართლმადიდებელი მრევლი არ არსებობს, ორგანიზაციის სახე არ აქვს. იქ მცხოვრები ქართველების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია და თანაც ღრმად მორწმუნე", - ამბობს ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობისათვის ძეგლების კუთვნილების საკითხს, ჩვენთან არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სია და იქ ამა თუ იმ ძეგლის რომელიმე რელიგიური კონფესიისათვის კუთვნილების საკითხი არ წერია.
ნიკოლოზ ანთიძე: "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში არის ძეგლის ჩამონათვალი და აგების თარიღი. შეიძლება თურქეთშიც მსგავსი აღრიცხვა აქვთ. არც იმაზე მაქვს ინფორმაცია, 1936 წლიდან რაიმე ქონება რომ ჩამორთმეოდა ქართულ რელიგიურ უმცირესობას. საერთაშორისო ნორმებით, როცა ერთი სახელმწიფო რაღაც კონკრეტულ ტერიტორიას ფლობს, იმ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქონება მისი კუთვნილებაა.
"რუსეთსა და თურქეთს შორის გარიგება უფრო ადრე მოხდა და როცა ტაო-კლარჯეთის ტერიტორია თურქეთის კუთვნილებაში გადავიდა, იქ არსებული ყველა ძეგლი მათი კუთვნილება გახდა. ჩვენი ძეგლების რაიმე დოკუმენტით ჩამორთმევა არ მომხდარა.
"თურქეთში, ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები ისტორიულ ძეგლებად არის მითითებული. როცა თურქეთთან რამოდენიმე ტაძარზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ეს ძეგლები მათ ქართულ ძეგლებად აღიარეს. ჩემი პირადი აზრია, რომ ერდოღანის ეს განცხადება არ ეხება იმ ძეგლებს, რომელიც ქართულია და ჩვენი ინტერესის სფეროა, არამედ ყქ|||-ყ|ყ საუკუნის ძეგლებს, რომლებიც სომხეთის გენოციდთან არის დაკავშირებული. თანაც თურქეთში ქართული მართლმადიდებელი ორგანიზაცია არ არსებობს და ამ სტატუსით ვერც მოხდება ქართველებისათვის რაიმეს გადაცემა".