[European ზვიად ავალიანი]
ამ სტატიაში არ ვაპირებ იმაზე ლაპარაკს, თუ რატომ არ უნდა გახდეს საქართველო სინგაპური. ამის თაობაზე ვფიქრობ უკვე ისედაც ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. სხვათა შორის დღეს უკვე ისიც ნათელია, თუ რა ხიბლავს სინგაპურში ასე ძალიან ქართულ „ისთებლიშმეთს“ - ეკონომიკური „სასწაული“ თუ პოლიტიკური სისტემა, რომელიც ერთ ერთი ყველაზე არადემოკრატიულ სისტემად არის მიჩნეული მთელს თანამედროვე მსოფლიოში.
სინგაპურის პოლიტიკური სისტემისა და ზოგადად ამ ქვეყნის თავისებურებებზე საკმაოდ ვრცელი სტატია იქნა გამოქვეყნებული ჩემს მიერ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძალიან ბევრს საქართველოში სინგაპური მხოლოდ „ტელევიზორში ნანახი“ შუშის მაღალი შენობები და შადრევნები ეგონა. (ამაში მათ ვერც გაამტყუნებ - სხვა თუ არაფერი, პროპაგანდისტული მანქანა ჩვენს ქვეყანაში მართლაც ძალიან ეფექტურად მუშაობს).
მაგრამ აქ მინდა ვილაპარაკო სულ სხვა თემაზე.
ბოლო დროს ხელისუფლებამ სრულიად აშკარა და ღია „მესიჯი“ გაუგზავნა საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს „სინგაპურიზაცია ქართულად“. გავიხსენოთ თუნდაც სიუჟეტები იმის შესახებ, რომ სინგაპურში (ე.ი. „წარმატებულ ქვეყანაში“) „არ არიან არც მემარცხნენეები და არც მემარჯვენეები, რადგან აქ ყველა სინგაპურის პარტიოტია“, ამას გარდა, ქვეყანაში არსებობს ერთპარტიული, ფაქტიურად ავტორიტარული რეჟიმი, რაც განაპირობებს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას და ა.შ.
ასეთი განცხადებების მოსმენისას პირველი, რაც ადამიანს „თავში მოუვა“ არის ის, თუ რა აზრი ქონდა საბჭოთა სისტემის დემონტაჟს (შესაბამისი სოციალური კატასტროფით) თუკი მაინც ავტორიტარიზმამდე უნდა მივსულიყავით „სტაბილურობის შესანარჩუნებლად“. თუ მთავარი ღირებულება სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარებაა, მაშინ ამ ყველაფერს საბჭოთა სისტემაც უზრუნველყოფდა და სინგაპურისგან განსხვავებით, სოციალური მდგომარეობაც შეუდარებლად უკეთესი იყო. (სხვათა შორის აქ არ გამოდგება დამოუკიდებლობის არგუმენტიც, რადგან ჩემი დაკვირვებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც „საკუთარი“ ფერის ქონა პოლიტიკურ რუკაზე დამოუკიდებლობას ნიშნავს).
მაგრამ დავანებოთ თავი ასეთ „რთულ“ კითხვებს და წამოვიდგინოთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა შეეგუა და დათანხმდა იმას, რომ „ჯერ ქვეყანა უნდა აშენდეს და მერე დემოკრატია“. წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი, სიტყვიერი თუ უსიტყვო „გარიგება“ მართლაც შედგა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. დავივიწყოთ ისიც, რომ სოციალური კუთხით სინგაპური სულაც არ არის „აღთქმული მიწა“ დედამიწაზე და დავსვათ ძალიან კონკრეტული შეკითხვა:
აქვს თუ არა შანსი საქართველოს, თუნდაც საზოგადოების თანხმობის შემთხვევაში გაიმეოროს „სინგაპურის ეკონომიკური სასწაული“?
არსებობს ძალიან ბევრი ობიექტური ფაქტორი, რომლებიც გვეუბნება, რომ ასეთი „შანსი“ ფაქტიურად ნულის ტოლია!
ამ შემთხვევაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ყველაზე მნიშვნელოვან - სოციალურ ფაქტორზე.
საქმე იმაშია, რომ როცა ვლაპარაკობთ სინგაპურზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინგაპური არაა ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომლმაც უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მოახდინა სწრაფი მოდერნიზაცია. უფრო მეტიც - შეიძლება ითქვას, ბოლო 20-30 წლის მანძილზე მთელს აზიაში ხდება ერთგვარი ინდუსტრიული რევოლუცია. ეს არის ზუსტად იგივე პროცესი, რომელიც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარეობდა XIX საუკუნეში. დღეს, როცა დასავლეთი გადავიდა პოსტ-ინდუსტრიულ ეპოქაში, სწორედ აზია გადაიქცა „კაცობრიობის ქარხანად“. თვით დასავლური კაპიტალი ძალიან სწრაფად ინაცვლებს აზიისკენ და სწორედ ეს ინვესტიცია განაპირობებს აზიის ასეთ „თავბრუდამხვევ“ მოდერნიზაციას.
მაგრამ რატომ მიედინება ინვესტიცია აზიაში? აი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რასაც უნდა გავცეთ დღეს პასუხი.
უპირველესი მიზეზი, რატომაც ინაცვლებს მსოფლიოს სამრეწველო ცენტრი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მდგომარეობს სოციალურ ფაქტორში.
დასავლურმა (განსაკუთრებით ევროპულმა) საზოგადოებამ კაპიტალიზმთან 150 წლიანი ორგანიზებული ბრძოლით მიაღწია ისეთ სოციალურ გარანტიებს, რომლებიც ნებისმიერ, თუნდაც ოფიციალურად კომუნისტურ ქვეყანას შეშურდებოდა. (თუმცა ასეთი დონის მიღწევაში უდავოდ ითამაშა თავისი როლი საბჭოთა კავშირის, როგორს სისტემური ალტერნატივის არსებობამ). კონკურენციის პირობებში აღმოჩენილი ორი სისტემა უბრალოდ იძულებული იყო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით დაემტკიცებინა საკუთარი უპირატესობა. ამ ბრძოლაში, როგორც ვიცით, დასავლეთმა გაიმარჯვა (გაიმარჯვა ძირითადად უფრო მძლავრი ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის მეტი მოქნილობის გამო). მაგრამ ეს გამარჯვება უკვე საკუთარ თავში შეიცავდა უეჭველ დამარცხებას მომავალში: დღეს, როცა მძლავრი სისტემური ალტერნატივა საბჭოთა კავშირის სახით აღარ არსებობს, დასავლეთის მმართველ წრეებს უკვე აღარ ჭირდებათ „უპირატესობის დამტკიცება“ (ეს უკვე „დამტკიცებულია“), მაგრამ თვითონ დასავლური საზოგადოება არც აპირებს საკუთარი ნებით დათმოს ის სოციალური მონაპოვარი, რასაც მან საკუთარი ბრძოლით მიაღწია.
ასეთ შემთხვევაში კაპიტალისტური ეკონომიკა აღმოჩნდა ერთგვარი დილემის წინაშე: მას (როგორც ყოველთვის) ჭირდება იაფი სამუშაო ძალა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ევროპელი ადამიანის დაბრუნება იაფი სამუშაო ძალის „ფორმატში“ უკვე შუძლებელია. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ზემოხსენებული აზიის ინდუსტრიალიზაციაც. დასავლური კაპიტალიზმი დღეს უპირისპირდება არა კომუნისტურ საბჭოთა კავშირს (რომელთან დაპირისპირებაზეც იყო „მორგებული“ მისი სოციალური სისტემა), არამედ „საკუთარ თავს XIX საუკუნეში“ ანუ ინდუსტრიულ აზიას. აზიაში კი ჯერჯერობით არ ყოფილა ისეთი მასობრივი და ორგანიზებული სოციალური მოძრაობები, რომლებიც აიძულებდა ამ ქვეყნებს გადაეხედათ საკუთარი სოციალური პოლიტიკისთვის. პირიქით - როგორც უკვე ვთქვით, აქ ჯერ კიდევ ინდუსტრიალიზაცია მიმდინარეობს და საკმაო პერიოდია საჭირო იმისთვის, რომ აზიელებმა მიაღწიონ ისეთივე სოციალურ მგომარეობას, რაც არა მარტო ევროპაში, არამედ თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში (წარსულის ინერციით) სრულიად ბუნებრივ მოვლენად ითვლება (მაგალითად ინდივიდუალური საცხოვრებელი და ა.შ.)
ერთი სიტყვით, დასავლური ინდუსტრია სრულიად არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა ახალი აღმოსავლური ინდუსტრიის პირისპირ. ამ „პრობლემის“ მოგვარებას დასავლური კაპიტალი ცდილობს ორი ძირითადი გზით:
ა) სადაც შესაძლებელია, ხელს უწყობს ლეგალურ, ნახევრად ლეგალურ და არალეგალურ იმიგრაციას დასავლეთში, რათა მოახდინოს იაფი სამუშაო ძალის „იმპორტი“.
ბ) გადააქვს კაპიტალი (შესაბამისად ინდუსტრია) სწორედ აზიურ ქვეყნებში, სადაც იაფი სამუშაო ძალა ჯერ კიდევ „თავზე საყრელია“.
ახლა კი დავსვათ კითხვა: სად არის საქართველოს ადგილი ამ სისტემაში?
საქართველოს ინდუსტრიალიზაცია ნაწილობრივ განხორციელდა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში (რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში). XX საუკუნის 30-იან წლებში, უკვე საბჭოთა სისტემამ მოახდინა საქართველოს მეორე (გაცილებით მასშტაბური) ინდუსტრიალიზაცია. უფრო მეტიც - ამავე საუკუნის 60-70-იან წლებში საქართველოში უკვე დასრულდა ინდუსტრიალიზაციის შემდგომი ეტაპი - ე.წ. მოდერნიზაცია, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმოჩნდა ქალაქებში, სადაც მათ ქონდათ არა მხოლოდ სამუშაო, არამედ საკმაოდ სოლიდური სოციალური გარანტიები, ინდივიდუალური საცხოვრებელი, საყოველთაო განათლება, იმ დროისთვის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა და ა.შ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოება ძალიან ძნელად ბრუნდება უკან, უკვე გავლილი ეტაპებისკენ. მაგრამ თუკი იგი მაინც დაბრუნდება თუნდაც ერთი საფეხურით უკან, რეგრესის შეჩერება უკვე შეუძლებელია და იგი მთავრდება აბსოლუტური არქაიზაციით. (რისი ნიშნებიც საქართველოში უკვე სახეზეა). ეს არც არის გასაკვირი, რადგან „სინგაპურიზაცია“ (ანუ საქართველოს „მესამედ ინდუსტრიალიზაცია“) შეუძლებელია ქართული საზოგადოების ტოტალური კოლაფსის გარეშე!
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისთვის, რათა განხორციელდეს ინდუსტრიალიზაცია მესამედ, საჭიროა ჯერ მოხდეს არსებული ინდუსტრიული საზოგადოების დემონტაჟი, ანუ დეინდუსტრიალიზაცია (რაც თავის თავში შეიცავს დეცივილიზაციასაც).
ეს ეტაპი საქართველოში ნაწილობრივ უკვე განხორციელებულია (გავიხსენოთ 90-იანი წლების რეფორმები და ა.შ.)
შემდგომი ეტაპი კი არის საზოგადოების კულტურულ-ცივილიზაციური რეგრესი. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს ინდუსტრიამდელ ეპოქას (დათმოს ყველა ის სოციალური მონაპოვარი, რასაც მან მიაღწია გვიანსაბჭოთა პერიოდში) და ჩადგეს პირდაპირი კონკურენციის რეჟიმში იმ საზოგადოებებთან, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ ინდუსტრიულ (მით უმეტეს „მოდერნიზებულ“ სოციუმში).
რას გულისხმობს ეს კონკურენცია?
სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ადამიანები უკანასკნელ პერიოდამდე (და გარკვეულწილად დღესაც) ცხოვრობენ თითქმის ისეთივე პირობებში, როგორშიც ცხოვრობდა აღმოსავლეთ ევროპა (მათ შორის საქართველო) დაახლოებით XX საუკუნის დასაწყისში. ამ საზოგადოებებში ადამიანთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ძალიან ღარიბია და მათთვის ინდუსტრიალიზაცია (თუნდაც ჯერჯერობით სოციალური გარანტიების გარეშე) უდავოდ დიდი პროგრესია. პროგრესია, რადგან რამდენად დაბალ ხელფასზეც არ უნდა მუშაობდნენ ისინი მრეწველობაში, ეს მაინც უკეთესია, ვიდრე მათი ინდუსტრიამდელი მდგომარეობა. შესაბამისად, ამ საზოგადოებებში ინდუსტრიალიზაცია პროგრესული მოვლენაა, რომელსაც საზოგადოება მიყავს მარტივიდან - რთულისკენ. არქაული საზოგადოებისგან - ინდუსტრიულისკენ. ეს ადამიანები მზად არიან დღეში 12 საათი ერთ დოლარზეც იმუშაონ, მაგრამ არა იმიტომ, რომ „უმუშევრად ამასაც არავინ გაძლევს“ (ეს „ფორმულა“ დღევანდელ საქართველოში განსაკუთრებით „პოპულარულია“ ) არამედ იმიტომ, რომ ეს ერთი დოლარიც კი მეტია იმასთან შედარებით, რაც მათ ადრე ქონდათ.
აბსოლუტურად განსხვავებულია სიტუაცია საქართველოში. აქ უკვე გავლილია არა მხოლოდ ინდუსტრიალიზაცია, არამედ მოდერნიზაციაც. აქ უკვე ვერასდროს განაპირობებს ადამიანის მოტივაციას ის, რომ „რამდენად ცოტაც არ უნდა გადამიხადონ, ეს მაინც უკეთესია, ვიდრე გუშინ“. პირიქით - ადამიანებს ახსოვთ, რომ „გუშინ“ გაცილებით უკეთესი სოციალური მდგომარეობა ქონდათ (სხვათა შორის ესეც არის საბჭოთა პერიოდში ნაცხოვრები თაობის „ჩარეცხვის“ ერთ ერთი მთავარი მიზეზი). თუმცა ვისაც არ ახსოვს, ისიც ხვდება, რომ გაცილებით დახვეწილი სოციალური სისტემის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ გიგანტური ინფრასტრუქტურის შექმნა და ექსპლუატაცია, რაც საბჭოთა სისტემამ თუნდაც პირად საკუთრებაში დაუტოვა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას.
ახალი ქართული „ელიტა“ ვერ ხვდება, მაგალითად რატომ „არ ყოფნის“ „რიგით“ ქართველს ისეთივე ხელფასი, რაზეც სიხარულით თანხმდება ჯერ კიდევ ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში მცხოვრები ქვეყნების მოსახლეობა. ისინი ცდილობენ მოსახლეობაც „დააჯერონ“ იმაში, თითქოს ქართველები რაღაც განსაკუთრებული, „ბუნებრივი სიზარმაცით“(?!) გამოირჩევიან, რომელიც უნდა „დაიძლიოს“ და ა.შ.
(სხვათა შორის ამას წინათ ერთი „ღრმად პატივცემული“ ლიბერალი ქართველების სიზარმაცეს იმით „ასაბუთებდა“, რომ საქართველოში ბევრი „არალეგალი“ მუშაობს, მაშინ, როცა თვითონ ქართველები ასეთ სამუშაოს „თაკილობენ“ და ა.შ., როგოც ჩანს, ამ „მეცნიერის“ აზრით ევროპელები და ამერიკელებიც ზარმაცი ხალხია, რადგან დღეს მთელი „დასავლური სამყარო“ სავსეა იაფი არალეგალური მუშახელით, რომლებიც ზუსტად იმ სამუშაოს ასრულებენ, რასაც ადგილობრივები „თაკილობენ“)
სინამდვილეში კი ამ „თაკილის“ მიზეზი გაცილებით „არარასისტულია“: რა თქმა უნდა სისულელეა ქართული ეთნოსის დადანაშაულება რამე განსაკუთრებულ „სიზარმაცეში“ (რომ არაფერი ვთქვათ შეფარულ სიძულვილზე საკუთარი ხალხის მიმართ). სინამდვილეში ამ „არმუშაობის“ მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ ეს ეტაპი (მუშაობა ნებისმიერ ხელფასზე) უკვე გაიარა!
დღეს კი ამ მოდელთან დაბრუნება ნიშნავს სრულმასშტაბიან არქაიზაციას. პირველ რიგში, ამ მოდელთან დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი უნდა თქვას მოდერნიზებული საზოგადოების უმთავრეს ელემენტზე: ინდივიდუალურ ცხოვრების წესზე. უარი უნდა თქვას, რადგან „ნებისმიერი ხელფასით“ ინდივიდუალურ ცხოვრების წესს ვერ უზრუნველყოფ. გავიხსენოთ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები ადრეული ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში (და როგორ ცხოვრობენ ადამიანები ბევრ ქვეყანაში დღემდე): ეს არის ფაქტიურად ერთგვარი „იძულებითი კომუნიზმი“ - ადამიანთა დიდი ჯგუფი (ხშირად რამდენიმე ოჯახი) წარმოუდგენლად მცირე საცხოვრებელ ფართში; მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების სრული არარსებობა ან მათი „კოლექტიური სარგებლობა“ („საერთო“ რადიო). სამედიცინო კულტურისა და ჰიგიენის ძალიან დაბალი დონე (შესაბამისი შედეგებით) და ა.შ.
მხოლოდ ასეთი ვულგარული კომუნიზმი იძლევა იმის „საშუალებას“, რომ გაერთიანებული ძალებით უზრუნველყოფილ იქნას პრიმიტიული ფიზიკური არსებობა. ამ არსებობას (ანუ ხარჯების შემცირებას) უზრუნველყოფს ის, რომ ამ შემთხვევაში ელექტრო ენერგიის გადასახადი საერთოა, გათბობა/კონდიცირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - ასევე საერთო. ერთი სიტყვით - თითქმის ყველაფერი საერთო.
(სხვათა შორის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას აზიაში ზემოხსენებული პირობებიც კი არ გააჩნია)
მხოლოდ ასეთ რეჟიმში შეიძლება „მუშაობა ნებისმიერ ხელფასად“!
და ეს არქაიზაციის მხოლოდ ერთ ერთი მაგალითია. აქ ასევე მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურის რეგრესის გარდაუვალობა (რადგან თანამედროვე ადამიანი ასეთ „ახალ“ პირობებს ვერ შეეგუება) და ა.შ.
შესაბამისად ის, ვინც საქართველოს „აზიური მოდელით“ ინდუსტრიალიზაციაზე ლაპარაკობს, აუცილებლად გულისხმობს ყველა იმ „სიამოვნებასაც“, რაც უკვე ჩამოვთვალეთ.
პირადად ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობა „დიდი სურვილის“ შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს ასეთ რეგრესთან შეგუებას და თუ „რამე არ შეიცვალა“ იგი ნელ-ნელა, ეტაპობრივად, მაგრამ შეგნებულად გაიხიზნება სხვა ქვეყნებში, სადაც მდგომარეობა თუნდაც არალეგალური ემიგრანტისთვის უფრო ნორმალურია, ვიდრე ის სისტემა, რომელიც საქართველოში მკვიდრდება.
მაგრამ თუ ეს ყველაფერი ასეა, მაშინ არსებობს თუ არა საერთოდ რამე გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან?
ჩემი აზრით გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ სოციალური სოლიდარობის იდეების რეაბილიტაცია.
საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპაში! უნდა დაბრუნდეს არა იმიტომ, რომ ევროპელობა „უფრო პრესტიჟულია“, არამედ იმიტომ, რომ იქ არის მისი ისტრიული, ცივილიზაციური და კულტურული ადგილი. ევროპაში კი, აზიის ან თუნდაც ჩრდილოეთ ამერიკისგან განსხვავებით სოციალური სოლიდარობის იდეები ყოველთვის მეტად მოთხოვნადი და აქტუალური იყო. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ევროპული ცივილიზაცია იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ დღეს მას ვიცნობთ სწორედ მძლავრმა სოციალურმა მოძრაობებმა ჩამოაყალიბა.
და აქ არავითარ ხელის შემშლელ ფაქტორად არ უნდა მივიჩნიოთ საბჭოთა წარსული - წარსული, რომელიც დღეს აბსოლუტურად „დემონიზებული“ და შესაბამისად, შეუსწავლელია. უფრო მეტიც - ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ ის, რომ საბჭოთა სისტემისა და ადრეული ბოლშევიზმის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა სწორედ სოციალური პრობლემების გაუაზრებლობამ, რამაც რეაქციის სახით წარმოშვა რადიკალური მემარცხენეობა.
ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ახალ, ინდუსტრიალიზაციის პროცესში მყოფ აზიაში საქართველოს ადგილი ფიზიკურად ვერ მოინახება! მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, ეს ქვეყანა ბოლო 2 საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და ვითარდებოდა როგორც ერთიანი აღმოსავლეთ ევროპული სივრცის ნაწილი და სწორედ ამ სივრცეზე არის მორგებული მისი ეთნოფსიქოლოგიური მატრიცა.
აქედან გამომდინარე, საქართველოსა და ქართული საზოგადოების გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის, პოსტ-ინდუსტრიულ, ინფორმაციულ და ინტელექტზე დამყარებულ სისტემაში. აზიური ინდუსტრიალიზაციისთვის კი საქართველოს არ გააჩნია არც სოციალური, არც დემოგრაფიული და არც კულტურული წინაპირობები.
რა თქმა უნდა „სინგაპურიზაციის“ უარყოფა არ ნიშნავს ინდუსტრიალიზაციის უარყოფას. პირიქით - საქართველოს დღეს აშკარად აკლია საკუთარი წარმოება, რის გარეშეც ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ ეს ინდუსტრიალიზაცია უნდა განხორციელდეს ევროპული მოდელით და არა იაფ სამუშაო ძალაზე დაყრდნობით, რასაც ნეოლიბერალიზმი ქადაგებს.
ამასთანავე, წამყვან სფეროებად უნდა იქცეს არა ინდუსტრიის მოძველებული („შავი“) დარგები, არამედ მეცნიერებატევადი სფეროები, რომლებშიც უნდა მოხდეს კაპიტალის უმთავრესიო დაბანდება.
დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით ევროპაში დაბრუნება უნდა მოხდეს არა თანამედროვე ევროპული ფასეულობების ბრმა კოპირებით და „ხბოს აღფრთოვანებით“ ყოველივე უცხოურის მიმართ, არამედ მათი კრიტიკული ანალიზით, რაც საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ სტატიკურად („მოწმის სტატუსით“) დავბრუნდეთ ევროპაში, არამედ საკუთარი წვლილიც შევიტანოთ ევროპული მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიების სამომავლო განვითარების საქმეში.