[ახალი 7 დღე სანდრო ყაველაშვილი]
დღეს თბილისის მერმა აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. იქვე საზეიმოდ გაცხადდა, რომ აღმაშენებლის შემდეგ მარჯანიშვილის მოედანი და ქუჩაც გარემონტდება. მერმა ხანგრძლივად ისაუბრა იმაზე, რომ ქუჩის ფეხსავალები გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ნაწილზე, ე.წ. პროტუარებზე, ძირფესვიანად მოისპო და განადგურდა მწვანე საფარი, ხეები, რომლებიც არა მარტო ასე უხდებოდა აღმაშენებელს, არამედ მისი მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობაც ჰქონდა.
ფეხსასიარულო თემაზე მოლაპარაკე მერს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ის საშიშროება, რომელიც მისი უწყების აღმშენებლობითმა განზრახვამ მოუტანა აღმაშენებლელებს: მომაკვდინებლად გაწელილი რეაბილიტაცია, რამაც იძულებული გახადა პროსპექტელები, თვეების განმავლობაში ოჯახებით აყრილიყვნენ და გასცლოდნენ ჯერ კიდევ საკრებულოს არჩევნების წინ ათხრილ, პირბადეაფარებულ და ფანჯრებზე ხარაჩოებამოსულ სახლებს.
მობეზრდათ ზედა სართულის ფანჯრებში ფეხგადაყოფილ მუშებთან და სამუშაოს მწარმოებლებთან ერთად ცხოვრება, მიწისა და ყვითელი ქვიშის წკაპუნი პირში, მტვერში ამოგანგლული სარეცხი და ბავშვები. პროსპექტის მცხოვრებთა უმეტესობამ რამდენიმე თვე ქალაქის გარეუბნებში დაქირავებულ ოთახებში გაატარა. მათთვის დაქირავების თანხა არავის აუნაზღაურებია. არც არავინ დაჰპირებია. საქმე გაძლებაზე იყო, ვისაც ატანა შეეძლო, ქირის გადახდაც არ მოუხდა.
მერს არ უხსენებია არც თანხა, რომელიც პროსპექტის რეაბილიტაცია დაჯდა და რამდენჯერმე აღემატება წინასწარ გათვალისწინებულს. ერთი და იმავე სამუშაოს რამდენჯერმე შესრულება–კორექტირება, რისთვისაც იწერებოდა და იწერებოდა ახალ–ახალი თანხები, ერთი კვირის წინ მოხსნილი ხარაჩოების ხემეორედ აღმართვა ყოველი კვირის თავზე... ვის ჯიბეში დაილექა ამდენი გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი ხარჯი, მერს ამაზე საუბარი არ უსურვებია. ან რაში ისურვებდა, ჯიბე ძალიან შორეული რომ ყოფილიყო, ვინ არ ამოიღებდა ხმას – კორუფციის მტერი უგულავა?
და ხეები? აღმაშენებლის პროსპექტსა და მარჯანიშვილის გამზირს თავისი ძველი სახე უბრუნდებაო... რომელი ძველი? აჩვენონ საზოგადოებას ამ ქუჩების ყველა დროის ფოტომასალა. რომელ მათგანზეა აღბეჭდილი ხეებშეკრეჭილი პლეხანოვი, თუ კიდევ რა ვიცი, რა ერქვა პლეხანოვამდე. და, საერთოდ, კიდეც რომ ყოფილიყო უხეო, უმზეო და უჰაერო დროები, ხომ შეიძლება აღარ გვინდოდეს ასეთი – მარტო ფეხსასიარულოებად ქცეული ქალაქი? თანაც ფეხსასიარულოს რომ ამბობენ, სულ სხვა, უხერხული სიტყვები მახსენდება.