[ეთერ თურაძე, ”გაზეთი ბათუმელები"]
ბათუმელი ლელა აბესაძე, რომელიც აცხადებს, რომ ლევან ვარშალომიძის დაცვის სამსახურის უფროსმა სცემა, პოლიციამ უკვე დაკითხა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მეზობელი, ლელა აბესაძე “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, რომ ვარშალომიძის დაცვის სამსახურის უფროსმა ვახტანგ კაზაზიშვილმა ის 21 აგვისტოს საკუთარ კაბინეტში სცემა.
”ყვიროდა და მეუბნებოდა, რომ შეურაცხვყოფდი, თან, ჩემკენ მოიწევდა, მე შემეშინდა და ფანჯრისკენ წავედი. ის მუხლებს მირტყამდა გამეტებით, ბარძაყებზე. მძღოლმა შემოიხედა. მას უთხრა, ეს ახლა ტყეში უნდა გაიყვანო და ხეზე დააბაო. ამ სიტყვების გაგონებაზე თავზარი დამეცა”, - ამბობს ლელა აბესაძე.
მისივე მონათხრობის მიხედვით, ის ბოლო პერიოდში ხშირად ახსენებდა ვახტანგ კაზაზიშვილს დადებული პირობის შესრულებას.
”მე არ ვაშანტაჟებ ვარშალომიძეებს და არც გამომძალველი ვარ. ვითხოვ, ჩემსავე უბანში ოროთახიანი ბინა მიყიდონ”, - ამბობს ვარშალომიძეების ყოფილი მეზობელი.
- ”რამდენჯერმე სამსახურში მივაკითხე და წერილები დავუტოვე დაცვას. ბოლოს, 20 აგვისტოს, 11 საათზე ვიყავი. მითხრეს, რომ კაზაზიშვილი არ იყო ადგილზე. იქიდან სახლში მივაკითხე, კარი მეუღლემ გამიღო. დავუბარე, რომ ვეძებდი. საღამოს ვარშალომიძეების სახლთან შევხვდი შემთხვევით. არც მომისმინა ბოლომდე, ისე წავიდა”.
ლელა აბესაძე ამბობს, რომ 20 აგვისტოს კაზაზიშვილისთვის განსაკუთრებული აგრესიულობა არ შეუმჩნევია, ”სამაგიეროდ, ძალიან აგრესიული იყო მეორე დღეს. 21 აგვისტოს, სამი საათისთვის, სტალინისა და ლენინის ქუჩების კვეთასთან რომ მოვედი, კაზაზიშვილი მანქანიდან გადმოდიოდა. დამინახა თუ არა, დამიძახა, მოდი, შენთან საქმე მაქვსო”.
აბესაძე კაზაზიშვილს შეჰყვა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში: ”კიბეებიდან დაიწყო მუქარა - შენ რა იკადრეო. შევატყვე, რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ ვერ წარმომედგინა, სახელმწიფო შენობაში თუ რამეს გაბედავდა. მის კაბინეტში როგორც კი შევედით, დამიწყო ყვირილი, ჩემკენ მოიწევდა, თან მუხლს მირტყამდა”.
ლელა აბესაძის თქმით, ამ კონფლიქტს კიდევ ორი პირი შეესწრო - ვახტანგ კაზაზიშვილის მოადგილე, კახა ტუღუში და კაზაზიშვილის მძღოლი: ”კაზაზიშვილმა ყვირილი რომ დაიწყო, ტუღუშმა ოთახში შემოიხედა და კარი გაიხურა. ოთახში შემოვიდა მძღოლიც, რომელიც მალევე გავიდა. მგონი, გია ჰქვია”.
კაზაზიშვილი ლელა აბესაძეს დაჰპირდა, რომ მას შეურაცხყოფისთვის პოლიციაში უჩივლებდა. ”მითხრა, ან სამი თვით დაგიჭერენ, ან 500 ლარით დაგაჯარიმებენო”, - ამბობს აბესაძე - ”ამის შემეშინდა. მივხვდი, რომ შეიძლება დამაკავონ. ვფიქრობდი, რა მექნა. ბოლოს მოვიფიქრე, რომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ექიმისთვის მიმემართა. მე პოლიციაში ჩივილს არ ვაპირებდი, ვიცი, იქ როგორც მომექცევიან. სამმართველოს საავადმყოფომ აცნობა. ექიმმა გამსინჯა, მაგრამ ცნობა ვერ ავიღე, 20 ლარი ღირდა და ეს თანხა არ მქონდა... თავდაპირველად დამკითხეს მე-2 ქვეგანყოფილებიდან - ჯემალ ბერიძემ და მამუკა კომახიძემ. მერე, ეტყობა, საქმე გადაეცა მე-3 ქვეგანყოფილებას, 24 აგვისტოს ამ განყოფილების გამომძიებელმა ალეკო როდინაძემ დამკითხა”.
ლელა აბესაძე ამბობს, რომ თავდაცვის ერთადერთი ბერკეტი დარჩა: ”საჯაროდ ლაპარაკი იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ არის გამორიცხული, უფრო მეტ ბოროტებაზე წავიდნენ. მე ქალი ვარ. სამსახურში ეს რომ გაბედა, სხვა რამეს რატომ არ გაბედავს?!”
რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმპუნქტის ექიმი ბორია თურმანიძე 22 აგვისტოს ლელა აბესაძის მიმართვის ფაქტს ადასტურებს.
ბორია თურმანიძე: ”ორივე ფეხის ბარძაყის მიდამოებში აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, ერთ ფეხზე ორი პატარა სისხლნაჟღენთი და ერთზეც - ერთი. სისხლნაჟღენთები შეიძლება გაჩნდეს დარტყმით, ჩქმეტით, დაცემით”.
ექიმს ლელა აბესაძემ უთხრა, რომ ნაცნობმა მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც დაფიქსირებულია კიდეც საავადმყოფოში არსებულ, პოლიციის შეტყობინების ჟურნალში. მე-3 ქვეგანყოფილების გამომძიებელმა ალეკო როდინაძემ ”ბათუმელებთან” დაადასტურა ლელა აბესაძის დაკითხვის ფაქტი, თუმცა სხვა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა: ”ჩვენ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ. ამ საქმესთან დაკავშირებით მიმართეთ პრესცენტრს”.
ვახტანგ კაზაზიშვილთან დაკავშირება ”ბათუმელებმა” აჭარის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელის, მირიან ლებანიძის მეშვეობით სცადა. მირიან ლებანიძის თქმით, კაზაზიშვილი, როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ამიტომაც კომენტარისთვის ამ სამინისტროს უნდა მივმართოთ. შსს-ს პრესსამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს ”ბათუმელები” ტელეფონით დაუკაშვირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეკითხვა დავუსვით, მან გვითხრა, რომ მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდებოდა, რაც ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ლელა აბესაძე ვარშალომიძეების ყოფილი მეზობელია. ის და კიდევ 8 ოჯახი იმ სახლში ცხოვრობდნენ ვარშალომიძეებთან ერთად, რომელიც ახლა მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოჯახს ეკუთვნის. ლელა აბესაძე ერთადერთი მეზობელი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოჯახისა, რომელმაც ვარშალომიძეების მხრიდან მის გასახლებასთან დაკავშირებული პირობებით უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. საბოლოოდ, ლელა აბესაძე ბათუმის ცენტრალური უბნიდან, ჭავჭავაძის ქუჩაზე 2007 წელს გადავიდა. მან თავისი 14 კვადრატული მეტრი ბინა მაშინ ვახტანგ კაზაზიშვილს გადაუფორმა. ახლა ეს ბინა ბარათაშვილის ქუჩის #20-ში, ისე როგორც სხვა 8 მეზობლის ბინაც, მთლიანობაში 539,71 კვ/მეტრი ფართობი, ვარშალომიძეების საკუთრებაა. 2003 წლამდე ამ სახლში მათ მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა ჰქონდათ.
გარდა ამისა, ვარშალომიძეების სახლში 177 კვადრატული მეტრი აჭარის მთავრობამ 2006 წელს 12 250 დოლარად გაყიდა, აუქციონის წესით. ამ ფართობს ფლობს შპს ”სიჭაბუკე”, რომლის მესაკუთრეც თამაზ კახიძეა - ლევან ვარშალომიძის ახლო ნათესავი. ირაკლი ვარშალომიძეს (ლევან ვარშალომიძის ძმას) ეკუთვნის უძრავი ქონება ბარათაშვილის ქ. #18-შიც.
ამ ქონების გადაფორმებას თან სდევდა ლელა აბესაძის საჯარო პროტესტი. ის ორჯერ მოათავსეს პოლიციის იზოლატორში. უშიშროებაში 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ, აბესაძე მე-3 განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესეს.
”მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი მამუკა ნაკაშიძე ურეკავდა ექიმ ოლეგ ნეფედეევს და ეუბნებოდა, რომ მე შეურაცხადად გამოვეცხადებინე, მაგრამ ექიმმა კატეგორიული უარი უთხრა. ფსიქიატრიულიდან კაზაზიშვილმა წამომიყვანა. ამ საქმეში ჩაერთო კაზაზიშვილის მოადგილე დათო ყუფარაძე და ბიზნესმენი გელა ხახნელიძეც. კაზაზიშვილის კაბინეტში როცა მივედი, მითხრეს, რომ ნახეს ბინა, ახლა ამას ნუ დაგვაკარგვინებ და მერე ოროთახიანს გიყიდითო. მეც აღარ დამედგომებოდა მას შემდეგ, რაც ორჯერ დამაკავეს. მაშინ კაზაზიშვილი სამსახურსაც დამპირდა”.
კაზაზიშვილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, ლელა აბესაძე ბოლომდე ვარშალომიძეებს ვერ უკავშირებს: ”ახლა არ ვიცი, მაგრამ მაშინ ნამდვილად დოდო პაპუნაიშვილმა, ლევან ვარშალომიძის დედამ დააჭერინა კაზაზიშვილს ჩემი თავი... აგერ არიან ექიმები და თუ არანორმალური ვარ, შემამოწმონ, ოღონდ შეამოწმონ კაზაზიშვილიც. მე ბევრს არაფერს ვითხოვ, ვცხოვრობდი ქალაქის ცენტრში და დამაბრუნონ ჩემსავე უბანში”.