[რეზონანსი მარი ოთარაშვილი]
რუსეთის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოში სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ახალგორში დეფაქტო ადმინისტრაციის ეგიდით კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. ეს მიზეზია იმის, რომ დეფაქტო მილიციაში ხალხმრავლობაა, ხოლო ქუჩაში კი - რუსული დროშების ფრიალით ტანკები დახრიგინებს.
"საშიში ეს ტანკები კი არა, საშიში ისაა, რომ ცოტანი დავჩით და ის ცოტაც გარბის აქედან იქ, სადაც უკეთესი ცხოვრების პირობები ეგულებათ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთი ახალგორელი. გუშინ, ახალგორის რაიონის ცენტრში, სადაც კულტურული ღონისძიებები ტარდება ხოლმე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს ანსამბლმა ,"ელგოროდსკიმ" კონცერტი გამართა. მანამდე რაიონის ცენტრში სამხედროებით დახუნძლულმა ორმა ტანკმა ჩაიარა. ტანკების დანახვა ადგილობრივებისთვის თითქოს შემაშფოთებელი ან შიშისმომგვრელი არ ყოფილა, პირიქით მოხდა ღიმილითაც კი უყურებდნენ, როგორც ერთ-ერთ გასართობ საშუალებას.
"ამაში შემაშფოთებელი არაფერია, ამათ თავისთვის რაღაც უხარიათ და გაუშვით, უხაროდეთ. ჩვენ შეჩვეული ვართ სამხედროებს და ტანკებს. ახლა დღესასწაული ახლოვდება და ამიტომაც დარბენინებენ ამ ორ ტანკს, ისე ამათ აქ რა უნდათ, ამათი ბაზა ყანჩავეთშია და ბევრი ტანკიც იქ ჰყავთ. თავიდან უნდა გენახა, ტანკების დანახვაზე რა მოგვდიოდა, ახლა აღარ გვეშინია, საშიში ისაა, რომ აქედან ყველა გარბის, იმისათვის კი არა, რომ რაღაც ეშინიათ, არა - სხვაგან კარგი ცხოვრების პირობები ეგულებათ", - გვითხრა ერთმა მოხუცმა პედაგოგმა.
"24-დან 28 აგვისტომდე სპეციალურად თქვენთვის ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმები", - ამ შინაარსის განცხადება ახალგორის კულტურის ცენტრის ჭიშკართანაა გაკრული. აქ სულ 5 ფილმია ჩამოთვლილი, რომელიც, როგორც სათაურებიდან ჩანს, საბრძოლო შინაარსის იქნება. აქვეა მეორე განცხადებაც, რომელსაც ახალგორის დეფაქტო ადმინისტრაცია აწერს ხელს:
"26 აგვისტოს რესპუბლიკისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით კულტურის და დასვენების პარკში სპორტული ღონისძიებები გაიმართება. მინი ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გირების აწევა. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი საჩუქრებით".
რაც შეეხება გუშინდელ კონცერტს, ის 2 საათს გაგრძელდა. დიდი მანქანის ძარაზე, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ანსამბლი ორ მამაკაცისა და ორ ქალბატონის შემადგენლობით მღეროდა რუსეთის დიდებასა და სიძლიერეზე. პუბლიკა თავიდან სიხალვათით გამოირჩეოდა, შემდეგ კი მათმა რაოდენობამ ოდნავ იმატა. დამსწრეთა საერთო რაოდენობა 40 იყო.
ადგილობრივთაგან აქ იყვნენ სკოლის მასწავლებლები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ბავშვები. ოფიციალური უწყებებიდან კი რუსული ფეესბესა და ოსური კაგებეს წარმომადგენლები.
"ამ სიმღერამ თითქოს კომუნისტურ დროში დაგვაბრუნა, ასეთი შინაარსის სიმღერებს მაშინ ვუსმენდით. კონცერტები ისე გვენატრება, ასეთზეც კი არ ვამბობთ უარს", - გვითხრა კონცერტზე მყოფმა მამაკაცმა.
პედაგოგ ნანული გვრიტიშვილის თქმით, რუსმა სამხედროებმა მათ ბევრი წიგნი ჩაუტანეს, ლიტერატურა როგორც ქართულ, ასევე, რუსულ ენებზე იყო.
ნანული გვრიტიშვილი: "მუსიკების ხმა რომ გავიგეთ, წამოვედით. რუსმა სამხედროებმა საჩუქრები მოგვიტანეს - წიგნები. ძირითადად მხატვრული ლიტერატურაა, რუსულ და ქართულ ენებზე. რუსები ქართულენოვან წიგნებსაც თუ მოგვიტანდნენ, არ ველოდით".
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს არ ესმოდა, რას მღეროდა ან ვის უმღეროდა ანსამბლი, მაინც ხალისობდნენ.
"რა ვქნათ, მოგვენატრა კონცერტები, ჩვენს ქართულ მთავრობას არ უნდა, რომ კონცერტი ჩაგვიტაროს. ისე კი რა ეკონცერტება, მაგრამ ვინც აქ ვართ, აქ დავრჩით და აქ ვცხოვრობთ, არ შეიძლება ვინმე მომღერალი დააფინანსონ, გამოგზავნონ და ცოტა მაინც გაგვახალისონ? აბა, ამ სიმღერებს უნდა ვუსმენდეთ ახლა და მონატრებულები ამ სიმღერებზე უნდა გამოვრბოდეთ? კონცერტი კი არა, ქვევით (ქართული მხარის მიერ კონტოლირებადი ნაწილს გულისხმობს), სულ იმას იბღვირებიან, მანდ რას დარჩით, რა გინდათო, ეჰ, რაც არის, არის", - ხელი ჩაიქნია ერთ-ერთმა დამსწრეთაგანმა და გაზეთით მზე მოიჩრდილა.
ეს გაზეთი კი კონცერტის დასასრულს ყველა აქ მყოფს ჩამოურიგეს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის "ფე ეს ბე"-ს გაზეთი ყოფილა, სახელწოდებით "გრანიცა როსიი", რომელიც 1943 წლის 14 ივლისიდან გამოდის. მის ახალ, 15/25 აგვისტოს ნომერში ერთ-ერთი აქცენტი მე-8 რუსული სამხედრო ქალაქის გახსნაზე იყო გაკეთებული.
"რუსეთის "ფე ეს ბე-სა და სამხრეთ ოსეთის მმართველობის მიერ მე-8 სამხედრო ქალაქის გახსნა ცხინვალის რაიონის სოფელ ბისევში შედგა. წინა დღეს კი ზნაურის რაიონის სოფელ ვახტასა და ბალთაში სამხედრო ქალაქის ექსპლუატაცია დაიწყო", - აღნიშნულია ამ გაზეთში.
ადგილობრივი მოსახლეობა კი ესწრება "ფე ეს ბე"-ს მიერ ორგანიზებულ კონცერტს, უსმენს მათ სიმღერებს, მზეს იჩრდილავს მათ მიერ დარიგებული გაზეთით და არის ქართული კონცერტების მონატრებაში.