[ტრიბუნა მადლენა მაჭრაშვილი]
აჭარაში დასასვენებლად მყოფ ტურისტს მზის, ზღვისა და „საკურორტო თავგადასავლების“ გარდა ორი, სხვადასხვა შინაარსის, წარწერაც დაამახსოვრდება. პირველი ქალაქის ქუჩებშია გამოკრული, მეორე - ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტში - მაღაზიებში, აფთიაქებსა და პურის საცხობებშიც კი.
სასტუმროები დამსვენებლებით მეტად დატვირთულია, ვიდრე კერძო სახლები. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საშუალო ფენა არ არსებობს და საზოგადოება კიდევ დიდხანს იქნება დაყოფილი ძალიან მდიდრებად და ძალიან ღარიბებად.
ქობულეთში ერთი დამსვენებლისთვის ღამის გათევის საფასური კერძო სახლში 6 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს - ზღვასთან და ქალაქის ცენტრთან სიახლოვისა და კომფორტული პირობების გათვალისწინებით. მწვანე კონცხზე ცხოვრება ქობულეთზე ძვირია, აქ ფასები 15 ლარიდან იწყება. დამსვენებლისთვის ღამის გათევა ყველაზე ძვირი მაინც ბათუმშია. იმავეს თქმა შეიძლება კვების ობიექტებსა და გასართობ დაწესებულებებზე - ფასები აქაც არ არის ძვირი, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
„შარშან გაცილებით მეტი დამსვენებელი გვყავდა, გასაქირავებელი ოთახები ერთი დღითაც კი არ გვქონდა ცარიელი,“- სინანულით გვიყვება ქობულეთის მთავარ ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, მცხოვრები ქალბატონი.
„6 ოთახი მაქვს გასაქირავებელი და მხოლოდ ორში ცხოვრობენ ახლა - სომეხი დამსვენებლები მყავს. ტაქსიზე ვმუშაობ, თბილისიდან ჩამოსულ მატარებელს ვხვდები ხოლმე, მაგრამ მაინც ვერ ვშოულობ დამსვენებლებს. ძალიან გვიჭირს ოთახების გაქირავება,“- ამბობს ჩვენთან საუბრისას შუახნის ქობულეთელი მამაკაცი.
დამსვენებელთა სიხალვათე თვალშისაცემია აღმაშენებლის გამზირზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე განთავსებულ, კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც. აქ დამსვენებლების გასართობად თითქმის ყველა პირობაა შექმნილი. თუმცა, ქობულეთში რესტორნებისა და ბარების უმეტესობა წელს ნაკლები დატვირთვით მუშაობს. მზის ჩასვლის შემდეგ ანუ ე.წ. საქეიფო დროს რესტორნებსა და ბუნგალოებში 20-ზე მეტი მაგიდიდან მხოლოდ 2-3 თუ არის დაკავებული.
თუმცა არის რამდენიმე ბარი, სადაც რიგებია - მზის ჩასვლის შემდეგ ღამის პირველ საათამდე ბარებში, რომლებშიც ცოცხალი მუსიკაა და ბენდი მღერის თავისუფალ მაგიდას ძალიან ძნელად თუ იპოვით.
აჭარის შავიზღვისპირეთს წელს, ძირითადად, სომეხი ტურისტები სტუმრობენ. ქობულეთის პლაჟზე მყოფი ყოველი ათი დამსვენებლიდან 7 სომეხია.
„ქობულეთში სპეციალური ოფისი მუშაობს, სადაც ერევნიდან ავტობუსები ჩამოდიან, ბათუმში ასეთი არ არის. დღეში 3-4 დიდი ავტობუსი მაინც ჩამოდის. ორშაბათისა და პარასკევის გარდა ყოველდღეა რეისი,“- ამბობს ქეთი. ის ქობულეთელია, გურამიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს და დამსვენებლებს მასპინძლობს.
„ჩემი სტუმრები ზოგი ერევნიდან არიან, ზოგი თბილისიდან. გვყავდნენ აზერბაიჯანელი დამსვენებლებიც. თბილისელები ქობულეთში ნაკლებად ჩამოდიან, ძირითადად, ბათუმში ისვენებენ, შარშანდელთან შედარებით წელს ნაკლები დამსვენებელია. ცენტრალურ ქუჩაზეც კი არის ბინის გაქირავების პრობლემა,“- ამბობს ქეთი.
აჭარლები ქართველი დამსვენებლების სიმცირეს ორი მიზეზით ხსნიან - პირველი და მთავარი ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. მეორე კი ჭორის სახით გავრცელებული ინფორმაცია, რომ პატრიარქმა ხალხს ზღვაზე წასვლა აუკრძალა.
„შარშან უცვლელი ფასი იყო ერთ კაცზე 10 ლარიდან ზემოთ, წელს არის საწოლის ფასი 8 ლარიც, უფრო ნაკლებიც. გვირჩევნია 2-3 ლარი დავაკლოთ, ვიდრე სეზონის განმავლობაში ოთახები ცარიელი გვქონდეს მდიდარი ტურისტების მოლოდინში,“- ამბობს ქეთი.
დამსვენებლების სიმცირეზე საუბრობენ მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებიც.
„რუსეთთან ურთიერთობა სანამ ჰქონდა სახელმწიფოს, არც ერთი ოთახი არ მრჩებოდა გასაქირავებელი. 8 ოთახი მაქვს და 20-ზე მეტ დამსვენებელს ვმასპინძლობდით ხოლმე. ქართველები კი ვერ მოდიან დასასვენებლად. ხალხს ფული არ აქვს, საქართველოში ალბათ ოჯახი არ არის დარჩენილი, ვალი რომ არ ჰქონდეს“- გვითხრა ნათელა ჯინჭარაძემ.
აჭარლები ამბობენ, რომ ყველაზე მეტი დამსვენებლები და სტაბილური შემოსავალი მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ.
„საბჭოთა დროს ზაფხულის სეზონი ნოემბრის ბოლომდე გრძელდებოდა. მთავრობა თავად გვიგზავნიდა ხალხს - მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ დამსვენებლები. ერთი რომ მიდიოდა, მაშინვე მოდიოდა მეორე. ბინაშიც ვწერდით, მილიციაში იყვნენ აღრიცხვაზე, რამე რომ დაეშავებინათ, პასუხსაც მოსთხოვდნენ.
მაშინ ვიხდიდით გადასახადებს. ყოველ 1000 მანეთზე 200 მანეთს ვიხდიდით. ახლაც თუ ასე იქნება - ბევრი დამსვენებელი გვეყოლება და ოთახები არ გაგვიცდება, გადავიხდიდი, სხვა შემთხვევაში - ვერა.“
სეზონზე ბინების გაქირავების გარდა აჭარლები შემოსავალს ტანსაცმლისა და სუვენიერების მაღაზიებიდან, ასევე, სკუტერებისა და შეზლონგების გაქირავებისგან იღებენ. გარკვეული ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროა პლაჟზე სიმინდის, სასმელებისა და მზესუმზირის გაყიდვა. ხელისუფლების „მუქარა“, რომ პლაჟზე მოვაჭრეებს სპეციალური მოსაკრებლები დაუწესდებოდათ, წელს არ ასრულდა.
„ივლისში გვითხრეს, რომ პლაჟზე ვაჭრობისთვის ყოველდღე 20 ლარი უნდა გადაგვეხადა. 3-4 დღის განმავლობაში თავად აკვირდებოდნენ სიტუაციას. 20 ლარი სულ არ გვრჩებოდა და ამ სიცხეში რატომ ვივლიდით პლაჟზე ტვირთით? მიხვდნენ, რომ ვერავინ გადაიხდიდა ამ ფულს და აღარ დაუწესებიათ გადასახადი. ახლა არაფერს ვიხდით,“- გვითხრა სიმინდითა და მზესუმზირით მოვაჭრე ქალბატონმა.
აჭარაშიც, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი პოლიტიკური დისკუსიებით გრძელდება. პოლიტიკაზე აქ ყველაზე მეტად და ყველაზე თამამად აზრს საპენსიო ასაკის მქონე ადამიანები გამოთქვამენ:
„80 ლარი გვაქვს პენსია, ვისაც სტაჟი აქვს ცოტა ემატებაამ 80 ლარს. პრეზიდენტი 100 დოლარიან პენსიებს დაგვპირდა. მას შემდეგ რამდენი ხანი გავიდა და არ შეგვისრულა დაპირება. ოჯახი გვყავს - შვილები, შვილიშვილები. სამსახურებიც არ არის ახალგაზრდებმა რომ იმუშავონ.“
„ჩვენზე არ ზრუნავს ახლა მთავრობა. ასლანიც არ ზრუნავდა ხალხზე. პრეზიდენტი ბათუმს აქცევს დიდ ყურადღებას, გაალამაზეს ქალაქი, მომღერლები ჩამოჰყავთ და ბევრ ფულს უხდიან. ბათუმი კი კარგია დღეს, მაგრამ ამის გამო მილიონობით ვალი აკიდა მთავრობამ ხალხს.
ოპოზიციაც არ ვარგა. ან ბურჯანაძემ გააკეთა კარგი? გაიყვანა ხალხი ქუჩაში და აცემინა ნიღბიანებს. ის ახალგაზრდა ბიჭი მომწონს, ალასანია. მთელი ზაფხული რაიონებში დადის და ხალხიც კარგად ხვდება, არავის გაუგდია ჩხუბით. ჩემს მეზობლებსაც მოსწონს. მაგრამ არ მგონია, არჩევნებში გაამარჯვებინონ, ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და არც დავდივარ ხოლმე ამის გამო არჩევნებზე. ერთხელ ვიყავი ამ ბოლოს, ჩვენი მეზობლის ბიჭი იყრიდა კენჭს, ოპოზიციური პარტიიდან იყო, კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, მცოდნე. მივეცი ხმა, მაგრამ არ გაამარჯვებინეს,“- ამბობს მახინჯაურში მცოვრები ნათელა ჯინჭარაძე.
წლევანდელ სეზონზე ყველაზე მეტი ტურისტი ბათუმშია. რაც პრეზიდენტის დონეზე წარმოებული პიარკამპანიის შედეგია. ბათუმის ახალი ბულვარი, პიაცა, ალისა და ნინოს ქანდაკება, სპექტაკლების, ფილმების პრემიერები, პოპულარული უცხოური და ქართველი მომღერლების კონცერტები... ევროპულ ყაიდაზე მოწყობილ ბათუმში დღე და ღამე ლამაზი ფერები და მხიარული ხმები ისმის. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქ ძნელი შესამჩნევია.