[რეზონანსი იაგო ნაცვლიშვილი]
რუსთაველის გამზირზე, კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავ მათხოვარს შეხვდებით, მაგრამ 1-2 წლის ბავშვის მათხოვრობის ფაქტი ძალიან უცნაური და შემაშფოთებელია, მით უმეტეს, რომ ის აბსოლუტურად მარტო ზის ქუჩაში და ასე მათხოვრობს.
"რეზონანსი" სტატიის მომზადების პროცესში რამდენიმე უწყებას დაუკავშირდა. ჩვენ ჯერ თბილისის მერია ჩავაყენეთ საქმის კურსში. მერიის პრესცენტრში განგვიცხადეს: "ჩვენ სიტუაციის მიხედვით ვმოქმედებთ. იმას აქვს მნიშვნელობა, ბავშვი თბილისელია თუ არა, ან მისი მშობლები თუ არიან თბილისელები. ამ საკითხზე რა დახმარება უნდა განვახორციელოთ, ამაზე ვერც კი გიპასუხებთ. თუ ვინმემ მიმართავს მერიას, მაშინ ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება".
ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეკუთვნის. "რეზონანსი" ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, პრესსამსახურში ჩვენს ზარებს საღამოს უპასუხეს და დაგვაკავშირეს სააგენტოს სპეციალისტს ნიკა ჩანადირს, რომელმაც კომენტარისგან თავი შეიკავა, აღნიშნა, რომ სამსახურის უფროსს დაგვაკავშირებდა და გვთხოვა, რომ მის ზარს დავლოდებოდით, მაგრამ მისი ზარი ჩვენს მობილურ ტელეფონზე აღარ დაფიქსირებულა.
"რეზონანსი" ასევე ესაუბრა სახალხო დამცველის ოფისის "ბავშვის და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელს ანა არგანაშვილს, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონი ბავშვებს იცავს, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი სისტემურ მოგვარებას საჭიროებს.
"ასეთი ტიპის შეტყობინებები ჩვენთან საკმაოდ ხშირად შემოდის. მსგავსი პრობლემებით ბევრი მოქალაქეა შეწუხებული. ჩვენ ყოველ ამ შეტყობინებას შესაბამის სამსახურში - ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მომსახურებათა სააგენტოში ვამისამართებთ, სადაც არის ჯგუფი, რომელიც მსგავს საკითხებზე დაუყოვნებლივ რეაგირებს.
"ქუჩაში ბავშვის ყოფნა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, ვინაიდან, თუ ბავშვი არის ძალადობის ან ექსპლუატაციის მსხვერპლი, ამაზე შესაბამისი პასუხი მოეთხოვება უფროსს, რომელიც ან ბავშვის მეურვეა, ან მშობელი. ეს შესაძლოა იმის მიზეზიც კი გახდეს, რომ აღნიშნულ სიტუაციაში ბავშვის დედას ან მამას მშობლის უფლება ჩამოერთვას.
"მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ეს ცალსახად აკრძალულია, თვითონ კანონის შესრულების მექანიზმია მოსაწესრიგებელი, ვინაიდან კანონში ზუსტად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ ვინ არის ვალდებული, რომ დაუყოვნებელი რეაგირება გაატაროს.
"ასევე მოსაწესრიგებელია საკითხი, თუ მერე სად წავა ბავშვი. ანუ, როდესაც ბავშვის მშობელს მის მიმართ მშობლის უფლება ჩამოერთმევა, ცალსახად არ არის განსაზღვრული, თუ ამის შემდეგ სად უნდა წავიდეს. ეს ყველაფერი ამ მომენტისთვის მოსაწესრიგებელია.
"სხვათა შორის, ეს ყველაფერი სახალხო დამცველის ანგარიშშიცაა ასახული. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა ჯერ კიდევ 5 წლის წინ მისცა რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას ბავშვთა პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. იმავე რეკომენდაციაში აღნიშნული იყო, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ სტატისტიკაც კი არ გვაქვს. არ ვიცით რამდენი ბავშვის უფლებაა დარღვეული.
"სამწუხაროა, რომ ამ მხრივ ჯერ გაუმჯობესება არ ჩანს, იგივე სიტუაციაა რაც 5 წლის წინ იყო. მეტიც, ზოგიერთ სეგმენტში მდგომარეობის გაუარესებაც კი შეინიშნება. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი ამას წელს კიდევ ერთხელ განიხილავს და თავის ანგარიშში ასახავს და ეს საკითხი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა იქნება.
"როდესაც ასეთ საკითხებზე ინფორმაცია შემოგვდის, ამას სოციალური მომსახურების სააგენტოში ვამისამართებთ და ამავე დროს ჩვენი ცენტრი ზედამხედველობასაც უწევს, თუ რამდენად რეალურად მოხდა ეს ბავშვი ქუჩიდან სხვა რეალობაში. საკმაოდ რთული სამუშაოა ჩასატარებელი ასეთ ბავშვებთან, ამიტომ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ.
"სააგენტოში ამ საკითხზე ნამდვილად რეაგირებენ და რაღაც მომენტში მაინც ახერხებენ სამუშაოს სწორად ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს რგოლი ამუშავდა, ამის შემდეგ იქმნება მთავარი პრობლემა - სად წაიყვანენ ამ ბავშვს, რა მომსახურებას გაუწევენ მას და.ა.შ. პირდაპირ ბავშვთა სახლში გადაყვანა არა მარტო ამ ბავშვს შეუქმნის პრობლემებს, არამედ იქ დახვედრილებსაც.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ასეთი ბავშვები არსებულ სიტუაციას ვერ ეგუებიან და ისევ მათხოვრობას უბრუნდებიან. ამის სისტემური პრევენცია უნდა გატარდეს, თორემ ერთი და ორი ბავშვის გადაყვანა პრობლემას ვერ გადაჭრის.
"ეს საკითხები უპირველეს ყოვლისა სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეროგატივაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა უწყებას არ ეკუთვნის, ყველა ვინც იზრუნებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეს უმთავრესად ბავშვებს წაადგებათ."
საია-ს თავმჯდომარის მოადგილე და გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთევან ბებიაშვილი: "ბავშვი როდესაც ქუჩაშია, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა და კერძოდ სოციალური მომსახურების სააგენტო. ეს საკითხი სოციალური მომსახურების სააგენტოს ეხება და ამ სამსახურმა უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ამ სააგენტოს მიმართ კი მიმართვის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ამას ხედავს.
"თუ ოჯახი დაუცველია, მაშინ ოჯახში მისული სოციალური მუშაკის მიერ აღნიშნული ეს ფაქტიც უნდა იყოს. სახელმწიფომ ოჯახისა და თვითონ ბავშვის მდგომარეობა უნდა შეამოწმოს. უმთავრესი ბავშვის ინტერესების დაცვაა, ანუ უნდა მოახდინოს ან ოჯახის დახმარება იმისათვის, რომ ბავშვმა უკეთეს პირობებში იცხოვროს, ან იგი შეიძლება მისი ინტერესებიდან გამომდინარე ბავშვთა სახლში იქნას გადაყვანილი და შემდგომ შესაბამისი პროგრამით ოჯახებს გადაეცეს, რათა ის ოჯახურ გარემოში აღიზარდოს და არა ქუჩაში, ეს უშუალოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა.
"საქართველოს კანონმდებლობის სამოქალაქო კოდექსი მშობლის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ეს ის მექანიზმია, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, როდესაც ბავშვს აღსაზრდელად კონკრეტულ ოჯახებს გადასცემენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ეს ოჯახი ნორმალური იყოს, უნდა ჰქონდეს საჭირო მატერიალური პირობები, რადგან ბავშვს შესაბამისი გარემო შეექმნას.
"ეს გაშვილება არაა, ეს მინდობით აღზრდაა. ამ შემთხვევაში მშობელს ბავშვის ნახვის უფლებაც კი აქვს. ამ დროს ოჯახს სახელმწიფო აძლევს ყოველთვიურად 200 ლარს, თუმცა ეს თანხა ბავშვის კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული", - აცხადებს ქეთევან ბებიაშვილი.
"რეზონანსი" ესაუბრა ფსიქოლოგ ნატო ზედანიშვილს. მისი თქმით, როდესაც ბავშვი მცირე ასაკიდანვე მათხოვრობს ეს ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად განწირულია:
"ის, რომ ბავშვი ქუჩაშია, ეს ბავშვზე უარყოფითად აისახება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მე ამ საკითხში კარგად ჩახედული არ ვარ, მაგრამ მაქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ მათხოვარ ბავშვებს მშობლები სპეციალურ პრეპარატებს აძლევენ, რომ ეს ბავშვები დააძინონ, დაამშვიდონ ან რაიმე ტიპის ზემოქმედება იქონიონ. ამ დროს ბავშვის ბაზისური მოთხოვნილებები არანაირად არ არის დაკმაყოფილებული. ბავშვს სჭირდება წესრიგი, რეჟიმი, კვება და.ა.შ. ამ დროს კი არცერთი ეს კომპონენტი დაკმაყოფილებული არ არის.
"როდესაც ბავშვი დაბადებიდან ან ძალიან მცირე ასაკიდანვე ასეთ პირობებში იზრდება, მაშინ ასეთი ბავშვები პრაქტიკულად განწირულები არიან.
"ასეთ ბავშვებს შემდგომში რაც არ უნდა კარგი პირობები შეუქმნა, ისინი ქუჩის გარეშე ვეღარ ძლებენ. ყოფილა შესაბამისი პროგრამები, მაგრამ ამ დროს ბავშვებს ძალიან უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება. 2-3 დღე და შემდეგ ისევ ქუჩაზე იწყებენ ფიქრს. იმიტომ, რომ ისინი საკუთარ სახლად ქუჩას, ღია ცის ქვეშ ყოფნას მიიჩნევენ და ძალიან უჭირთ დახურულ სივრცეში, სახლში ყოფნა.
"ძალიან საინტერესო პროგრამა არსებობს პეტერბურგში ასეთ ბავშვებთან დაკავშირებით. ამ პროგრამით ქუჩის ბავშვებს შესაბამისი ფორმის აქტივობები, ცხოვრების სტილი მოუძებნეს. მათ გააკეთეს ქუჩის ცირკი, სადაც ბავშვები უფროსების დახმარებით სხვადასხვა წარმოდგენებს დგამენ, აკეთებენ საცირკო წარმოდგენა-დადგმას და ეს იმ ხასიათში ჯდება, რასაც ეს ბავშვები მიჩვეულები არიან, რადგან მათი ცხოვრების სტილი ისევ ქუჩას უკავშირდება. ამ დროს ბავშვებს ქუჩას ვუტოვებთ, მაგრამ სულ სხვა მიზნებისთვის. ანუ ამ შემთხვევაში ბავშვის დესტრუქციული მდგომარეობა კონსტრუქციულში გადადის".
ნატო ზედაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვთა სახლებს საჭირო პირობები არ აქვს.
"ზოგი ისეთი ბავშვთა სახლია, რომ იქ ყოფნას ისევ ქუჩა სჯობს", - აღნიშნა მან.
969
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85