[რეზონანსი გიორგი ფუტკარაძე]
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ 26 აგვისტოს ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე დევნილებთან ერთად აქცია-პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, თბილისი კატეგორიულად უარყოფს.
"მშვიდობის მარშის" თაობაზე ინფორმაცია არ აქვს საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობასაც. თბილისში ფიქრობენ, რომ მოსკოვის განცხადება საეჭვოდ ემთხვევა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნების დასრულების თარიღს. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა კოკოითის დე ფაქტო რეჟიმი, რომელსაც ბოლო დროს მოსკოვთან გაურკვეველი ურთიერთობები აქვს, აპირებდეს პროვოკაციის მოწყობას, რათა კრემლს თავისი საჭიროება კვლავ დაუმტკიცოს, მომხდარი კი ქართულ მხარეს დაბრალდეს.
ლავროვის უწყების მიერ 23 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის დეფაქტო საზღვართან მასშტაბური პროვოკაციის მოწყობას აპირებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ხელისუფლება 26 აგვისტოს, "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის სამი წლის თავზე, აპირებს მოაწყოს "მშვიდობის მარში" სოფელ ოძისიდან ლენინგორისკენ მიმავალ გზაზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ წეროვანში ჩასახლებული დევნილები და ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები - დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი".
"აქციის სცენარი გულისხმობს არაკანონიერ და მასობრივ შეჭრას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ლოზუნგით. "მშვიდობის მარშს" ორგანიზებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უწევს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების მცხოვრებლებზე სამინისტრო ზეწოლას ახორციელებს და აიძულებს აღნიშნულ მარშში მონაწილეობას.
"თბილისის ახალი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული იდეა სახიფათოა. ეს რეგიონში არსებული ისედაც მყიფე სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ჩვენ გვაშფოთებს "მშვიდობის მარშის" ორგანიზატორების განსაკუთრებული ცინიზმი, რომლებიც თითქოს დევნილების ბედზე ზრუნავენ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას "მკაცრად აფრთხილებს", რომ რეგიონში ახალი ავანტურის წამოწყებისგან თავი შეიკავოს. ამავე დროს ლავროვის უწყება იმედოვნებს, რომ შესაბამისი განცხადებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც გაკეთდება.
თუმცა, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცის.
"ახალი ამბები საქართველოსთვის" მიცემულ კომენტარში ევროკავშირის ოფისის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა პირმა სტივ ბირდმა განაცხადა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში ქართული მხარე დეფაქტო საზღვართან რაიმე ღონისძიების მოწყობას გეგმავდეს.
"ჩვენ რეგიონში მონიტორინგს ვახორციელებთ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მხარესთან, რომელმაც განგვიცხადა, რომ მსგავს ღონისძიებას არ გეგმავენ. ამ განცხადების საფუძველზე, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ქართული მხარე არ გეგმავს დასახელებულ რეგიონში აქციის მოწყობას", - განაცხადა ბირდმა.
საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოტა უტიაშვილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მოსკოვის ბრალდებებს პროვოკაციის მზადებასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.
"ცხინვალის რეჟიმსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს და მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს. შეუძლებელია, ასეთი განცხადებები სერიოზულად აღვიქვათ. ეს სრულიად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებაა", - განუცხადა უტიაშვილმა "ინტერპრესნიუსს".
სუბელიანის უწყებიდან, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მარშის მთავარ ორგანიზატორად მოიხსენიებს, სამწუხაროდ კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს, რომელთანაც დაკავშირება "რეზონანსმა" შეძლო, ისინი ამბობენ, რომ მსგავსი ცნობები არ მოეპოვებათ. ახალგორის ლეგიტიმური ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ფიცხელაური კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ აქციის მოწყობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
"რეზონანსთან" სატელეფონო საუბარში ახალგორის რაიონში მცხოვრებლებმა განაცხადეს, აქციის მოწყობაზე ხმები ნამდვილად ვრცელდება. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგორელები გაურკვევლობაში იყვნენ, ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი სანაკოევი ამ დღეებში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მოუწოდა, რომ თავის შეიკავონ "რაიმე მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობისგან".
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ეჭვობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პროვოკაციის მოწყობა იგეგმება, რომელიც შემდგომში საქართველოს დაბრალდება.
"ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებენ დევნილები ან მათი გარკვეული ნაწილი, ნამდვილად არ ვფლობ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს იმ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო წლებია მათ წინააღმდეგ ხორციელდება, პროტესტის გამოხატვის სურვილი ჰქონდეთ, რაც მათი ლეგიტიმური უფლებაა.
"რაც შეეხება პროვოკაციისათვის მზადებას, ძალისმიერ მეთოდებს და ასე შემდეგ, მინდა, რუსეთის ხელისუფლებას შევახსენო, რომ ქართულმა მხარემ ამ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ გამოხატა, მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები და ევროკავშირის მისია. პროვოკაცია კი მოსალოდნელია სწორედ იქ, სადაც ეს მისია ვერ მუშაობს, საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად", - განუცხადა "პირველს" დარჩიაშვილმა, რომლის აზრით, ლავროვის უწყების ეს განცხადება შესაძლოა, კრემლის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული რიტორიკის და საინფორმაციო ომის გაგრძელება იყოს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თავად სცადა ამ ინფორმაციის გადამოწმება დევნილებთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან, თუმცა, ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წვრთნებს.
"ეს წვრთნები 26 აგვისტომდე გასტანს, დაახლოებით 700 სამხედრო მოსამსახურე და მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. მისი დასრულების თარიღი ემთხვევა ქართული მხარის მიერ სავარაუდოდ მოსაწყობი აქციის თარიღს. ჩნდება კითხვა - ხომ არ არის პროვოკაცია ცხინვალის ხელისუფლების მხრიდან? კოკოითს სჩვევია ასეთი რამ. აგვისტოს ომამდე დე ფაქტო საზღვარზე მოწყობილი პროვოკაციების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი სწორედ კოკოითი იყო", - ამბობს არეშიძე.
მისი თქმით, თვის ბოლოს ცხინვალში რუსულ დელეგაციას ელოდებიან, რომელმაც ცხინვალის საზოგადოებას უნდა ამცნოს, რომ კრემლი მხარს უჭერს ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურას, რაც კოკოითს აშფოთებს.
"კოკოითი გაურკვევლობაშია, მას არ აქვს გარანტიები მოსკოვიდან და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მას სჭირდებოდეს პროვოკაცია, რომ მოსკოვის თვალში ფასი დაედოს", - ამბობს არეშიძე.