[ახალი 7 დღე სანდრო ყაველაშვილი]
26 აგვისტოს არჩევნების წინა დღეს „კომერსანტმა" გამოაქვეყნა
ინტერვიუ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის ერთ–ერთ კანდიდატ ალექსანდრე ანქვაბთან. კანდიდატს საკმაოდ სოლიდური აუდიტორია მისცა რუსულმა მედიამ ყველა იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომლებიც დაგროვდა ანქვაბის სახელის ირგვლივ. ინტერვიუ დაიბეჭდა სათაურით „ძლიერი ხელი არ ნიშნავს დიქტატურას“. ანქვაბმა ისაუბრა სკანდალურად ქცეულ ინტერვიუზე საქართველოს ექსთავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანთან, რომელიც რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა. მისი აზრით, ვინც უნდა იდგეს ამ ინტერვიუს უკან, შიდა, ენგურსგადაღმა თუ ოკეანის გადაღმა მყოფი ძალები, მათ ბუმერანგის პრინციპით მიუბრუნდებათ ის, რაც ჩაიდინეს. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, რომ მას არ უღალატია აფხაზი ხალხისთვის და არავითარი საიდუმლო მოლაპარაკებები არ ყოფილა კიტოვანთან, ანქვაბის ერთ–ერთი არგუმენტი ის არის, რომ გასაიდუმლოებული ომის პერიოდში პრაქტიკულად არაფერი ყოფილა, არც აფხაზეთში და არც საქართველოში. და მან, ვინც კიტოვანის ინტერვიუ შექმნა, ის გამოიყენა ახალგაზრდა თაობისთვის, ვინც არ იცის არც ომის, არც ომისწინა და არც ომის შემდგომი ისტორია. გამოიყენა იმ მიზნით, რომ ნეგატიურად წარმოეჩინა მათ თვალში ანქვაბი.
ანქვაბს ჟურნალისტი ახსენებს ვლადისლავ არძინბას მემუარებს, რომლებშიც საუბარი იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ანქვაბის, ნეგატიურ როლზე ე. წ. აფხაზური გვარდიის განიარაღების საქმეში, ანქვაბი უარყოფს ამ ბრალდებას და მკითხველს ახსენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკად წოდებული სამხედრო დაჯგუფება სინამდვილეში იყო აფხაზური გვარდია და მას მხოლოდ ქართველების თვალის ასახვევად ერქვა შინაგანი ჯარი. ის უშუალოდ ექვემდებარებოდა არძინბასა და პოლკოვნიკ კაკალიას და არა შინაგან საქმეთა მინისტრს. ამიტომ მინისტრს არ შეეძლო მისი განიარაღება. ანქვაბი იხსენებს, რომ მას ერთხელ, ჯერ კიდევ 2003 წელს, მოუხდა არძინბასთვის ამის შესახებ პასუხის გაცემა.
ინტერვიუში საუბარია იმაზეც, რომ ანქვაბი საზოგადოებაში ცნობილია, როგორც ყველაზე მკაცრი მეთოდებისა და ხელწერის პოლიტიკოსი და ეს კი ბევრ ამომრჩეველს აშინებს. ანქვაბი პასუხობს, რომ ძლიერი ხელი არ ნიშნავს დიქტატურას, „ადამიანები აფხაზეთში ემორჩილებიან მხოლოდ ძლიერ ხელსა და ობიექტურობის ძალით დამყარებულ წესრიგს... ხალხი ითხოვს ობიექტურობას, კანონის მოქმედებას, რომ არ იყოს განუკითხაობა, როცა ერთისთვის ყველაფერი შეიძლება, მეორისთვის კი არა“.
ინტერვიუში დასმულ კითხვას – საიდან უნდა მიიღოს აფხაზეთმა კრედიტები და ინვესტიციები –რა თქმა უნდა, ანქვაბი პასუხობს: რუსეთიდან! სხვა არსაიდან!
ინტერვიუში საუბარია, რომ 32 ათასი პენსიონერი პენსიას იღებს რუსეთიდან და ეს, ანქვაბის აზრით, დიდი დახმარებაა აფხაზეთისთვის. რუსეთი აფინანსებს როგორც აფხაზეთის ინფრასტრუქტურას, ასევე სოციალურ და კულტურულ სფეროებს, მეცნიერებას, ტექნიკას, სოხუმში რუსული ინვესტიციებით ამუშავდა ცნობილი ფიზიკურ–ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის შეიაღებაზე მუშაობდა.
ინტერვიუს იმ ნაწილში, სადაც ანქვაბი საუბრობს აფხაზეთის ეკლესიის პრობლემებზე, ჟურნალისტი სვამს კითხვას:
– თქვენმა ოპონენტებმა შეგთავაზეს, რომ აფხაზეთის უძველეს სიწმინდეებში მიბრძანებულიყავით და ფიცით დაგემტკიცებინათ, რომ სამშობლოსთვის არ გიღალატიათ 1992 წელს. რატომ არ შეასრულეთ მათი თხოვნა?
ანქვაბი პასუხობს, რომ მისთვის ასეთი რამ არავის შეუთავაზები და ამის შესახებ გავრცელებული ხმები ჩვეულებრივი ჭორია.
სხვა კითხვებთან ერთად ანქვაბს უწევს პასუხის გაცემა უფრო პრობლემურ კითხვებზეც. ერთ–ერთი ასეთი კითხვა შემდეგია:
— ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის აფხაზეთის მიწის ხანგრძლივი დროის განმავლობაში არენდით გადაცემის თაობაზე.
ანქვაბის პასუხი ასეთია:
– ეს ჩვენ უნდა ვუხდიდეთ რუსეთს ფულს, რომ მისი სამხედრო ბაზა დგას ჩვენს ტერიტორიაზე.
ინტერვიუს ბოლო ნაწილში ანქვაბი ემოციურად საუბრობს რუსეთის როლსა და მასთან დაკავშირებულ იმედზე აფხაზეთის მომავალ ცხოვრებაში. ის იძლევა პირობას, რომ რუსეთთან ურთიერთობა იქნება კიდევ უფრო ძლიერი, მჭიდრო და ნაყოფიერი, ვიდრე ახლა არის.