შეწყვიტეთ დიდი თამაში!!!

შეწყვიტეთ დიდი თამაში!!!

[თომას დე ვაალი, Foreign Policy]

 

ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ ამიერკავკასიიდან კვლავ ცუდი ამბები მოდის. რეგიონის ორი ყველაზე ვრცელი საზღვარი (სომხეთ-აზერბაიჯანის და რუსეთ-საქართველოსი) ნაწილობრივ ან მთლიანად დახურულია, ხოლო სახელისუფლებო ორგანოებში გამეფებული კორუფციის გამო, ნორმინალურად გახსნილი საზღვრებიც კი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას არ იძლევა.

 

საბჭოთა პერიოდის „მშობლებს“, საქართველოს და აზერბაიჯანს გამოყოფილი, მაგრამ რეალური სუვერენიტეტის არმქონე რეგიონის სამი დე-ფაქტო მიკრო-სახელმწიფო – აფხაზეთი, სამხრეთ-ოსეთი და მთიანი- ყარაბახი – „ბუნდოვან ზონაში“ იმყოფება. ომმა უსახლკაროდ დატოვა ასობით-ათასი დევნილი. სიღარიბე და უმუშევრობა არ იკურნება. მილიონობით ადამიანი სახლისგან მოშორებით, ძირითადად რუსეთში მუშაობს. ასეთი სამწუხარო ვითარების გამო, დამნაშავეები როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენელებიც არიან.

 

რაში მდგომარეობს უცხოელების ბრალი? ვფიქრობ, ყველანი დამნაშავეები ვართ, რადგან ჩვენი არასწორი წარმოადგენების და ინტერპრეტაციების გამო, რეგიონში შექმნილი ისედაც აუტანელი პოლიტიკური ვითარება, კიდევ უფრო გაუარესდა. ვხედავ სამ სახიფათო ილუზიას, სამ მცდარ მიდგომას, რაც რეგიონს მავნე შედეგების სახით უბრუნდება.

 

პირველი და იმავდროულად სამიდან ყველაზე ძველი ილუზია,  ამ რეგიონის „დიდ საჭადრაკო დაფად“ წარმოდგენა, რომელზეც დიდი სახელმწიფოები პატარებს როგორც პაიკებს ისე ამოძრავებენ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად. სინამდვილეში კი, გეოპოლიტიკური კლიმატი როგორც არ უნდა იცვლებოდეს, ადგილობრივი პოლიტიკოსები ყოველთვის ახერხებენ საგარეო ძალებით მანიპულირებას, ყოველ შემთხვევაში ისეთივე დოზით, როგორითაც დიდები მათით მანიპულირებენ.

 

ოცი წლის შემდეგაც, კავკასია კავკასიად რჩება, მთელი თავისი სირთულეებითა და მრავალფეროვნებით – ეს არ არის რუსეთის, თურქეთის ან ირანის ასიმილირებული პროვინცია. კავკასიის ხალხები საკმარისად ძლიერები არ არიან იმისთვის, რომ კეთილდღეობას მიაღწიონ, სამაგიეროდ საკმარისი ძალა გააჩნიათ იმის, რომ დიდი მეზობლების ზეწოლას შეეწინააღმდეგონ: ამას პირობითად შეგვიძლია „არაუსაფრთხოების ბალანსი“ დავარქვათ.

 

საკუთარი ისტორიის განმავლობაში სომხები, აზერბაიჯანლები და ქართველები, ისევე როგორც რეგიონის უფრო მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები, საგარეო შემოსევებს განიცდიდნენ და მათი ასიმილაციის მცდელობებს მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ. რა თქმა უნდა, ხშირად გადარჩენის ფასი ფაუსტის უმაღლეს ძალასთან ერთგვარ შეთანხმებას ჰგავდა. ასე აღმოჩნდნენ აზერბაიჯანლები თურქებთან და ბრიტანელებთან ალიანსში, ქართველები – გერმანელებთან და ბრიტანელებთან, ხოლო სომხები, აფხაზები და ოსები – რუსეთთან ალიანსში.

 

ის გარე ძალა, რომელიც გასულ საუკუნეში დიდწილად განსაზღვრავდა რეგიონის ბედს საბჭოთა რუსეთი იყო, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში არა იმდენად წყვეტდა რამდენადაც უფრო ზედაპირულად აგვარებდა კავკასიურ წინააღმდეგობებს. 1920 წლიდან რეგიონი საბჭოეთის ავტორიტარული მართვის მხუთავ მარწუხებს უძლებდა.

 

1919 და 1991 წლების მოვლენები დიდწლად ერთმანეთს წააგავს: აფხაზები და ოსები ქართველი ნაციონალისტების მხრიდან სავარაუდო საფრთხის გამო დახმარებას რუსეთს სთხოვენ, ხოლო საქართველო რომელმაც ის იყო დამოუკიდებლობა მოიპოვა, რუსული საფრთხის გამო დახმარებას ახლადშეძენილ დასავლელ პარტნიორებს სთხოვს. 2008 წლის აგვისტოში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილმა წინააღმდეგობებმა სამხრეთ-ოსეთი, ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთ–ამერიკის ყველაზე სასტიკი შერკინების ადგილად აქცია.

 

ყველა ამ ურთიერთობების რთული ხასიათის გათვალისწინებით, უკეთესი იქნება თუკი ამ სურათს მივუდგებით არა როგორც დიდ საჭადრაკო დაფას, არამედ როგორც დომინოსგან შეკოწიწებულ კოშკს, როდესაც ერთი დეტალის გამოცლით, შეიძლება მთელი შენობა ჩამოინგრეს.

 

მეორე ილუზია იმაში მდგომარეობს, რომ რუსი დათვი რეგიონს თავზე ადგას და დღესაც კი მზადაა შედარებით დაუცველი კავკასიური ერები გაანადგუროს. ვფიქრობ ეს გაზვიადებული წარმოდგენაა. რა თქმა უნდა რუსეთი რეგიონის ყველაზე ძლიერი მოთამაშეა.

 

1990-იან წლებში რუსეთის არმია რეგიონის კონფლიქტებში მართლაც ერეოდა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰქონდა და ახლაც რუსი სამხედროები თბილისიდან სულ რაღაც ოცდაათი მილის მოშორებით, ქალაქ ახალგორში იმყოფებიან, მაგრამ რუსეთის უნარი გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ეს ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია.

 

მთავარი ფაქტორი, რაც რეგიონში რუსეთის გავლენას ზღუდავს – მისი გეოგრაფიაა. ჯერ ერთი დიდი კავკასიური უღელტეხილი ფიზიკური ბარიერია, მეორეც ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის საკუთარი მტკიცე ტრადიცია, მეფის რუსეთს და საბჭოთა კავშირს აიძულებდა რეგიონი ემართა არა პირდაპირ, არამედ ადგილობრივ ლიდერებზე დაყრდნობით. რუსები რეგიონში ყოველთვის ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილები, ახლაც კი რუსეთის მოქალაქეები იქ ძალიან ცოტაა, ისევე როგორც ადგილზე პიდაპირი ზემოქმედების ბერკეტი.

 

ბევრმა დასავლელმა ანალიტიკოსმა 2008 წლის ომი იმის დასტურად მიიჩნია, რომ რუსეთს ამიერკავკასიასა და ზოგადად „ახლო საზღვარგარეთში“ გაბატონების ნეოიმპერიალისტური გეგმები აქვს. სინამდვილეში ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოსკოვი საკმაოდ აქტიურად გამოდიოდა სხვადასხვა სტიმულების შეთავაზებითა და სომხეთს და აზერბაიჯანს საჩუქრებს ჩუქნიდა, ხოლო პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პირადად დახარჯა დრო და მთიან-ყარაბახში მშვიდობის დამყარების პროცესისთვის გაისარჯა.

 

ახლახანს რუსეთის მიერ სომხეთთან სამხედრო კავშირის განმტკიცება, ვერ შენიღბავს მის დროში გაჭიანურებულ წასვლას კავკასიიდან, სადაც ადგილობრივ მოთამაშეებს და მათ შორის სომხეთსაც, ერთობლივად რამდენიმე პარტნიორის ყოლა ურჩევნიათ, ვიდრე ერთის. დღეს რუსეთი კავკასიაში – თამაშის რამდენიმე მონაწილეთაგან მხოლოდ ერთ-ერთია, ხოლო მნიშვნელობა იქ ეკონომიკურ და არა სამხედრო პოტენციალს აქვს.

 

გამოყოფილ რეგიონებში, სამხრეთ-ოსეთში და აფხაზეთშიც კი, რომლებიც დასთანხმდნენ იმას, რომ ისინი დე-ფაქტოდ მოსკოვს ემართა საქართველოსგან დე-ფაქტო გამოყოფის სანაცვლოდ, რუსეთის ფსონები არც ისე მაღალია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მოსკოვი ამ რეგიონებში მილიონობით დოლარს აბანდებს, მაგრამ ეს ფული სხვა რაღაცეებზე უნდა იხარჯებოდეს. მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანას არ მიუბაძავს რუსეთის მაგალითისთვის და არ უღიარებია ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, მოსკოვის ნაბიჯმა არასტაბილურ ჩრდილოეთ-კავკასიაში უკმაყოფილება გამოიწვია.

 

გრძელვადიან პერიოდში ამ „გაყინული კონფლიქტების“ მოგვარება შეიძლება შესაძლებელი გახდეს, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩიხური სიტუაცია რომელიც ამ ტერიტორიების ირგვლივ შეიქმნა, ხელს უშლის მოსკოვს უსაფრთხოების კიდევ უფრო არსებით პრობლემას – ტურბულენტურ ჩრდილოეთ-კავკასიას გაუმკლავდეს. რუსეთს არა აქვს უნარი ჩეჩნეთი, დაღესტანი და ინგუშეთი საკუთარი ძალებით მოარჯულოს, ამისთვის მას ქართველების, აფხაზების, ოსების და დასავლეთის დახმარება დასჭირდება. რა თქმა უნდა, სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო, ხოლო რუსეთთან მხოლოდ ერთი მთის გვირაბი აკავშირებდა, შეთანხმების მიღწევა უახლოეს ათწლეულში შესაძლებელია.

 

ასე რომ წარმოდგენა ყოვლისშემძლე რუს დათვზე შეცდომაა. მოსკოვი მკბენარა და არაპროგნოზირებადი ცხოველია, მაგრამ არც თუ ყოვლისშემძლე.

 

მესამე ილუზიაა ის, რომ თითქოს სამხრეთ-კავკასიას დასავლეთის ქვეყნებისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ასეთ მცდარ წარმოდგენას ჩვენთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს. ამიერკავკასიის გლობალურ მნიშვნელობაზე წარმოდგენის ჩამოყალიბებას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი: პირველი – ამ რეგიონში იმ დერეფნის წარმოდგენა, რომელიც დასავლეთის ენერგომატარებლებით მომარაგებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და მეორე იმავდროულად მისი აღქმა ნატო-ს გაფართოვებისთვის სასურველ მოედნად.

 

რაც შეეხება ენერგეტიკას რა თქმა უნდა უდაოა, რომ ამიერკავკასიაზე კასპიისპირა რეგიონიდან ნავთობის და გაზის ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი მარშრუტი გადის და აბსოლუტურად გასაგებია, რატომ არის საჭირო აზერბაიჯანის ის მილსადენები, რომლებიც რუსეთს და ირანს არ უკავშირდება. ნავთობმა, რომელიც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენში მიედინება აზერბაიჯანს, რომელსაც ფული სჭირდებოდა მილიონობით დოლარი მოუტანა (ოდნავ ნაკლები საქართველოს).

 

კასპიის გაზი ორივე ქვეყანას დაეხმარა ნაწილობრივ გათავისუფლებულიყვნენ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისაგან, მაგრამ ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა შეცდომით გადაწყვიტა, რომ მილსადენების პოლიტიკა მოგებაზე თამაშია. 1990-იან წლებში ზოგიერთმა ენთუზიასტმა დაიჯერა განცხადებები იმის თაობაზე, რომ კასპიისპირა რეგიონში განსაკუთრებული მოცულობის ნავთობის საბადოები იყო. მას ქუვეიტის და საუდის არაბეთის მარაგებს ადარებდნენ.

 

საბოლოო ჯამში, ეს ცნობები ძალიან გაზვიადებული აღმოჩნდა. სიტუაცია არ გაუმჯობესებულა არც ორი არასწორად შერჩეული მეტაფორით. რა თქმა უნდა, „ახალი დიდი აბრეშუმის გზა“ (შუა აზიიდან – შავიზღვისპირეთისკენ მიმართული) მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ეს რაღაც არათანამედროვე, შუა საუკუნეობრივ წარმოდგენებს წააგავს, ხოლო როდესაც ამიერკავკასიის მიმართ ინტერესის ბოლოდროინდელ გამძაფრებას „დიდ თამაშს“ ადარებენ, უფრო ზუსტად კი შუა აზიასა და ავღანეთში გავლენისთვის ბრძოლას, რომელიც მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთს და დიდ ბრიტანეთს შორის გაჩაღდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადგილობრივი მცხოვრებლები – პასიური არსებები იყვნენ, მოსკოვი კი უკიდურესად საშიში მტერი.

 

მსგავსმა მეტაფორებმა პატარა ქვეყნებს ყალბი იმედები გაუჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთისთვის მათ უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვთ და იმავდროულად რუსეთიც განარისხეს. დღეს, როგორც სჩანს რეგიონში პლაცდარმის შექმნისკენ მიმართულმა სტრატეგიულმა ამბიციებმა ადგილი დაუთმო მისი მნიშვნელობის უფრო ფხიზელ შეფასებას, ევროპის ენერგეტიკული და ეკონომიკური მოთხოვნების თვალსაზრისით.

 

კიდევ ერთი მასშტაბური სტრატეგიული პროექტი, რომელიც დასავლეთმა კავკასიას თავს მოახვია – საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაა. სინამდვილეში, საქმე ეხებოდა არა საქართველოს უფლებას გამხდარიყო ალიანსის წევრი (ქართულმა საზოგადოებამ ამ საკითხისადმი თავისი პოზიტიური დამოკიდებულება რეფერენდუმზე გამოხატა, თანაც საკმაოდ დიდი უმრავლესობით).

 

საქმე ის არის, მოუტანდა თუ არა ნატო-ში გაწევრიანება რაიმე სარგებელს მაინც ნატო-ს ან საქართველოს და ახლა უკვე ცხადი გახდა რომ არა. შესრულებულმა სამუშაომ ვერ გააუმჯობესა საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და არც ნატო აღმოჩნდა მზად საკუთარ რიგებში ისეთი ქვეყანა მიიღოს, რომლის შეიარაღებული ძალები განუვითარებელი, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია და იმავდროულად საკუთარ ტერიტორიაზე ორი გადაუწყვეტელი კონფლიქტი აქვს.

 

როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გაცხადდა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიაჩნდა, რომ მის ქმედებებს სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით ვაშინგტონი მხარს დაუჭერდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდა. როდესაც კონფლიქტი ჩაცხრა, საქართველომ დაკარგა აფხაზეთიც, სამხრეთ-ოსეთიც და ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც.

 

გაცილებით სასარგებლო იქნებოდა სტრატეგიით, რიტორიკითა და მოკავშირების შერჩევითი მოზიდვით კი არ გვეთამაშა, არამედ კონცენტრირება მოგვეხდინა უფრო დაბალ დონეზე – ინსტიტუტების მშენებლობაში ინვესტირებაზე. მაშინ ამიერკავკასიის მცხოვრებლები უფრო საღად შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და იმასაც გაიგებენ, რისი თხოვნა შეუძლიათ მათ დასავლელი მფარველებისთვის, რომლებიც ყურადღებით და მეხსიერებით არ გამოირჩევიან. ამას პარადოქსულ დასკვნამდე მივყავარ: სტრატეგიული უმნიშვნელობის სასიცოცხლო დოზას ამიერკავკასიისთვის ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო. რეგიონის ამ რაკურსში განხილვისას, როგორც უცხოელები, ასევე ადგილობრივები უკეთ შესძლებენ არსებითი პრობლემების გადაწყვეტაზე კონცენტრირებას.

 

ვფიქრობ, ამიერკავკასიისთვის სასარგებლო იქნება ზესახელმწიფოებს შორის მორიგება – თუკი ისინი მტრული ზრახვების არ არსებობის პირობით ერთმანეთის ინტერესებს აღიარებენ. გარე ძალებმა უნდა მოილაპარაკონ, რომ რეგიონს იარაღს არ მიაწვდიან და კონფლიქტის მიმართულებით ნებისმიერ სვლას ერთობლივად შეაჩერებენ, მაგრამ ამას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც რეგიონი აღმოჩნდება ნებისმიერი უსაფრთხოების ალიანსის მიღმა და მისი „გარდამავალი“ სტატუსი მას კონფლიქტის ზონიდან ნეიტრალიტეტის ზონად გადააქცევს.

 

ახლა ეს სუფთა წყლის უტოპიად ჩანს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი რუსი სამხედროა თავმოყრილი აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში და როგორ გრგვინავს ყარაბახის კონფლიქტის ვულკანი, თუმცა უცხოელებს კავკასიაში აქვთ შესაძლებლობა ცოტა განსხვავებული მომავალი წარმოიდგინონ და საკუთარი პოლიტიკაც შესაბამისად ჩამოაყალიბონ.

 

ამ ამოცანას გვერდი-გვერდ მისდევს ეკონომიკური ხედვაც: წარმოიდგინეთ, რომ ამიერკავკასია გახდა თავისუფალი ვაჭრობის ზონა, კომუნიკაციის კვანძი, რომელსაც ვარსკვლავის მსგავსად, ხუთი მიმართულება აქვს: რუსეთისკენ, კასპიის მიმართულებით, ირანისკენ, თურქეთისკენ და შავიზღვისპირეთისკენ. როდესაც ხელახლა გაიხსნება სარკინოგზო ხაზი აფხაზეთის, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანული ნახიჩევანიდან ირანის გავლით (განშტოებებით შავ ზღვაზე, თურქეთსა და ევროპაში) – ეს ის დღე გახდება, როდესაც ამიერკავკასია კვლავ გადაიქცევა იმ რეგიონად, რომელსაც მომავალზე რეალური პერსპექტივები გაუჩნდება.

 

ამიერკავკასიის მცხოვრებლებში და უცხოელებში ასე ცოტა თუ ფიქრობს. მიდრეკილება ვიწრო, ორმხრივი მიდგომისკენ კავკასიური პოლიტიკის მუდმივი პრობლემაა, რომელსაც დამატებით ართულებს ისეთი სახელმწიფოების მრავალრიცხოვანი პოლიტიკური მიზნები, როგორებიც არიან რუსეთი და შეერთებული შტატები. მაგალითად, ვაშინგტონის პოლიტიკა სომხეთის მიმართ დიდწილად ნაკარნახევია კონგრესის მიერ, თანაც ამერიკაში მილიონამდე სომეხი ცხოვრობს, რომლებიც ძლიერ შიდა პოლიტიკურ ლობს ქმნიან. მეორეს მხრივ ამერიკას აზერბაიჯანული პოლიტიკაც აქვს და მისი მხარდამჭერები სამხედროებს და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენელებს შორის, აზერბაიჯანს ნავთობის და გაზის წყაროდ, ასევე ავღანეთში საჰაერო გზით ტვირთის გადატანისთვის სატრანზიტო ქვეყნად განიხილავენ. ამას ემატება ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც ერთ დროს პრეზიდენტ ბუშის „დემოკრატიზაციის პროგრამის“ საუკეთესო ექსპონატი იყო. პრობლემა ის არის, რომ ვაშინგტონში ამიერკავკასიას ფაქტობრივად ერთიან რეგიონად არავინ არ განიხილავს, სადაც არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესები და უსაფრთხოების პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც საერთო რეგიონალურ ჭრილში უკეთესია.

 

ხოლო კავკასიაში გარდაქმნების განხორციელებისთვის  ყველაზე პერსპექტიულ წყაროებს, კიდევ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. ეს წყარო რეგიონის მოსახლეობაა,  რომელიც მცირე ბიზნესით და ვაჭრობით არის დაკავებული. ხშირად ეს ადამიანები კავკასიის ფარგლებს გარეთ მუშაობენ და საკუთარ რეგიონს არ ამდიდრებენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არად აგდებენ არც საზღვრებს, არც ეთნიკურ სხვაობას, არც მითიურ „საუკუნეობრივ მტრობას“, რაზეც ზოგჯერ პოლიტიკოსები ალაპარაკდებიან ხოლმე, რომლებსაც მხარდამჭერების მოპოვება და შუღლის გაღვივება სურთ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამიერკავკასიის სამშვიდობო პროექტებზე მილიონობით დოლარი დახარჯეს, მაგრამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველაზე ეფექტურ კატალიზატორად ორი აბსოლუტურად სპონტანურად წარმოქმნილი საბითუმო ბაზარი იქცა.

 

ერთ-ერთი ასეთი ბაზარი, სამხრეთ-ოსეთის და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ერგნეთთან მდებარეობდა. ქართველები და ოსები, ფაქტობრივად ყველაფრით ვაჭრობდნენ – ავტომობილებით დაწყებული, ასანთით დამთავრებული და ამ ბაზრით მიღებული მოგება სამხრეთ-ოსეთს ათი წლის განმავლობაში ასულდგმულებდა. მეორე ბაზარი, სადახლოს დასახლებაში, საქართველოში მდებარეობდა, მაგრამ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ახლოს და ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში მყოფი ორივე ქვეყნის კომერსანტებისთვის გადასატვირთი პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. სამწუხაროდ დღეს ორივე ბაზარი დახურულია, მაგრამ დასკვნა ასეთია: რეგიონში, მიუხედავად ყველაფრისა დინამიკური ინდივიდები ცხოვრობენ, და არამხოლოდ ერთმანეთთან მებრძოლი ჯგუფები.

 

რაც შეეხება დასავლელ პოლიტიკოსებს, ჩემი აზრით მათ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ამიერკავკასიის საქმეებში ჩარევას გადაწყვეტენ, საკუთარ თავს ორი კითხვა უნდა დაუსვან: „ხელს შეუწყობს თუ არა ჩემი ქმედებები საზღვრების გახსნას და იზოლირებული რეგიონის გათავისუფლებას?“ და „დავეხმარები თუ არა მე უბრალო ადამიანებს, თუ მხოლოდ სახელმწიფოებს?“

 

foreignpress