პროტესტი მანამ გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება

პროტესტი მანამ გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება "ჰო"-ს არ იტყვის

[რეზონანსი   გიორგი ფუტკარაძე]

რობერტ სტურუას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით დღეს კულტურის სამინისტროს კიდევ ერთ მიმართვას გაუგზავნიან


შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლების გამო სხვადასხვა თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი კულტურის მინისტრისთვის დღეს მიმართვის გაგზავნას აპირებს და სტურუას თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. გუშინ კი იგივე მოთხოვნით განცხადება რუსთაველის თეატრის დასის წევრებმა გაავრცელეს.

რუსთაველის თეატრის დასს ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს, თუ როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა, აპირებენ რომ მშვიდობიანი აქციები კვლავ გააგრძელონ. სტურუას ადგილი კი ჯერჯერობით ვაკანტურია და როგორც რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა ამბობს, ჯერ-ჯერობით ეს თანამდებობა არავისთვის შეუთავაზებიათ.

რაც შეეხება მიმართვაზე კულტურის სამინისტროს პოზიციას, ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება.

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუას მიერ 9 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით გაათავისუფლეს.

ნიკა რურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მის მიერ გამოთქმული "ეთნიკური მეტაფორების" გამო გათავისუფლდა.

"სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს", - განაცხადა ნიკა რურუამ.

გუშინ კი რუსთაველის თეატრის წინ, რუსთაველის თეატრის დასის და შემოქმედებითი კოლექტივის სახელით, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა რობერტ სტურუას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება წაიკითხა. დასი სტურუას თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს.

"რაღა არ განუცდია რუსთაველის თეატრის დასს თავისი არსებობის მანძილზე, ასეთი ერთსულოვანი კი იშვიათად ყოფილა. დღეს ყველა გაოგნებულია. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ რაც უნდა რთულ პერიოდში ვცხოვრობდეთ, არ უნდა დავკარგოთ ადამიანური სახე. ჩვენი ნებისმიერი საქციელი ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული უნდა იყოს. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტო. რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მოხსნეს. რას ნიშნავს ეს?" - ვკითხულობთ განცხადებაში - "არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!"

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, განცხადებას რუსთაველის თეატრის დასი და შემოქმედებითი კოლექტივი სრულად აწერს ხელს, დაახლოებით 70 ადამიანი. ნაწილმა იმის გამო, რომ ქალაქში არ იმყოფება, ხელმოწერა ვერ შეძლო, თუმცა, მხარდაჭერას აფიქსირებს.

რუსთაველის თეატრის დასს და შემოქმედებით კოლექტივს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, თუ როგორ გააგრძელებს მოქმედებას. თეატრთან შეკრებილი მსახიობები აცხადებდნენ, რომ ახალი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დასს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

რუსთაველის თეატრის მსახიობებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია რობერტ სტურუას სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა. მსახიობ ჯემალ ღაღანიძის განცხადებით "სტურუა ეროვნული საგანძურია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდეს და იქ იმუშაოს.

თუმცა, მსახიობები აპირებენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გააგრძელონ. რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ბესო ზანგურმა განაცხადა, რომ მსახიობები გააგრძელებენ პროტესტს, ვიდრე ხელისუფლება რობერტ სტურუაზე "ჰო!"-ს არ იტყვის.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ რობერტ სტურუა დარჩება რუსთაველის თეატრში სამუშაოდ. შესაძლოა, ეს არ იყოს სამხატვო ხელმძღვანელი, მაგრამ გააგრძელებს სპექტაკლების დადგმას", - განაცხადა მსახიობმა.

მისივე თქმით, თუ სტურუა საერთოდ დატოვებს თეატრს, რუსთაველის თეატრიდან თავადაც წავა, ხოლო თუ რობერტ სტურუა გააგრძელებს სპექტაკლების დადგმას, თეატრში სამუშაოდ დარჩება. ზანგური "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ თეატრალური საზოგადოება უკვე დღეიდან აპირებს, რომ სტურუას გათავისუფლების თაობაზე საკუთარი პროტესტი ხელმოწერებით დააფიქსიროს და კულტურის სამინისტროს იგივე სახის მიმართვა გაუგზავნოს, რაც რუსთაველის თეატრის დასმა.

"უკვე ხვალ არა მხოლოდ რუსთაველის თეატრის მსახიობები, არამედ თეატრალური საზოგადოება აპირებს, რომ ამ წერილზე საკუთარი ხელმოწერები დააფიქსიროს, ჩვენ ვამბობთ - "მოგვეცით ჩვენი რობერტი", აქციები გაგრძელდება, თუმცა მხოლოდ აპოლიტიკური ხასიათის იქნება", - ამბობს ზანგური. რაც შეეხება ამ საკითხზე რუსთაველის თეატრის მმართველის ზაალ ჩიქობავას პოზიციას, ჩიქობავა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სტურუა რუსთაველის თეატრში რეჟისორად დარჩება და გააგრძელებს მუშაობას.

ჩიქობავა თეატრალური დასის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სტურუასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ბუნებრივია, რომ ისინი მსგავს განწყობას გამოხატავენ. მისივე თქმით, ამჟამად სტურუას ადგილი თავისუფალია და შეთავაზებაც არავის მიმართ არ ყოფილა.