დიმიტრი ლორთქიფანიძე: სომხეთის დემარში ჩემთვის გაუგებარია

დიმიტრი ლორთქიფანიძე: სომხეთის დემარში ჩემთვის გაუგებარია

დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას ითხოვს. მიზეზი გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე ქართულ რეზოლუციასთან დაკავშირებით სომხეთის მიერ დაფიქსირებული გადაწყვეტილებაა.

 

ჩვენი მეზობელი სახელმწიფო იმ ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, რომელთაც საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგ  ხმა ორჯერ მისცეს.  პირველ შემთხვევაში  მხარი დაუჭირეს რუსეთის წინადადებას, დოკუმენტის არ განხილვის შესახებ, მეორედ კი, თავად რეზოლუციის წინაღმდეგ მისცეს ხმა.

პრესა.გე დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

 

სესიაზე განაცხადეთ, რომ გენერალური ასამბლეის 64- სესიაზე სომხეთის მიერ ქართული რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემამ გაგაკვირვათ. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?

– ვიდრე ამ საკითხზე ვისაუბრებ, ვიტყვი, რომ 14 სექტემბრის სასესიო დღე იყო გარკვეული ტესტი მედიისთვის. რადგან 5-წუთიანი განცხადება, რომელშიც მოხსენიებული იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მომხდარი კონკრეტული მოვლენა, რომელიც ეხებოდა ქართულ ინიციატივას დევნილების  სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს დევნილების წარმოშობის ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობას და რომელსაც 50–მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი 17–ის წინააღმდეგ. ამ 17–ს შორის, ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიცაა ნაურუ,  პაპუა-ახალი გვინეა, ჩრდილოეთ კორეა,  ნიკარაგუა, ვიეტნამი, აღმოჩნდა ჩვენი მეზობელი, მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო – სომხეთი. მოწინააღმდეგეთა რიგებში მის აღმოჩენას პირადა მე, არ ველოდი.

 

გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა მესამე გზა, რომელიც დანარჩენმა 86–მა ქვეყანამ გამოიყენა, როდესაც ან კენჭისყრაში მონაწილეობაზე თქვა უარი ან, თავი შეიკავა.

 

მედია ტესტში რას გულისხმობდით?

– სამწუხაროდ, ჩემი განცხადება არცერთმა მედია საშუალებამ არ გააშუქა, გარდა ინტერნეტ ტელევიზიის და ტელეკომპანია „კავკასიისა“. არა და 2008 წელს მომხდარი ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ამ თემით დიდად არც ბეჭდვითი მედია დაინტერესდა.

 

მეტიც, ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი სხდომაზე შეეცადა, ჩემი განცხადებისთვის ქსენოფობიური ელფერი მიეცა, რაც არასწორია.

 

მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე სწორედ სომხეთისთვის გავხსენით ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რასაც თავად საქართველოსთვის არანაირი ფისკალური ეფექტი არ ჰქონია; გარდა ამისა, ამ სახელმწიფოსთვის სასათბურე პირობებია შექმნილი ბიზნეს-სექტორში საქმიანობისათვის და ვერ ნახავთ ვერცერთ სავაჭრო პუნქტს, სადაც სომხური წარმოების რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქტი არ იყიდება.

 

ხაზი მინდა, გავუსვა იმასაც, თუ რამდენად კომფორტული პირობები აქვთ შექმნილი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს დასასვენებელ-ტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობისთვის.

 

სწორედ ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ჩვენი მეზობლის ასეთი დემარში და თუნდაც, კეთილმეზობლური პოლიტიკის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკა რატომ არ აღმოჩნდა იმ 86 ქვეყანას შორის, რომლებმაც გაეროში ქართული რეზოლუციის კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს. ბატონი ვაშაძისგან, როგორც დიპლომატისგან მოვითხოვე, ჩვენთვის, როგორც არადიპლომატებისთვის აეხსნა ოფიციალური ერევანი საქართველოსთან ასე მწყრალ დამოკიდებულებაში რატომ არის.

 

სამწუხაროდ, ბატონმა მიხეილ მაჭავარიანმა, თავისი კომენტარით სცადა, სულ სხვა ელფერი მიეცა ჩემი ამ განცხადებისთვის და მოსახლეობისთვის გარკვეულ ქსენოფობიურ კონტექსტში მიეწოდებინა. თუმცა, ვფიქრობ, არ გამოუვიდა.

 

როგორ ფიქრობთ ერევნის პოზიციის  მიზეზი ქართული დიპლომატიის სისუსტე იყო თუ, მისი ზედმეტი თავდაჯერებულობა?

– არაოფიციალური ახსნა–განმარტებებისას ძალიან ხშირად მიუთითებენ ხოლმე, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიზეზი სომხეთში შექმნილი ვითარებაა. ვგულისხმობ ყარაბაღის თემას. არაერთხელ აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ – საერთაშორისო სამართალი ორ უმთავრეს პრინციპს ემყარება: ერთა თვითგამორკვევას და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ, მშვიდობიანად ვერ თანაარსებობენ.

 

ამის მაგალითია იგივე კანადა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ესპანეთი და თქვენ წარმოიდგინეთ შვეიცარიაშიც კი არის გარკვეული პრობლემები ამ თვალსაზრისით, მაგრამ როცა საქმე დევნილების მათი წარმოშობის ადგილებზე დაბრუნებას ეხება, ეს ჰუმანიტარული საკითხია და აქ, მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს უფლება აქვთ დაბრუნდნენ წარმოშობის ადგილებში. ამის შედეგია ის, რომ ქართულ რეზოლუციას მხარი 50-მა სახელმწიფომ დაუჭირა 17-ის წინააღმდეგ.

 

მახსოვს მიხეილ სააკაშვილის კომენტარი რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ  ამ საკითხთან დაკავშირებით  საკუთარი უტიფარი პოლიტიკის დემონსტრირება და იმპერიული ზრახვების ლუსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა.  რომელმაც არა თუ მხარი დაუჭირა, შეეცადა ჩაეგდო ეს რეზოლუცია. თუმცა, არავის არაფერი უთქვამს ჩვენი მეზობელი სომხეთის პოზიციაზე, რომელიც, ვიმეორებ, სრულიად გაუგებარია. რადგან ერთა თვითგამორკვევის და ყარაბაღის თემა დევნილთა წარმოშობის ადგილებში დაბრუნების საკითხთან ერთ კონტექსტში განსახილველი არ არის.

 

მე არ მითქვამს, რომ ოფიციალურ ერევანს აუცილებლად მხარი უნდა დაეჭირა ამ რეზოლუციისთვის. მაგრამ მას შეეძლო კენჭისყრაში არ მონაწილეობა ან, თავის შეკავება.

 

ისე, როგორც საქართველო მოიქცა კოსოვოს საკითხის განხილვის შემთხვევაში?

– კი ბატონო, ასე გამოხატა საქართველომ პატივისცემა იმ პარტნიორული ურთიერთობებისადმი, რომელიც მას შეერთებულ შტატებთან, დასავლეთთან აკავშირებს. იგივე ხდება პალესტინელი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს. ერთია თავის შეკავება, მაგრამ, როდესაც ჩვენ პრინციპულად ვაძლევთ ხმას დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ, მაშინ ალბათ უნდა განვმარტოთ კიდევაც რატომ.

 

როგორ ფიქრობთ, ოფიციალურმა თბილისმა თავი რატომ შეიკავა და ასეთი ახსნაგანმარტება არ მოითხოვა?

– ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მითუმეტეს გაუგებარია ტონი, რომლითაც მე, ბატონმა მაჭავარიანმა მომმართა, რომელმაც ისიც კი იკადრა და ისიც კი ბრძანა – დემოკრატიულ სახელმწიფოში რომ არ გვეცხოვრა მიკროფონს გამოგირთავდნენო. ეს სკანდალია. ვიმედოვნებდი, რომ მედია ამ ფაქტს ჯეროვნად გააშუქებდა და ის მსჯელობის საგანი გახდებოდა. თუმცა ჩემდა სამწუხაროდ და გასაკვირად ასე არ მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მედიის თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში.

 

ერევნის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი შესაძლოა რუსული ფაქტორი ყოფილიყო?

– რუსეთის ფაქტორი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ოფიციალური ერევნის გადაწყვეტილებამ მთელს რეგიონში მეტად ცუდი პრეცედენტი შექმნა. ვიმედოვნებ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალში მსგავსი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს.

 

ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ჯერ კიდევ შარშან მოხდა იგივე, როდესაც 63–ე სესიაზე, ოფიციალურმა ერევანმა დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცა ხმა. მაშინ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ჩავარდა. ხოლო წელს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ამ საკითხისადმი ოფიციალური ერევნის დამოკიდებულება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს.

 

შარშანდელი ფაქტის გათვალისწინებითერთი წელი იყო თუ არა საკმარისი, რომ თბილისს ვითარების შეცვლა მოეხერხებინა?

–  იმის  გამო, რომ მუშა პროცესი გრძელდებოდა, შარშანდელი ფაქტი მსჯელობის საგანი არ გამხდარა. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული ძალების მხრიდან გაკეთდა მოთხოვნა, რომ საქართველოში სომხეთის ელჩს გარკვეული ახსნა–განმარტებები გაეკეთებინა. ამ მუშა პროცესის დასასრულია რეზოლუცია, რომელის გაეროს 64–ე სესიაზე მიიღეს და რომლითაც ქართულმა მხარემ ლოგიკური და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

 

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი რეზოლუცია გავიდა, მას შემდეგ, რაც  ოფიციალური ერევნის მხრიდან ასეთი დემარში განმეორდა, ეს მეტად არასასიამოვნო ფაქტია და მიზეზით აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ