მშვიდი აფხაზური

მშვიდი აფხაზური "არჩევნები", რომელსაც ევროკავშირი არ ცნობს

[რეზონანსი  ელზა წიკლაური]
 

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. რიგგარეშე არჩევნები "შედგა". სეპარატისტთა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბატალ ტაბაღუას განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 72%-მა მიიღო და 54,9%-ით აფხაზეთის რიგით მესამე "პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი გახდა. ანქვაბის "ინაუგურაცია" კი ერთ თვეში, სავარაუდოდ, სოხუმის დაცემის დღეს - 27 სექტემბერს გაიმართება.

ანქვაბს "გაპრეზიდენტება" უკვე მიულოცა ხაჯიმბამ, დუმს შამბა. "არჩევნების" შემდეგ ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა პირველი პრესკონფერენციაც გამართა. უკვე ცნობილია, რომ ის ბაღაფშის პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში არ მოხდება მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვა და საკუთარ გუნდში პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე პროფესიონალებს მიიწვევს.

აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო საკითხებში ქეთრინ ეშტონმა. მისი თქმით, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომლითაც აფხაზეთში არჩევნები ჩატარდა.

"ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას. ამ კონტექსტში მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის კონვენციის დაცვის აუცილებლობის საკითხი", - განაცხადა ეშტონმა.

მანამდე დე ფაქტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

"ნატო 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. მსგავსი არჩევნების გამართვა საქართველოში მშვიდობიანი პროცესების წარმართვას ხელს არ შეუწყობს", - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრებში, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული.

"კენჭისყრამ მშვიდობიანად ჩაიარა"

ცნობისათვის, აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართა. "საპრეზიდენტო არჩევნებში" დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა მონაწილეობდნენ.

სოხუმის ცესკოს მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 148 556 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 106 845-მა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 72%-ს შეადგენს. 58 657 ხმა, ანუ 54,9% ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო, 22 456 ხმა, 21,02% სერგეი შამბამ, მხოლოდ 21 177 ხმა, ანუ 19,82% - რაულ ხაჯიმბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო ცესკოს თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას განცხადებით, კენჭისყრის დღემ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობიანად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. "საარჩევნო უბნებზე" არ ჰქონია ადგილი კანდიდატების მომხრეებს შორის დაპირისპირებას. ტაბაღუასთან ერთად "არჩევნების" ღირსეულად ჩატარებაზე განცხადება გააკეთა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ, "სახელმწიფოს მეთაურის" მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ აშუბამ.

"აფხაზმა ხალხმა გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა. არჩევნებზე არავინ არ დამარცხებულა, არჩევნებში აფხაზეთის ხალხმა გაიმარჯვა", - განაცხადა ნუგზარ აშუბამ.

მისივე აზრით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პრეზიდენტების კანდიდატებმა ერთმანეთისადმი პატივისცემა გამოავლინეს, ხალხმა კი ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთის ხალხი ერთიანია. აშუბას განმარტებით, არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი თავისი ერის ღირსეული წარმომადგენელია და ახლა, როცა აფხაზეთში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ქვეყანას გაუჩნდა შანსი, საზოგადოება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის გარშემო დარაზმოს.

"კერჭისყრის" დღემ მშვიდობიანად ჩაიარა გალის რაიონში. ადგილობრივები "მთელ კვირასთან" საუბარში ამბობენ, რომ ასეთი მშვიდი "არჩევნები" მათ არ ახსოვთ.

"გალის რაიონში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. თუ ადრე აფხაზები გვაიძულებდნენ, რომ არჩევნებზე მივსულიყავით, ახლა ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ, იყო ასეთი მინიშნება, რომ ვისაც პასპორტი გაქვთ და არჩევნებზე არ მიხვალთ, ის გაგიუქმდებათო. როდესაც აქ ცხოვრობ და წასასვლელი არსად გაქვს, რა თქმა უნდა, მიხვალ და არჩევნებშიც მიიღებ მონაწილეობას. სხვა რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ჩვენთვის, გალელი ქართველებისთვის შამბაც, ანქვაბიც და ხაჯიმბაც ერთია, მაგრამ ხმა თითქმის ყველამ ანქვაბს მისცა, მათ შორის, მეც.

"საარჩევნო შტაბი სკოლის შენობაში იყო გახსნილი, იქ იყვნენ შამბას, ანქვაბის და ხაჯიმბას წარმომადგენლები. არავის არ უკითხავს, ვის აძლევთ ხმას, არავის არ უთქვამს, მაინცდამაინც ამას მიეცით ხმაო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გალის რაიონში "კენჭისყრის" დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სკოლის ეზოში ყველა აფხაზი იმას გვეუბნებოდა, როდემდე უნდა ვხოცოთ ერთმანეთი, ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველაფერი მშვიდად უნდა იყოსო. არ ვიცი, ამას რომ ამბობდნენ, რეალურად რას ფიქრობდნენ, მაგრამ ვიმეორებ, გალში ასეთი მშვიდი "არჩევნები" არ მახსოვს", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში გალის რაიონის ერთ-ერთი მკიდრი, რომლის ვინაობასაც გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ.

მართალია, "არჩევნები" მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდმა საარჩევნო დაპირებებთან ერთად გარკვეული ექსცესებითა და ბრალდებებით ჩაიარა. წინასაარჩევნო დაძაბულობამ ოკუპირებულ რეგიონში პიკს ბოლო ერთ კვირაში მიაღწია. ვითარების ექსკალაცია კი გამოიწვია თენგიზ კიტოვანის განცხადებამ, რომ ალექსანდრე ანქვაბი 1992-93 წლების ომისას თბილისთან თანამშრომლობდა და ქართული დაზვერვისთვის მუშაობდა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა ინტერნეტგამოცემა "მოსპრავდას" განუცხადა.

კიტოვანის თქმით, ანქვაბი 1990-იან წლებში თბილისს ყველა იმ ინფორმაციას აწვდიდა, რასაც ზემდგომი ორგანოები უბრძანებდნენ. იგი განმარტავს, რომ იმ დროისთვის საქართველოს ერთიანი სახელმწიფო იყო და ანქვაბის მოქმედებაში დანაშაულებრივი არაფერი ყოფილა.

თენგიზ კიტოვანის ამ განცხადებას სეპარატისტულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის კარსმომდგარი არჩევნების წინ ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. პირველ რიგში კი ალექსანდრე ანქვაბის ავტორიტეტს მიაყენა დარტყმა, რომელიც "პრეზიდენტის" სკამისთვის მებრძოლთა შორის ქართველების მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილ კანდიდატად ითვლებოდა.

საქართველოს ექსთავდაცვის მინისტრის გამოსვლის სატელევიზიო ვიდეორგოლს სოხუმის ცენტრში დიდ მონიტორზე ატრიალებდნენ. ანქვაბის შტაბმა სერგეი შამბა პოლიტიკური მიზნებისთვის კიტოვანის მოსყიდვაში დაადანაშულა. მოქმედმა პრემიერმა ბრალდება კატეგორიულად უარყო.

თუმცა ამ ყველაფერს ანქვაბის რეიტინგზე გავლენა არ მოუხდენია და "შავმა პიარმა" ამ უკანასკნელის გამარჯვებაში შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა.

ამის შემდეგ, 20 აგვისტოს, "პრეზიდენტობის" მსურველი სამივე კანდიდატის დაგეგმილი ტელედებატები ვერ შედგა სერგეი შამბას ავტოავარიაში მოყოლის გამო. "პრემიერი" ტვინის შერყევის დიაგნოზით გაგრის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ბიჭვინთაში ამომრჩევლებთან შესახვედრად მიმავალი შამბა ავტოავარიაში მოჰყვა და, როგორც აფხაზური მედია იუწყებოდა, ალექსანდრე ანქვაბმა და რაულ ხაჯიმბამ სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს შამბას გარეშე დებატების გამართვაზე. შამბას მხარდამჭერები ამ ავტოავარიას საეჭვოს უწოდებდნენ და ამ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვდნენ.

ვინ არის ალექსანდრე ანქვაბი

საერთოდ, ანქვაბს კანდიდატთა შორის ყველაზე არაორდინარულ და ავტორიტეტულ პიროვნებად მიიჩნევენ. იგი 1952 წელს არის დაბადებული. უმაღლესი იურიდიული განათლება როსტოვის უნივერსიტეტში მიიღო. კარიერა გუდაუთის კომკავშირის რაიკომის მდივნობით დაიწყო. 1981-1983 წლებში თბილისში, ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად მუშაობდა. 1984-1990 წლებში ის იყო საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების უფროსი. 1991 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. აფხაზეთის ომის წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

1994 წელს არძინბასთან უთანხმოების გამო მოსკოვში წავიდა. მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა, სურდა არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა აფხაზური კანონმდებლობა მას ამის უფლებას არ აძლევდა. კანონით "საპრეზიდენტო" არჩევნებში კანდიდატად მხოლოდ მას შეუძლია დარეგისტრირება, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთში ცხოვრობს. ამის გამო მან არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, თუმცა 2005 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ - ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ანქვაბზე 5 თავდასხმა განხორციელდა, თუმცა "არჩეული პრეზიდენტი" მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა.

პირველი განცხადებები

"არჩევნებში" გამარჯვებულმა ანქვაბმა პირველი პრესკონფერენციაც გამართა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, "აფხაზეთმა მომავალში შესაძლოა, საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა საპარლამენტოთი შეცვალოს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია".

"დღეს არსებობს აფხაზეთის რესპუბლიკა, სადაც სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია. მომავალში შესაძლოა, ქვეყანამ მმართველობის საპარლამენტო ფორმა აირჩიოს, თუმცა მსგავს ცვლილებებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია", - განაცხადა ანქვაბმა და დასძინა, რომ ის საკუთარ გუნდში "ნიჭიერი პროფესიონალების" მიწვევას აპირებს მათი პოლიტიკური ხედვების მიუხედავად.

"ჩვენ საპრეზიდენტო გუნდში ნიჭიერ, პროფესიონალ ადამიანებს მივიწვევთ, რომლებიც მზად არიან, სამშობლოს ემსახურონ. მათი პოლიტიკური ხედვები კი მე არასოდეს მაინტერესებდა", - განაცხადა ანქვაბმა.

ამასთან, ანქვაბმა მის წინამორბედზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სერგეი ბაღაფშის კურსის გაგრძელებას აპირებს.

"ჩვენ სერგეი ბაღაფშის კურსს გავაგრძელებთ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის მომხრე იყო და ამ კავშირებს მომავალშიც განვავითარებთ. ჩვენ მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირებას მოვახდენთ, რომ რუსეთმა ჩვენი აღიარებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ანქვაბმა.

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, მისი თქმით, "ბრძოლა დაძაბული იყო, თუმცა ყველაფერი დავივიწყეთ და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის მზად ვართ".

ამასთან, ანქვაბი ირწმუნება, რომ აფხაზეთში დიქტატურა არასოდეს ჩამოყალიბდება და წესრიგი კონსტიტუციური გზით დამყარდება.

"საზოგადოებრივი წესრიგი აუცილებელია იმისთვის, რათა დამსვენებლებმა თავი უსაფრთხოდ იგძნონ, სახელმწიფო მმართველობაში კი წესრიგისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია", - განაცხადა "პრეზიდენტმა".

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკვე წლებია, აფხაზურ საზოგადოებაში პროტესტს იწვევს, მიწების სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაა. მართალია, სოხუმს მიწების გაყიდვაზე სპეციალური კანონის მიღებას აიძულებდნენ, თუმცა აფხაზური საზოგადოების მკაცრი პოზიციის გამო ბაღაფშის მმართველობის დროს მისი მიღება არ მოხდა. დღესაც ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მიწების გასხვისებას არც ის აპირებს.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრების მიყიდვის აკრძალვამ გარკვეული სირთულეები შექმნა. აფხაზეთში მოქმედი სამოქალაქო კოდექსი უცხოელების მიერ საცხოვრებლის ყიდვას არ კრძალავს. რაც შეეხება მიწას, ის სახელმწიფო საკუთრებაა და არ გაიყიდება", - განაცხადა ანქვაბმა.