[ახალი 7 დღე]
25 აგვისტოს დიდ რეჟისორს გიორგი დანელიას 81 წელი შეუსრულდა. ყველა თაობის მაყურებელი გიორგი დანელიას ფანია. მან შექმნა ახალი მიმართულება კინემატოგრაფში, ლირიკული კომედია – ამას აღიარებენ მსოფლიო კინოს წარმომადგენლები. კეთილი იუმორი, ირიბი სარკაზმი, ერთი შეხედვით უბრალო ფრაზებსა და მოქმედებებს ამოფარებული თითქმის პოლიტიკური პროტესტი – გიორგი დანელიამ საბჭოთა კინოში სახელობითი კინო შექმნა – გიორგი დანელიას კინო.
იგი დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისში. მამა - ნიკოლოზ დანელია მუშაობდა ჯერ საგზაო ინჟინრად, შემდეგ შახტის უფროსად და სსრკ-ის მეტრომშენის მთავარ ინჟინრად. დედა - მერი ანჯაფარიძე წლების განმავლობაში მუშაობდა ,,მოსფილმში” ასისტენტად, მეორე რეჟისორად და, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრეჟიანი ფილმი.
გიორგი დანელიამ 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი. 1954-55 წლებში მუშაობდა არქიტექტორად - ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში. არქიტექტურით გატაცება დაეხმარა შემდგომ რეჟისორულ მუშაობაში.
,, მომავალი სურათის ჩანაფიქრი ჩემთვის მისი ვიზუალური აღქმით, სურათის პროპორციების შერწყმით და თანაფარდობის რითმით იწყება. პირველადი განათლებით მე არქიტექტორი ვარ და, როგორც ჩანს, ამ კვალის წაშლა შეუძლებელია,”- ამბობს გიორგი დანელია.
გიორგი დანელიას ფილმი - ,,მე დავდივარ მოსკოვში” ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის ,,დათბობის” პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. მისმა პოპულარულმა ფილმებმა: ,,არ დაიდარდო”, ,,მიმონო”, ,,აფონია” და ,,შემოდგომის მარათონი” მილიონობით მაყურებელს ლირიკული კომედიის გაუნუმეორებელი სამყარო აჩვენა და ამ დანელიასეულ სამყაროში ცხოვრების სურვილი გაუღვიძა.
საინტერესო ფაქტები: დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდება მისი იმჟამინდელი მეუღლე - ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც ,,გინესის რეკორდების წიგნშია” შეყვანილი ყველაზე მრავალრიცხოვანი კინოგადაღებებით კინოს ისტორიაში.
გიორგი დანელია ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის დეიდაშვილია, რომელიც ერთადერთ ფილმში - ,,არ დაიდარდო” გადაიღო.
მისი ფილმების უმრავლესობისათვის მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა, მანვე აჩუქა დანელიას მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის - ,,პატარა დანელიადა”.
გიორგი დანელიას არაერთ ფილმში მონაწილეობა აქვს მიღებული. ცნობილ რუს მსახიობს ევგენი ლეონოვს. კითხვას - თუ ვინ არის გიორგი დანელია, ევგენი ლეონოვმა ასე უპასუხა:
,,ჯერ ერთი, ის არის ნიჭიერი და თვითმყოფადი მხატვარი, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მოულოდნელი, იმათთვისაც კი, ვინც კარგად იცნობს, და მეორე - ის, უბრალოდ, კეთილი ადამიანია: მისი ნიჭიც კეთილია და ფილმებიც. ყველა მათგანში ის ტოვებს სიკეთის ნაწილს, თავისი გულის ნაწილს და ადამიანებისადმი თავისი სიყვარულის ნაწილს”.
ეს ინტერვიუ გიორგი დანელიასთან 2007 წელს არის ჩაწერილი და „ახალმა 7 დღემ“ მას ერთ–ერთ ახალგაზრდულ ინტერნეტგვერდზე მიაგნო (www.smk-gearn.blogspot.com).
- ბატონო გიორგი, რატომ გახდით ასეთი ,,ჩაკეტილი”, იქნებ ფიქრობთ, რომ თქვენი ფილმები ამობებნ თქვენს შესახებ უფრო მეტს, ვიდრე თვენ იტყოდით?
- მე მართლა ძალიან ბევრს ვაქსოვ ჩემს ნამუშევრებში და საერთოდ არ ვარ მჭევრმეტყველი, ჩემთვის დღეს ქუჩაში გასვლა, ვინმესთან ურთიერთობა და მითუმეტეს უაზრო თავყრილობებში მონაწილეობა საშინელი ტანჯვაა, ჩემი ნება რომ იყოს, სულ კაბინეტში ვიქნებოდი, დავწერდი სცენარებს ან მემუარებს, სათქმელიც ბევრი მაქვს და ასაკიც მავალდებულებს.
- წარსულის ნოსტალგიას განიცდით?
- ვერ ვიტყვი, რომ წარსული ცხოვრება სრული დღესასწაული იყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მე შემეძლო ამესახა ეკრანზე ის, რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი. ეს არ ნიშნავს, რომ მე დღევანდელობას არ ვესადაგები, ან არ მაქვს საშუალება, გადავიღო ფილმები, უბრალოდ, მხატვრულ კინემატოგრაფში მე ჩემს მწვერვალებს, ალბათ, უკვე მივაღწიე. მე ვეღარასდროს გავიმეორებ ისეთი კლასის ფილმებს, როგორებიცაა ,,შემოდგომის მარათონი” და ,,მე დავდივარ მოსკოვში”.
- თქვენს მშობლებს თუ ჰქონიათ კინოსთან კავშირი?
- დედაჩემი ქართველი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის და იყო, მიხეილ ჭიაურელის ცოლის და. ჩვენს სახლში ნამყოფია თითქმის მთელი მოსკოვის კინემატოგრაფიული და თეატრალური ელიტა: დოვჟენკო, პუდოვკინი, ნემიროვიჩ-დანჩენკო, კაჩალოვი, ტარასოვა და სხვები... მამაჩემი ჩუმი, გულჩათხრობილი ადამიანი იყო, ამ კუთხით, ხასიათით მე ალბათ მამას ვგავარ.
- თქვენ საზღვარგარეთელ ელიტასთანაც ურთიერთობდით, მაგალითად, ფედერიკო ფელინისთან...
- მისი შემოქმედება ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის, მაგრამ ამასთანავე შეგნებული მქონდა, რომ მე თვითონ ასე ვერასდროს გადავიღებდი, როდესაც ფელინი გარდაიცვალა, ჩემთვის ეს მეოცე საუკუნის კინემატოგრაფის გარდაცვალებას ნიშნავდა. დაკრზალვაზეც კი წავედი, მაგრამ იმის თქმა, რომ ის ჩემი მასწავლებელი იყო, ბაქიაობა იქნება, მთავარი მასწავლებელი მაინც ცხოვრებაა.
- ფილმში ,,მე დავდივარ მოსკოვში” ახალგაზრდა ნიკიტა მიხალკოვის დებიუტი შედგა, გაქვთ თუ არა ურთიერთობა მასთან და როგორ აფასებთ მის ნამუშევრებს?
- ერთხელ შემოქმედებით საღამოზე ერთმა მაყურებელმა მკითხა: შემეძლო თუ არა წარმომედგინა, რომ მიხალკოვი გახდებოდა ასეთი ცნობილი რეჟისორი, რუსული კინოს ვარსკვლავი. მცირე პაუზის შემდეგ ვუპასუხე: ,,მართალი გითხრათ, მეგონა, ის პრეზიდენტი გახდებოდა”, დარბაზი ხარხარებდა.
- თქვენ ახალი ჟანრი შექმენით - ,,ლირიკული კომედია”, როგორ მოხდა ეს?
- ეს მოხდა ,,მე დავდივარ მოსკოვში” ფილმის ჩაბარების დროს, უფროსებს სურათი მოეწონათ, გაიღიმეს, მაგრამ ხმამაღლა არ იცინოდნენ, შემდეგ ამ ფენომენის შესახებ მკითხეს, მეც ავდექი და ვუპასუხე: ,,ყველაფერი მართალია, ეს ხომ კომედიაა, მაგრამ ლირიკული”.
- იმას როგორ უყურებთ, რომ ზოგჯერ კომედიოგრაფს გეძახიან?
- დიდი ხანია შეჩვეული ვარ იმას, რომ მე, გაიდაისა და რიაზანოვს კომედიურ სამეულში გვაერთიანებენ, მაგრამ ჩვენ განსხვავებულები ვართ! გაიდაი ექსცენტრიული კომედიის უბადლო ოსტატია, რიაზანოვი განსხვავებულ ფილმებს იღებს - სასაცილოდან-მელოდრამატულ და ძალიან დრამატულამდე. კომედიოგრაფი მხოლოდ ტერმინია და მე ამას მშვიდად ვუყურებ.
- თქვენი ფილმები ხშირად გადის ტელევიზიით, გიყვართ მათი ყურება? და თუ შეცვლიდით რამეს ახლა?
- ტელევიზიით ჩვენების ხარისხი ჩამორჩება იმას, რისი ნახვაც კინოთეატრში შეიძლება, ამიტომ არ ვადევნებ თვალს პროგრამას, ჩემს სურათებში კი ბევრს გავასწორებდი. მაგალითად, ,,აფონიაში” ,,ამოვჭრიდი” სოფლის სცენას მთლიანად. ახლა მე ვხვდები, რომ ის ოდნავ ხელოვნურად არის მიერთებული ამ ქალაქის ტრაგიკომედიასთან.
- მართალია, რომ თქვენ თქვენს ფილმებს ხუთბალიანი სისტემით აფსებთ?
- აბსოლუტური სიმართლეა. ხუთიანებს ვუწერ ფილმებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ,,გამომივიდნენ”: ,,არ დაიდარდო” და ,,შემოდგომის მარათონი.” ეს არნიშნავს, რომ ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, უბრალოდ, მათში მეტი აღმოჩენაა. საუკეთესო სცენარი კი ალბათ ,,იღბლიანი ჯენტლმენები” იყო. მე ის ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავწერე, მაშინ ახალგაზრდები და მხიარულები ვიყავით, რაც ამ სურათზეც აისახა. შემოსავლების მხრივ ყველა რეკორდი ,,აფონიამ” მოხსნა, ხოლო წარმატების მარათონი ,,მიმინომ” აჩვენა, იმიტომ, რომ ის ყველაზე ბევრჯერ აჩვენეს ეკრანებზე და ტელევიზიით.