ბიძინა გიორგობიანი:

ბიძინა გიორგობიანი: "გერმანიამ უკვე მესამედ გადამარჩინა აშკარა სიკვდილს"

[რეზონანსი  ირმა ჩაფიძე]


ესპანეთში დაკავებული ქართველი ემიგრანტი და გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანი მადრიდში ელოდება, როდის გადასცემენ გერმანულ მხარეს. "რეზონანსმა" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან, რომელიც ქართულმა მხარემ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ოფიციალური ბრალდება, რის საფუძველზეც გიორგობიანს ინტერპოლი ეძებდა, ოჯახს სტრასბურგის სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. არაოფიციალური ვერსიით კი, სატყეო დეპარტამენტის ყოფილ შეფს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხე-ტყის ბიზნესში ხელის შეშლის გამო დევნის.

"რეზონანსი": რატომ და როგორ დაგაკავათ ესპანურმა პოლიციამ?

ბიძინა გიორგობიანი: ესპანურმა პოლიციამ დამაკავა 7 აგვისტოს. დამაკავეს პანსიონში, მალიორკაზე, სადაც ვცხოვრობდი ჩემს ოჯახთან ერთად. როდესაც პანსიონის მისაღებში მივედით რეგისტრაციისათვის, მე გადავეცი ჩემი პასპორტი. არადა, გაფრთხილებული ვიყავი გერმანელების მიერ, იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით, რომ ქართული მხარე გეძებს პოლიტიკური მოტივებით, შენ ხარ გერმანიის მოქალაქეო და მირჩიეს, თავი შემეკავებინა გერმანიის და უკიდურეს შემთხვევაში, ევროკავშირის საზღვრების დატოვებისაგან. 

საქართველოში ხშირად შეცდომით ამბობენ, თითქოს გერმანიაში მაქვს პოლიტიკური თავშესაფარი. ეს არასწორია. მე ვარ გერმანიის სრულუფლებიანი მოქალაქე 2007 წლის ნოემბრიდან. უბრალოდ, გერმანელებმა მთხოვეს, ნუ დატოვებთ გერმანიის საზღვრებს, განსაკუთრებით - ევროკავშირის საზღვრებსო. იცით, რომ ადამიანს უფრო უყვარს სასურველის დამახსოვრება. მე გერმანია არ დავიმახსოვრე და დავიმახსოვრე ევროკავშირი. ვიფიქრე, რომ ევროკავშირის შიგნით ჩემთვის მოძრაობა არ იქნებოდა არანაირ საფრთხესთან დაკავშირებული, მით უმეტეს, იყო შემთხვევები, როცა, მაგალითად, 2009 წელს ვიყავით პოლონეთში მე და ჩემი 2 მეგობარი. იქ პოლონურმა პოლიციამ ჩემი საბუთები შეამოწმა. ცოტა სიჩქარეს გადავაჭარბეთ და ამის გამო. პოლონეთში პოლიციელმა მითხრეს, რომ შენ საქართველოს მხრიდან ინტერპოლის სიაში ხარო, იქ ცენტრალურში გვითხრესო, მაგრამ ჯარიმა გადამახდევინა და დამანება თავი. მას შემდეგ მე სტრასბურგშიც ვარ ნამყოფი საქმეზე და ბრიუსელშიც, ასევე ავსტრიაშიც და არანაირი პრობლემა არ მქონია. 

ესპანეთში, ალბათ, რაღაც ქართულ მხარესთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიტუაციაა, რადგან აქ ადამიანები არიან წამოსული საქართველოდან საშოვარზე. ეს არ ხდება კარგი ცხოვრების გამო. ეს ხდება სიდუხჭირის, უმუშევრობის, ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც საქართველოშია. ხალხი გარბის საქართველოდან, დიდი ნაწილი არის ესპანეთში და მუშაობს ჩვეულებრივად. მეორე ნაწილი დაკავებულია რაღაც უკეთური საქმიანობით და ამათ რაღაც ოპერაციებიც ჩაუტარებიათ პირობითი სახელწოდებით "კრაზანა" და ეგეთი რაღაცები. ამიტომ არის აქ, როგორც ჩანს, სხვა დამოკიდებულება ქართველების მიმართ. 

როცა მე აქ სასტუმროში მივეცი ჩემი პასპორტი და მონაცემები შეიტანეს, ამის შემდეგ მოვიდნენ ინტერპოლის წარმომადგენლები. მე და ჩემი შვილი სასტუმროში ვიყავით, გაზეთს ვკითხულობდით. როცა მოიტანეს ჩემი სურათი, ბუნებრივია, მივხვდი, რაც ხდებოდა. მითხრეს, თქვენი საბუთებიო. ჩემმა შვილმა დაუძახა ჩემს მეუღლეს, ჩემი მეუღლე ავიდა, ჩამოიტანა საბუთები, პასპორტი. მთხოვეს, წავყოლოდი განყოფილებაში. მე ვიფიქრე, რომ წავყვებოდი და გაირკვეოდა ყველაფერი. ამით დაიწყო ჩემი ორკვირიანი პატიმრობა. 

პირველი წინასწარი 72-საათიანი დაკავება იყო განსაკუთრებით რთული იმიტომ, რომ ჯერ არის ფსიქოლოგიური შოკი ადამიანისთვის, როცა არის თავის ოჯახთან ერთად, არაფერს ცუდს არ ელოდება, გერმანიის მოქალაქე ვარ ესპანეთში, არც ერთი ქვეყნისათვის არაფერი დამიშავებია და ჩემი ოჯახის თვალწინ დამაპატიმრეს. წამიყვანეს და ძალიან ცუდ პირობებში ვიყავი. მე ამის შესახებ დავწერე პატარა ნარკვევი საკანში, სადაც მომათავსეს. ეს წიგნი არის 60-გვერდიანი და ვწერ, თუ როგორი პირობებია აქ. ალბათ, უახლოეს პერიოდში ვეცდები, გამოვცე. 

"რ": თუ შეგიძლიათ, მოკლედ ჩვენც გვითხრათ, როგორი პირობებია ესპანეთის ციხეებში?

ბ. გ: ცუდი. ჯერ ერთი, ჩემი ნივთები ვერ დავიბრუნე. სად არის ჩემი სამედიცინო დაზღვევა, წიგნაკი, მანქანის მართვის მოწმობა და ა. შ. არც კი ვიცი. რაც კი თან მქონდა, ჩამომართვეს და უკან აღარ მიბრუნებენ. იქ 200 ევროც მედო. გერმანიის საკონსულო ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ ეს ჩემი ნივთები რამენაირად დააბრუნოს. როცა მიმიყვანეს წინასწარი დაკავების საკანში, მე მათ ვუთხარი, რომ მოვითხოვდი დაკავშირებას გერმანიის საკონსულოსთან. მათ არ მომცეს ამისი უფლება, მითხრეს, რომ შენ ხარ საქართველოს მოქალაქე, ინტერპოლი გეძებს, და თუ გინდა, დაგაკავშირებთ საქართველოს საკონსულოსო. ამის შემდეგ მე მათ ვუთხარი, მე ვაცხადებ შიმშილობას, მივიღებ მხოლოდ წყალს, სანამ არ დამაკავშირებთ გერმანიის საკონსულოსთან. ეს გრძელდებოდა სამი დღის განმავლობაში მართლაც ასე. 

მერე არანაირი რეაქცია ამაზე არ ჰქონიათ. მე მაწუხებს გულის პრობლემები, ამიტომ პატიმრობის მეორე დღეს დამემართა გულის შეტევა. მითხრეს, ხომ არა გაქვს სამედიცინო დაზღვევაო. მაქვს კარგი დაზღვევა, ეს მათ გაუხარდათ და კარგად მიმკურნალეს. 

თვთიონ ესპანური მხარე არც კი დაკავშირებია გერმანულ მხარეს. ჩემთან საკონსულოდან ადამიანებმა მხოლოდ მას შემდეგ შემოაღწიეს, რაც ჩემი მეუღლე ჩავიდა ბერლინში და იქ საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე დაიწყო მუშაობა ჩემი დახსნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ შემოუშვეს გერმანიის კონსული ჩემთან ესპანელმა სამართალდამცავებმა. 

პალმის ციხეში აღმოჩნდა ერთი ძალიან კარგი კაცი, სახელად ფელიქსი, რომელიც აღმოჩნდა ჩემი მეგობრის შორეული ნაცნობი. ამის შემდეგ იქ ადამიანური დამოკიდებულების რაღაც ელემენტები გაჩნდა. იქ ვიყავი დაახლოებით ერთი კვირა. იქ არანაირი საგამოძიებო ქმედებები არ ტარდება. პალმის ციხეში არიან მოთავსებულები ძირითადად მაროკოდან სეზონზე ჩამოყვანილი ადამიანები, რომელთაც ჩამოაქვთ ნარკოტიკები და იქ არიან გასართობად. გავიგე, მანდ ჩემზე "რუსთავი-2-ს" გამოუცხადებია, ნარკომოვაჭრესთან ერთად არის დაკავებულიო. იცით, პალმის ციხეში თითქმის მხოლოდ ნარკომოვაჭრეები სხედან. იქ პოლიტპატიმრები არ არიან. საზაფხულო სეზონზე მაროკოელები და სხვა ქვეყნიდან არალეგალები ჩამოდიან და ამ საქმიანობას ეწევიან.

ჩემი აზრით, საქართველოში ციხეში უფრო მეტი პოლიტპატიმრები არიან, ვიდრე სისხლის სამართლის დამნაშავეები. იქ კიდევ პირიქითაა. იქ რამოდენიმე ადამიანი იყო ისეთი, ვისთანაც შევძელი კონტაქტში ყოფნა. იქ იჯდა გაუგებრობის გამო ორი კვირით ძალიან კარგი ქართველი კაცი, გვარად მეშველიანი. ის იქ ცხოვრობს, ესპანეთის მოქალაქეა. რომ გაიგო ჩემი სახელი და გვარი და ის, რომ მე იქ ვიყავი დაკავებული, მისი ცოლიც მოდიოდა და მეც მეხმარებოდა თავისი გზავნილებით. მე როგორც გითხარით, იქ თავის გატანა ადვილი არ არის. თავის ქმრისთვის მიჰქონდა რაღაცები და მეც მეხმარებოდნენ. მე როგორც გითხარით, პოლიციაში დაკავების შემდეგ ფული ფიზიკურად აღარ მქონდა, ამიტომ რთული იყო თავის გატანა.

"რ": ანუ ესპანეთის ციხეში, საქართველოს მსგავსად, პატიმრებს თავად უხდებათ საკუთარ კვებაზე ზრუნვა?

ბ. გ: არა, კვება აქვთ, მაგრამ აქ არის წყლის პრობლემა. ონკანის წყლის დალევა არ შეიძლება, რადგან ავადმყოფობა, ფაქტობრივად, გარანტირებული გაქვს. წყალი ხომ უნდა იყიდო და ელემენტარული ჰიგიენის ნივთები გჭირდება. პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგ მე ფული, დაახლოებით 200 ევრო მქონდა და ჩემი ნივთები და ეს ფული მე მერე აღარ მინახავს. გერმანიის საკონსულო მადრიდში და გერმანიის საკონსულო პალმაში ყოველდღე რეკავენ პოლიციის განყოფილებაში და ეძებენ ჩემს ნივთებს, მაგრამ - უშედეგოდ. ძალიან ნელა მუშაობს ესპანური სამართალდამცავი სისტემა.

"რ": მაგრამ გერმანიის მხარის ძალიან კმაყოფილი ხართ, არა?

ბ. გ: დიახ, კმაყოფილი კი არა, მე შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, რომ მე გერმანიის სახელმწიფომ მესამედ მიხსნა აშკარა სიკვდილისაგან. კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც მე გამომიყვანეს და მოხდა ჩემი ეტაპირება პალმადან მადრიდის ციხეში, მადრიდის ციხეში უკვე ვიყავი მძიმე კრიმინალებთან ერთად. აქ არიან ძალიან მძიმე დამნაშავეები და პირობებიც აშკარად უარესია. აქ 5-6 დღე დავყავი, და შემდეგ სასამართლოზე რომ მიმიყვანეს, იქ სასამართლოს დარბაზიდანვე გამანთავისუფლეს და მთხოვეს, რომ იმ პირობებში, თუ რაიმე კითხვის დასმა დასჭირდებათ ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გამოვცხადდე და ვუპასუხო მათ კითხვებს. მე თითქმის ყოველდღე დავდივარ გერმანიის საკონსულოში. პირველი მიღება მათ მომიწყვეს, ეს იყო სამშაბათს, როცა გამანთავისუფლეს. ამ შეხვედრაზე მე მითხრეს, რომ ჩემი პროცესი მაქსიმალურად რომ დაჩქარდეს, ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის. ბერლინში მე მაქვს სამუშაო, იქ ჩემი ოჯახია, იქ უამრავი საქმე მიფუჭდება. აქ კი ვცხოვრობ მეგობრის ოჯახში, მაგრამ თვეობით ვერ ჩავუსახლდები, ხომ?

ისინი შემპირდნენ, რომ ეცდებიან, ესპანურ იუსტიციასთან ერთად სწრაფად გააკვიონ ეს პროცესი. გერმანული მხარე თვლის, რაც დოკუმენტურადაც დაადასტურეს, რომ მე არა ვარ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა გერმანიისა და მოითხოვენ ჩემს გადაცემას, რაც შეიძლება, დროზე, გერმანული სახელმწიფოსათვის. გერმანიის საკონსულო ძალიან მოტივირებულად და ძალიან ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხზე. მე დღესაც მაქვს იქ შეხვედრა დანიშნული, რომ გამაცნონ, რა გაკეთდა დღეს ჩემს საქმესთან დაკავშირებით.

"რ": ბიძინა, თითქოს ქართველი სამართალდამცავები არ აქტიურობენ თქვენს საქმესთან დაკავშირებით... არ იგრძნობა დაინტერესება თქვენი გადმოცემის სურვილით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეუბნებიან. ვისაც რაიმე შეკითხვა დავუსვით, ყველა ამბობს, რომ არაფერი იცის და შვებულებაშია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

ბ. გ: ეგენი ყველა უკეთურებას შვებულების პერიოდში აკეთებენ; მაგათ სულ შვებულება არა აქვთ? დიდი შრომისმოყვარეობით არ გამოირჩევიან. მე ვიცი, რომ ქართული მხარე ძალიან აქტიურობს, მათ შორის, პირადი კონტაქტების დონეზეც, რომ როგორმე საქართველოს გადამცენ. 

"რ": ანუ ესპანელი სამართალდამცავების მიერ თქვენი დაკავება არ არის შემთხვევითობა?

ბ. გ: ჩემი დაკავება იყო ჩემი დაუდევრობის შედეგი. მე მოვადუნე ყურადღება, რაც არ ეპატიება დევნილობისა და აბრაგობის ისეთი ხანგრძლივი სტაჟის მქონე ადამიანს, როგორიც მე ვარ. ამის შემდეგ პროცესში ქართული მხარე ძალიან აქტიურად არის ჩაბმული. მე ვიცი, რომ სააკაშვილმა 2005 წელს ერთ-ერთ ჩვენს საერთო ნაცნობს უთხრა, მე მაგას ბორკილებით ჩამოვიყვანო. მე მაგას ვეტყვი, რომ მაგას ბორკილებით მალე ნახავს მთელი მსოფლიო.