ქართული ეკონომიკური სექტორი მზადაა ფინანსურ კრიზისს უპასუხოს

ქართული ეკონომიკური სექტორი მზადაა ფინანსურ კრიზისს უპასუხოს

"პი ემ სი" კვლევითმა ცენტრმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოკვლევა ჩაატარა.

მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია რამდენად შენარჩუნებადია დადებითი ტენდენცია და რამდენად მზად არის საქართველოს ეკონომიკა გამოწვევებს, თუნდაც,  განმეორებით ფინანსურ კრიზისს უპასუხოს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საქართველოს სავალო კრიზისი არ ემუქრება. მეტიც: ქვეყნის ფისკალური სექტორი მზად არის გაუძლოს ეკონომიკური ზრდის, სავალუტო კურსის და ბიუჯეტის დეფიციტის 3 წლიან შოკებს. სტრეს ტესტებმა აჩვენა, რომ ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც მიჩნეულია ფისკალური მდგრადობის ზღვრულ პარამეტრებად, არ ცდებიან მაქსიმალურ ზღვარს.

„შევისწავლეთ საგადასახადო შემოსავლების სტრეს სცენარი, როდესაც საგადასახადო შემოსავლების ზრდის დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნომინალური მშპ-ის ზრდის დონეს. ამ სცენარის განვითარება რეალურია, თუ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება იმ სექტორების ხარჯზე, რომლებიც დღგ-თი არ იბეგრება. ასევე, შემცირდება აქციზური საქონლის წილი. ამ სცენარის მიხედვით საგადასახადო შემოსავლები მშპ-ის მიმართ მნიშვნელოვნად მცირდება: თუ 2012 წელს 24. 6 %-ია, 2020 წლისთვის 20.5 %-მდე, ხოლო 2025 წელს 19.4 %-მდე ეცემა. საგადასახადო შემოსავლების მშპ-ის მიმართ შემცირება ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი პირობაა, მაგრამ საჭიროა, მთავრობამ შეძლოს თავისი ვალდებულებების გასტუმრება სახელმწიფო ხარჯების მშპ-ის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირების პირობებში,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები.