სოფო ხორგუანი „გე-რე-უ“-სთან თანამშრომლობას აღიარებს და თანამზრახველებსაც ასახელებს

სოფო ხორგუანი „გე-რე-უ“-სთან თანამშრომლობას აღიარებს და თანამზრახველებსაც ასახელებს

[გაზეთი „ქართული სიტყვა“]

„ქართული პარტიის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი პატიმრობაში მყოფ თანაპარტიელებს სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას სპეციალური მიმართვას უგზავნის. გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი ადამიანი, თურმე „კრიმინალია“ და მზადაა, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, აღიაროს შემდეგი ქმედებები: „მოვიხმარდი ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მეც ვიყავი შეიარაღებული ფორმირების ორგანიზატორი და გულისფანცქალით ველოდი ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებას, მეც დავმარხე დიდძალი იარაღი მოხუცებულთა თავშესაფრის ეზოში, სხვა დანარჩენების მსგავსად, ჩემი ოსი ნათესავების დახმარებით, ჯერ ცხინვალში, მერე, ვლადიკავკაზში გადავედი, სადაც შევხვდი რუსეთის ფედერაციის „გე-რე-უ“-ს და „ფე-ეს-ბე“-ს წარმომადგენლებს, გარდა ამისა, მაქვს წინასწარი განზრახვა, დავამხო ეს ხელისუფლება და მზად ვარ, დავასახელო თანამზრახველები“...

ეს არასრული სიაა იმ დანაშაულებისა, რომელშიც ხორგუანი იყო „გარეული“ და რომლებიც, მისივე თქმით, საქართველოს მთავარ პროკურატურას „ვერ გამოუძიებია“. 

სოფო, საკმაოდ თამამი და გულახდილი აღიარებითი ჩვენება მიეცით მთავარ პროკურორს. როგორ ფიქრობთ, იქნება ამაზე სათანადო რეაგირება და ამით რისი დამტკიცება გსურთ?

– ეს ადამიანები, პრაქტიკულად, პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი გახდნენ. 26 მაისის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაესაჯა ყველა, ვისაც კავშირი ჰქონდა „ქართულ პარტიასთან“, ან ირაკლი ოქრუაშვილთან. მოვისმინე მათი აღიარებები. ვინაიდან ჩემსა და მათ შორის განსხვავება არ არსებობს და საქმეში მათი აღიარებისა და აგენტების ჩვენებების გარდა არაფერია, მზად ვარ, მეც ვაღიარო იგივე და იმავე დამაჯერებლობით ვილაპარაკო. დარწმუნებული ვარ, ერთ-ორ პოლიციელსაც იპოვნიან, ვინც დაწერს ჩვენებას ჩემს წინააღმდეგ, რაც საკმარისი იქნება, ჩამსვან ციხეში. ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ლევან ტერაშვილი შეიარაღებულ ფორმირებას ქმნიდა, შოთა იამანიძე ნარკოტიკებს მოიხმარდა, ან კახა ტერაშვილს იარაღი ჰქონდა. რატომ არის ჩემი აღიარება შარჟი და რატომ არ არის ლევან ტერაშვილის აღიარება გროტესკი? თუ ჩემს წინააღმდეგ არ დაიწყებენ საქმის წარმოებას, უფრო განმიმტკიცდება აზრი, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულნი და ირაკლი ოქრუაშვილთან ურთიერთობისთვის დაისაჯნენ.

მივმართავ იმ ადამიანებს, იმ გამომძიებლებსა და მოსამართლეებს, ვინც ამ საქმის შეკერვაში მონაწილეობდნენ, რომ ეს იქნება ის საქმე, რომელიც მათ საბრალდებო დასკვნას დაედება საფუძვლად. ამ საქმეს მთავარ პროკურატურას ჯოჯოხეთად ვუქცევ. როგორც ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილე, მივმართავ ყველა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას და მათ საქმის კურსში ჩავაყენებ. სიმართლე გითხრათ, მშურს იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ციხეში არიან. მათ საკუთარ ღირსებაზე არ თქვეს უარი.

ღირსებაზე უარის ართქმა თავისუფლებაზე ყოფნის დროსაც შესაძლებელია...

– კი, მაგრამ მე ვერ ვხედავ განსხვავებას ჩემსა და იმ ადამიანებს შორის – ისინი ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორც – მე და მიმაჩნია, რომ მათ უფრო მეტი გაიღეს საკუთარი ღირსებისა და თავისუფლებისთვის. ამიტომაც, მოვითხოვ, დამაპატიმრონ.

სოფო, როდესაც რაიმე ტიპის განცხადებებს აკეთებთ, უთანხმებთ ლიდერებს?

– სწორედ იმიტომ მომწონს ამ პარტიაში ყოფნა, რომ არ მეზღუდება მოქმედების თავისუფლება. ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საქმის კურსში ჩავაყენე თავმჯდომარეც და თანათავმჯდომარეც, თუმცა ყველა დეტალი არ შემითანხმებია. ჩვენ ერთმანეთის გადწყვეტილებებს პატივს ვცემთ. მართალია, ნებისმიერი განცხადება პარტიის სახელზეც მოქმედებს, მაგრამ მე, პირველ რიგში, ვარ მოქალაქე და პატივს ვცემ ჩემს თავს და თუ ღირსებასა და მოქალაქეობრივ პოზიციაზე ვიტყვი უარს, პარტიასაც აღარ დავჭირდები. მესმის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკოსებისადმი არ არსებობს ნდობა, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც აქვს – როგორც ოპოზიციის შეცდომები, ასევე, ხელისუფლების წნეხი. ჩვენ ხომ ავტოკრატიულ რეჟიმში ვცხოვრობთ.

პოლიტიკოსებისადმი ნდობა ახსენეთ. როდესაც რესპუბლიკურ პარტიაში და, შესაბამისად, ალიანსში იყავით, მაშინ გვარწმუნებდით, რომ ალიანსი გადაარჩენდა საქართველოს. ახლა იმავეს ამბობთ ქართულ პარტიაზე. როდის იყო სოფო ხორგუანი გულწრფელი?

– მე ყოველთვის გულწრფელი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს. წამოვედი სახალხო დამცველის ოფისიდან პროტესტის ნიშნად, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ჩვენ პოლიტიზებულები ვიყავით. მე თუ პოლიტიკაში ყოფნა მინდა, წავალ და ამისთვის სახალხო დამცველის ოფისს არ გამოვიყენებ. ვიყავი „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის არჩეული წევრი და „ალიანსის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მაშინ  ვლაპარაკობდი, რომ გვჭირდებოდა ცვლილებები სახელმწიფოში. იმ დროს „ალიანსის“ თანათავმჯდომარე იყო სოზარ სუბარი და, დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ჩემი კოლეგა ვერ იტყვის, რომ არ ვიყავი თავდადებული იმ საქმისთვის, რომელსაც იქ ვაკეთებდი. როდესაც სოზართან წამოვედი „ქართულ პარტიაში“, მაშინ ავხსენი, თუ რა იყო ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი. არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ „ალიანსს“, ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს უნარი შეცვალოს რეჟიმი და არც ახლა ვამბობ, რომ ეს მხოლოდ „ქართულ პარტიას“ ძალუძს. კი, ვამბობდი, რომ ჩვენ ვართ ალტერნატივა და ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, მაგრამ იმისთვის, რომ შედგე ალტერნატივად, სხვებმაც ბევრი უნდა გააკეთონ. სოზარ სუბარის 16 თებერვალს გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ გვჭირდება სამოქალაქო თანხმობა რეჟიმის შესაცვლელად, არ შეცვლილა. ჩვენ დღეს გვჭირდება სამოქალაქო თანხმობა, ბევრი ადამიანის ჩართულობა. მარტო „ქართული პარტია“ ამას ვერ გააკეთებს. რეჟიმის დამარცხება მხოლოდ კონსენსუსითა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით შეიძლება.

მრისხანების დღის ჩაშლის შემდეგ, თქვენმა ლიდერმა მაესტროს ეთერში  განაცხადა, პარტიის რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდებაო. რა უნდა გააკეთოს ქართულმა პარტიამ იმიჯის დასაბრუნებლად?

– არასოდეს არც ერთი ჩვენგანი არ გავქცევივართ პრეტენზიებს, რომლებსაც გვიყენებენ. კარგად გვესმის შეცდომები, რომლებიც დავუშვით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ამ შეცდომებზე ვლაპარაკობთ. დიახ, რაღაც შეცდომა დავუშვით, დიახ, შიგნით იყო ღალატი. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა ილაპარაკა წარსულში საკუთარ შეცდომებზე, ასევე, არც სოზარს დაუმალავს, რომ სახალხო დამცველობის პერიოდში აკრიტიკებდა თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილს. დიახ, ჩვენ ვაკრიტიკებდით, მაგრამ დღეს ერთად ვართ. როდესაც გრძნობ, რომ მოცემულ ვითარებაში მართალი ხარ, არ გეშინია შეცდომებზე ილაპარაკო. ჩვენი მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, იყვნენ უფრო აქტიურები, დავძლიოთ არსებული ნიჰილიზმი და უნდობლობა, რომელიც არსებობს პოლიტიკური პარტიების მიმართ. დღეს პარტიის იმიჯის აღდგენაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის გადარჩენაა. არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეები ვართ.

ჩვენ მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სააკაშვილის პროექტის – „ძლიერი სახელმწიფო“ – ალტერნატიული პროექტი. საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ სხვა გეგმა, რომელიც უკეთესი სახელმწიფოს შექმნის გარანტია იქნება. ჩვენ მაშინ უპასუხისმგებლოდ მოვიქეცით და დღეს იმის შედეგებს ვიმკით, როცა ეს ახალგაზრდა ბიჭები ნებაზე მივუშვით და ვანდეთ ქვეყანა.

რევოლუცია ისევ გაქვთ იდეაში?

– რევოლუცია არაა თვითმიზანი. ჩვენ გვინდა რეჟიმის შეცვლა. ხვალ რომ სააკაშვილმა დანიშნოს არჩევნები, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში იქნება სამოქალაქო პროტესტი, თუ მოქალაქეები იტყვიან, ჩვენ აღარ გვინდა ამ ხელისუფლების ატანა, უსამართლობა უნდა დავასრულოთ და არჩევნებს ვერ დაველოდებითო, ჩვენ მათ გვერდით არ ვიქნებით. თუ ამას დაერქმევა რევოლუცია, იყოს ასე. რევოლუცია არის საშუალება და არა – თვითმიზანი. ჩვენ მიზანზე, ანუ იმაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორი უნდა იყოს შემდგომში სახელმწიფო. უპასუხისმგებლო ხელისუფლება ყოველდღიურად ისეთი საფრთხის წინაშე გვაყენებს, რომ სულ ბეწვის ხიდზე გავდივართ. მის შესაჩერებლად არც ერთი მზად არ აღმოვჩნდით. რობერტ სტურუა ხომ იმისთვის დაისაჯა, რომ მან ღიად გამოხატა სამოქალაქო პოზიცია? იგი თავისი შემოქმედებით ისედაც გამოხატავდა პროტესტს, მაგრამ პირველი იყო, ვინც 2007 წელს შიშზე ალაპარაკდა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე შიში გაქრება და მოქმედების დრო დადგება.

ღალატი ახსენეთ... იზიარებთ თქვენი ლიდერის პოზიციას, რომ ლევან გაჩეჩილაძემ გაყიდა მისი სამოქმედო გეგმა 5 მილიონად და ვალები გაისტუმრა? მისი ადვოკატი ამბობს, რომ გაჩეჩილაძეს არც ვალები გაუსტუმრებია და მისი სიდედრის სახელზე რეგისტრირებულ ბინასაც მალე აუქციონზე გაიტანენ. საერთოდ, მტკიცებულებების გარეშე მისაღებია თქვენთვის მსგავსი განცხადებების გაკეთება?

– როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა. ნამდვილად არ მქონია ამასთან შეხება და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. დავრჩი იქ, სადაც ირაკლი ოქრუაშვილია პარტიის თანათავმჯდომარე და სუბარია თავმჯდომარე. ამით ყველაფერია ნათქვამი. კითხვები, რომლებიც ირაკლის მიმართ არსებობდა, პასუხგაუცემელი ვერ დარჩებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცებულების გარეშე იგი ამ განცხადებას არ გააკეთებდა. მძიმეა, მოისმინო სიმართლე და გაცილებით მძიმე – თქვა სიმართლე. როდესაც ირაკლიმ ჩათვალა, რომ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება, საჭიროდ მიიჩნია, ეს განცხადება გაეკეთებინა. იგი მხოლოდ თავის იმიჯზე ხომ არ ფიქრობს? მას რომ ესმის პასუხისმგებლობა ყველას წინაშე, ამიტომაც გამოიჩინა გამბედაობა და თქვა სათქმელი.

ბევრისგან გვსმენია, ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების თამაშს თამაშობსო. თუ ერთ მშვენიერ დღეს ეს დამტკიცდა, რა ხასიათზე დადგებით და სად გააგრძელებთ მოღვაწეობას?

– ვერ დამტკიცდება ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლის, სოზარს, ეროსის ძალიან უნდათ ამ ხელისუფლების შეცვლა. იმასაც ვხედავ, როგორ ეშიანია ამ ხელისუფლებას ოქრუაშვილის, – კაცზე, რომელსაც პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს, მეორედ გამოაცხადეს ძებნა. ადამიანებს სჯიან მარტო იმის გამო, რომ ისინი წლების წინ ირაკლი ოქრუაშვილის ნაცნობები იყვნენ. ხელისუფლებას ურჩევნია, ოქრუაშვილი საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ მას ეს ფუფუნება არ აქვს. ირაკლიმ ყველაზე კარგად იცის ამ ხელისუფლების ხასიათი, ვინაიდან მათიანი იყო, ამიტომაცაა იგი მისი ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე.

ისე, სადაც სოზარია, თქვენც მუდმივად იქ ხართ. ეს სვანური სოლიდარობაა მხოლოდ თუ, უბრალოდ, თქვენი ნდობის მანდატით სარგებლობს პარტიის თავმჯდომარე?

– საკმაოდ დიდი ხანია, ერთად მოვდივართ და მისი პოზიციები ჩემთვის მისაბაძია. მეგობრობის გარდა, არის ის, რისთვისაც მას პატივს ვცემ – სოზარი  ყოველთვის ახერხებს, იყოს ადამიანის მხარეს და არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარ სინდისს თვალი მოუხუჭო. შეიძლება, ამიტომაც ვარ მის გვერდით, რომ არ მინდა, სინდისს თვალი მოვუხუჭო.

ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც ლიდერს იცნობთ, შეხვედრიხართ?

– ირაკლის არ შევხვედრივარ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ტელეფონით და ინტერნეტით. ის გავიცანი 2007 წელს მოდულის შენობაში, როდესაც მისი პოლიტიკური განცხადებების გამო დააპატიმრეს. ვარ იმ ადამიანებთან და იმ გუნდში, რომელსაც სურს რეჟიმის დასრულება და მჯერა, რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება შეუძლია. მე მოცემულობის მიხედვით ვმოქმედებ და მინდა, ვიყო მართალი როგორც ღმერთის, ისე საკუთარი სინდისის წინაშე.

სოფო, არ გიფიქრიათ, რომ თქვენ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უფრო მეტის გაკეთება შეგეძლოთ და ხომ არ ნანობთ, რომ ამ საქმიანობას პოლიტიკა არჩიეთ?

– როცა მივხვდი, რომ იქ უკვე აღარაფრის გაკეთება შემეძლო, მაშინ მივიღე წამოსვლის გადაწყვეტილება. მივხვდი, ადამიანები იმიტომ იჩაგრებოდნენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნება იყო ასეთი. ამ ძალადობას მე, როგორც სახალხო დამცველის მოადგილე, ვერ შევცვლიდი, პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ზოგად პოლიტიკას ვერ შეცვლი, თუ არ შეცვალე ის პოლიტიკური ჯგუფი, ვინც ქვეყანას მართავს.

როგორც ადამიანის უფლებების ყოფილი დამცველი, როგორ დამარწმუნებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საძინებლებში უვარდებოდა სამიზნეებს და ქართულ ჯარს დედას აგინებდა, საუკეთესო ლიდერია?

– ვინც ახლა ოპოზიციაშია, თითქმის ყველანი ხელისუფლებაში იყვნენ. არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე საკუთარ გადაცდომებზე ლაპარაკობდეს, ან მათი თანაპარტიელები ლაპარაკობდნენ ამაზე, მაგრამ ბევრჯერ მომისმენია სოზარის კრიტიკა ირაკლის მიმართ, როცა მინისტრი იყო – დიახ, გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მე დღეს მის გვერდით ვარ. მე მაშინ მივედი სახალხო დამცველის ოფისში, როდესაც ირაკლი აღარ იყო სახელმწიფო მოხელე, ამიტომ მის გადაცდომებთან ურთიერთობა არ მქონია. როცა ირაკლის გადაცდომებზე ვლაპარაკობთ წარსულში, იმას არ ნიშნავს, რომ მე ახლა არ მაქვს უფლება, მასთან ერთად ვიყო. მან მიიღო გადაწყვეტილება – გავიდა პოლიტიკური ჯგუფიდან, ოპოზიციური განცხადებები გააკეთა და პარტია დაარსა. მან ბრალდებები წაუყენა ხელისუფლებას და მისი განცხადებების შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო ქვეყანაში. ასე რომ, თუ ვინმეს ახსოვს, როგორ უვარდებოდა ზოგიერთებს ოქრუაშვილი სახლში, ისიც გაიხსენოს, როგორი განცხადებები გააკეთა, როდესაც ხელისუფლებიდან წამოვიდა. ხომ შეეძლო წყნარად ეცხოვრა?

ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილი რომ ანალოგიურად მოიქცეს, ისიც მისაღები იქნება თქვენთვის?

– სააკაშვილი ოპოზიციაში კი არა, ციხეში უნდა წავიდეს. ისიც და მისი თანაგუნდელებიც კრიმინალები არიან, სისხლის სამართლის დამნაშავეები და ამას ვამტკიცებ დოკუმენტებით, დაგროვილი ინფორმაციით. ეს არ არის პოლიტიკური ლიდერის პოლიტიკური განცხადება. ნებისმიერ მაღალჩინოსანს დავუმტკიცებ, რომ კრიმინალია.

სოფო, პოლიტიკაში გაუსვრელის, პატიოსანი და წესიერი ადამიანის იმიჯი გაქვთ და თქვენნაირი სახეები, ხშირ შემთხვევაში, აწყობთ ხოლმე პარტიებს...

– დიდი მადლობა... ანუ იმას გულისხმობთ, რომ მე, ასეთ წესიერ და პატიოსან ადამიანს გამომიყენებენ და ჩემს უკან ცუდ საქმეს გააკეთებენ? მინდა, გითხრათ, რომ ამავდროულად, მე ჭკვიანიც ვარ, გამოცდილებაც მაქვს და მართვაც ვიცი. ასე რომ, ჩემი გამოყენება ასე იოლი არ არის. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში ბევრი ღირსეული და წესიერი ადამიანია და მათ მოვუწოდებ იაქტიურონ და დაიკავონ ლიდერების ადგილები იმიტომ, რომ ეს ადგილები ცუდმა, არაწესიერმა და ბოროტმა ადამიანებმა არ გამოიყენონ.

როდის აპირებთ თქვენი ლიდერის გაცნობას?

– ჩემი პარტიის თავმჯდომარეა სოზარ სუბარი და მას კარგად ვიცნობ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს – ინტერნეტით და ტელეფონით ვსაუბრობთ (ალბათ, ვანოც გვისმენს ხოლმე). ჩვენ შემოდგომაზე ვგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს ევროპარლამენტში პოლიტპატიმრების თემაზე. სავარაუდოდ, იმ პერიოდში, ჩავალ საფრანგეთში და შევხვდები ოქრუაშვილს.