„რუსთაველის თეატრის მსახიობები ვერცხლზე არ უნდა გაიყიდონ“

„რუსთაველის თეატრის მსახიობები ვერცხლზე არ უნდა გაიყიდონ“

[მანანა ნოზაძე] 

დღეს რუსთაველის თეატრის დასის წევრებმა საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუფიქსირეს დიდ რეჟისორს. მათთვის რობერტ სტურუა კვლავაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რჩება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. მართალია, დასის წევრებს შორის საშუალო და ახალგაზრდა თაობა ჭარბობდა, მაგრამ ძველ მსახიობებს შორის ერთადერთი ჯემალ ღაღანიძე შევნიშნეთ, რომელიც ყველა ჭარმაგი მსახიობის სახელით ლაპარაკობდა და მათი მხრიდან რობერტ სტურუას მხარდამჭერთა გვერდით არყოფნის გამართლებას ცდილობდა. ჯემალ ღაღანიძე აცხადებდა, რომ ჭარმაგი მსახიობები – რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე და სხვანი ან ავად იყვნენ, ან თბილისში არ იმყოფებოდნენ, თორემ ძველი თაობიდან მარტო იგი არ შემორჩებოდა სტურუას ერთგულად. 

მსახიობები ჯერ კიდევ განსჯის სტადიაში არიან, მათ ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ გააგრძელებენ თეატრში მოღვაწეობას. ამდენად, კოლეგების დაბრუნებისთანავე, მათთან აზრების შეჯერებით, მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. არც ისაა გადაწყვეტილი, ჩაიშლება თუ არა მომავალი თეატრალური სეზონი.  

„აღარ გვჭირდება სტურუას სპექტაკლები? მოძველდა? უარს ვამბობთ ამ ფასეულობებზე? არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!“ – მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა ამ შინაარსის საგანგებო განცხადება გააცნო საზოგადოებას. მართალია, განცხადებას ხელს რუსთველის თეატრის თითქმის მთელი შემადგენლობა, 70 ადამიანი აწერდა, მაგრამ მსახიობები დღეს გაურბოდნენ იმ ერთეულ ადამიანებზე საუბარს, რომლებიც ამ განცხადებას არ შეუერთდნენ.

ამ ეტაპზე დასის წევრებს არ სურთ, დააკონკრეტონ, მათი მოქმედებები რამდენად კოორდინირებულია დიდ მაესტროსთან, მაგრამ, როგორც ჩანს, რობერტ სტურუასთვის მაინც განუმეორებლად, შეუცვლელად რჩება რუსთველის თეატრი. მისთვის დიდი შეღავათისა და სიხარულის მომნიჭებელი არ უნდა იყოს, რომ არაერთ ქვეყანაში ღებულობს მიპატიჟებებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს თეატრიდან გაშვების შემდეგ რობერტ სტურუა აღარ დაუბრუნდებოდა მშობლიურ თეატრს, როგორც ჩანს, რობერტ სტურუასაც არ ეთმობა რუსთაველის თეატრი და იგი დაბრუნებას კვლავ აპირებს. პრესაგე.ტვ დაინტერესდა მსახიობების პოზიციით.  

მსახიობი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რობერტ სტურუას მიმართ ხელისუფლების რეაქცია კრიმინალური სერიალის მსგავსია.

„გული მტკივა, ვის სჭირდებოდა ასეთი საქციელი, ვინ დგას ამის უკან? ასეთი შემოქმედის, ნიჭიერი ადამიანების მიმართ ასეთ არაადექვატურ ბრალდებებს რატომ იგონებენ? სტურუა – ქსნოფობი, ეს ხომ სასაცილოა? ნორმალურ ადამიანებს ცხოვრებას უფუჭებენ. ამით ხალხი იძაბება, იცვლება გარკვეული ურთიერთობები. ეს ვის სჭირდება? ბევრი უპასუხო კითხვაა. დინამიკაში თუ შევხედავთ, ეს ბანდიტური, კრიმინალური სერიალია. გარწმუნებთ, ეს სერიალი ძალიან მალე დასრულდება“, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

ზაზა პაპუაშვილის თქმით, ბატონი რობერტი თავად გადაწყვეტს, მომავალში რას მოიმოქმედებს, მაგრამ რუსთაველის თეატრის მსახიობებმა მამაცურად, ადექვატურად, პრინციპულად უნდა იმოქმედონ, რადგან მათ უკან დგას სამშობლო, მათ შეჰყურებს მრავალი თეატრი, ახალგაზრდა თაობა.

„თუკი ჩვენ გავჩერდებით და საკუთარ პრინციპებს არ დავიცავთ, მაშინ ყველაფერი დაიღუპება“.

მსახიობი თათული დოლიძე აცხადებს, რომ სტურუას შემოქმედება მხოლოდ სიკეთისა და ქვეყნის სიყვარულისკენ, პატრიოტიზმისკენ იყო მიმართული.

„თუ ჩვენ ადრინდელი სტურუა მოგვწონს, რომელიც ებრძოდა კომუნისტებს, მაშინ რაღა დააშავა ახლა? ამხელა პიროვნების კერძო გამონათქვამებს მე პირადად არ ვაქცევ ყურადღებას. არის ალბათ რაღაც, რასაც არ უნდა მივანიჭოთ ამხელა მნიშველობა. მისი ბოლო სპექტაკლი, ეს იყო 21-ე საუკუნის რეჟისურის საუკეთესო ნიმუში“, – აცხადებს თათული დოლიძე.

მისივე თქმით, მსახიობები ყოველნაირად შეცდებიან, მართალი სიტყვითა და მოვლენათა მიმართ სწორი დამოკიდებულებით რაღაც შეცვალონ და რობერტ სტურუა თეატრის მხატვრულ ხელმძღვანელად დატოვონ.

„დაუბრუნდება თუ არა ბატონი რობიკო თეატრს, ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, რა მოჰყვება ჩვენს პირველ განაცხადს. ეგებ, მოხდეს სასწაული და ამდენი ბრძოლა აღარ დაგვჭირდეს. გაითვალისწინონ ამხელა დასი, მისი წარსული, რაც გაუკეთებია ამ თეატრს სტურუას მეთაურობით. რაც გაუკეთებიათ მასზე ადრეულ თაობებს, სწორედ ის წინა თაობებია, ზურგს რომ გვიმაგრებენ. საერთოდ, ამ რანგის ხელოვანი  ყოველთვის გამაფრთხილებელია, რომ ქვეყნისთვის სავალალო შეცდომები არ დაუშვან. ძალიან ბევრი ამბობს, მე არ მინახავს სტურუას სპექტაკლები, მაგრამ ვგმობო. რას გმობ, თუ არ გინახავს? მაშინ გაითვალისწინე იმ ადამიანების აზრი, ვისაც უნახავს და ვინც რამე იცის. ან კიდევ, ნახე და მერე იმსჯელე მისი სპექტაკლების ავკარგიანობაზე. სხვათაშორის, მისი კერძო განცხადებებისგან საკმაოდ მკვეთრად განსხვავდება მისი შემოქმედება. სტურუა მაღალი გემოვნებით გამოირჩევა, ისეთი დახვეწილია, რომ, თუ შენიშვნის მოცემა უნდა, იმასაც ისე ელეგანტურად ახერხებს, რომ არ უნდა გეწყინოს. ბოლოსდაბოლოს, მისი მოვალეობაა ეს“, – მიიჩნევს თათული დოლიძე.

მსახიობი დიმა ჯაიანი მსახიობებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი აზრით, ხელისუფლება რობერტ სტურუას წინააღმდეგ მათ გადაბირებას  შეეცდება.

„ბედნიერი ვარ, რომ რუსთაველის თეატრის არცერთ თანამშრომელს განსხვავებული პოზიცია არ აქვს, მაგრამ ახლა შეეცდებიან მუშაობას თეატრს შიგნით. დასის წევრთა გადაბირების მცდელობა ექნებათ, რადგან ამის მაგალითი არსებობს. შედარება ძალიან ძნელია, სად ცა და სად დედამიწა, რობიკო ცაშია, მე კი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ სამჯერ შემომიტიეს. ორჯერ დავამარცხე, მესამეჯერ დასის შიგნით დაიწყეს ბრძოლა და იქ დამამარცხეს. ამიტომ რუსთაველის თეატრის უძვირფასესმა სახეებმა, მაპატიონ, რომ ამას ვეუბნები, მაგრამ ვერცხლზე არ უნდა გაიყიდონ“.

დიმა ჯაიანი არ გამორიცხავს, რომ დასის წევრებს დიდი თანხა, ან კიდევ როლები შესთავაზონ თეატრსა და კინოში, შესაძლოა, საზღვარგარეთაც გაუშვან, მაგრამ მათ ისევე მედგრად უნდა დაიცვან გენიოსი რეჟისორი, როგორც ახლა იცავენ.

„ეს გიგანტი, გენიოსი, დიდი ალმასი ბოლომდე უნდა დაიცვან, რათა შთამომავლობის წინაშე მართლები იყონ. მართალია, დღეს ბევრი მსახიობი არ იყო რუსთაველის თეატრთან შეკრებილი, მაგრამ ტყუილი არ უთქვამს ზაზა პაპუაშვილს, მსახიობებმა მართლაც დაურეკეს კოლეგებს და რობიკოსთან მიმართებით პოზიცია დააფიქსირებინეს. მათზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა და რა გასაკვირია, რომ მსახიობებმა თქვეს, რობიკოს მხარეს ვდგავართ სიკვდილამდეო. თეატრალურ საზოგადოებაში მზადდება კიდევ ერთი წერილი და, ვინც ახლა არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, ისინი ალბათ იქ მოაწერენ ხელს“.

დიმა ჯაიანი დაუშვებლად მიიჩნევს სტურუას საქართველოდან გაშვებას, რადგან ამით ჩვენი ქვეყანა ბევრს დაკარგავს, არა მხოლოდ თეატრალური საზოგადოება.

„მცდარია მოსაზრება, თითქოს სტურუა არ აპირებდა რუსთაველის თეატრში დაბრუნებას. იგი ამასთან დაკავშირებით არსად წერდა. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა,  თუკი მართლა წავა საქართველოდან, იგი კალიაგინის თეატრში დაიწყებს მოღვაწეობას“,– აღნიშნა ჯაიანმა.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ურწმუნოებაა გამეფებული, ხოლო სტურუა იმიტომ გაწირეს, რომ არ გახდა მონა.

„გაუმარჯოს ისევ ილიას, ყველა ყრუი და ყველა ცრუიო, რომ ამბობდა და მათში ადამიანების 70%-ს გულისხმობდა. რაც შეეხება აკაკის, არ ვარ მე აკაკის დონის პოეტი, რომ ვუთხრა ქვეყანას, ფურთხის ღირსი ხარ-თქო. რობერტ სტურუა არ სჭირდება ხელისუფლებას, რადგან ის გენიალური პიროვნება, უდიდესი მოღვაწეა და არ გახდა მონა. ეს არის საოცრება, რომ იგი მონად ვერ გახადეს. მაგათ ასეთები არ სჭირდებათ. ჯოგი თუ მრევლად არ გადაიქცა, ყოველთვის ასეთ დღეში ვიქნებით“,– მიიჩნევს ჯანსუღ ჩარკვიანი.

მისივე თქმით, რობერტ სტურუასთან მიმართებით საქმე იოლად არ დამთავრდება.

„დიდი რამ მოხდება... როგორ შეიძლება, ამხელა რამ ერმა აპატიოს ხელისუფლებას. ვინც გადასაბირებელი არ არის, მათ ეს ხელისუფლება ვერ გადაიბირებს. ხოლო, ვისი გადაბირებაც მოხერხდება, ის ბრწყინვალე შემოქმედი კი არ იქნება, არამედ – ნაძირალა. ანტისომხური არაფერი უთქვამს, ბიცოლაჩემი სომეხიაო. უბრალოდ, ქართველი პრეზიდენტი სურდა ქვეყნის სათავეში, ამაში არაფერი უხერხული არ არის“, – აცხადებს ჩარკვიანი.