თამაშის დასასრული

თამაშის დასასრული

[ლიბერალი დავით ბუხრიკიძე]

ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ინსპირატორმა, რეჟისორმა რობერტ სტურუამ მაინც მოახერხა საკუთარი, ამჯერად არცთუ მაღალი ჟანრით "დადგმული" სპექტაკლი რუსთაველის თეატრის კედლებს გარეთ გაეტანა. მისთვის საბედისწერო ფინალიც (ნაწილობრივ ფარსის ელემენტებით) სწორედ ქუჩაში დადგა, როგორც მისი საყვარელი ბრეხტის პიესებში, კულმინაციურ სცენებში. 
 

შეიძლება ითქვას, რომ მისი ნანატრი თეატრალური მითი აღსრულდა. ბოლოდროინდელი ქმედებით და განცხადებებით ის თითქოს შეგნებულად და მიზანმიმართულად მიდოდა ამ გაზაზე! და აი, შედეგიც, რომელიც სტურუას ყველაზე ახლობელ და დიდ რეჟისორთან, სანდრო ახმეტელთან აახლოებს. კანცელარიულ ენაზე რომ ვთქვათ, ის მოხსნეს, უფრო მხატვრულ-დრამატულად - გააგდეს. როგორც დიდი ხნის წინ, 30-იან წლებში სანდრო ახმეტელი გააგდეს რუსთაველის თეატრიდან მაშინდელი ხელისუფლების ფავორიტმა დიდმა მახიობებმა - აკაკი ვასაძემ და აკაკი ხორავამ...

სტურუას წასვლა იმ დრამატული მითის გაგრძლებაა, რომელიც რუსთაველის თეატრს ახმეტელის გაძევებისა და სიკვდილის შემდეგ, წყევლასავით თან სდევს. დიდი ქარტეხილებისა და ხორავა-ვასაძის გმირულ-დრამატული თეატრის კრიზისის შემდეგ, 60-იან წლების გამოკვეთილი ლიდერის, მიხეილ თუმანიშვილის "წაშველებით" (ცხადია, ასევე კულტურის სამინიტროს გადაწყვეტილებით), თეატრიდან მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, საღლ-სალამათი დიმიტრი ალექსიძე გაუშვეს.

მოგვიანებით, 70-იანი წლების დასაწყისში, თუმანიშვილის საყვარელმა მოწაფეებმა, თემურ ჩხეიძემ და რობერტ სტურუამ მასწავლებელს ასევე ზუსტად და მიზანმიმართულად "შეუწყვეს ხელი" რუსთაველის თეატრიდან წასულიყო. და ამ მითის ბოლო ნაწილია 2011 წლის აგვისტო, როდესაც სტურუას პერსონამ აქტუალური პოლიტიკურ-კარნავალური სპექტაკლებისა და ხელისუფლებასთან ბოლოდროინელი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, ისევ ხმაური და მღლვარება გამოიწვია...

21-ე საუკუნეში დადგმულ არცთუ კარგ სპექტაკლებში სტურუას აღარ აინტერესებდა პერსონაჟების პირადი, წვრილმანი პრობლემები. იგი ადამიანს ერთდროულად მითიურ, პაროდიულ და კოსმიურ განზომილებაში ხედავდა და კლასიკურ პიესებშიც სრულიად მოულოდნელ რეჟისორულ კულბიტებს ჩადიოდა... ასე იყო ქორეოდრამაში "სტიქსში"; ასე იყო კომიკური ფანტასმაგორიის ჟანრში დადგმულ "ბიდერმანში" და ბოლოს, სულ რაღაც ერთი თვის წინ, თეატრში ღამის 10 საათზე დანიშნულ, ლამის კონსპირაციულ პრემიერაზე - "თამაზ ჭილაძის" ნადირობის სეზონი" დღეს უკვე მასზე გამოცხადებულ "ნადირობის ქრონიკას" დაემსგავსა.

სტურუა არასოდეს ყოფილა მორალისტი. თუმცა იგი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ბახის "პასიონის" ფონზე, დახვრეტილი ინტელიგენტის სახელით პათეტიკურად შეახსენებს მაყურებელს, რომ 30-იანი წლები და დასმენები ვიღაცის მოჩვენებები არ ყოფილა. გვამებით მოფენილი პრეზიდენტის კანცელარია ფინალში შეიძლება აღიქვათ როგორც პაროდია ელსინორის სასახლეზე "ჰამლეტში"; ან თუ გნებავთ, როგორც ცუდი სიზმრის ტრანსფორმაცია შექსპირის "მეთორმეტე ღამეში" და ურჩხულებად ქცეული, უზურპატორი მეფეებისა და დიდიებულების შესახებ მოთხრობილი ზღაპარი კალდერონის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში"ცხოვრება სიზმარია". თუმცა ფინალში ზეციდან დაშვებული ანგელოზი გვამცნობდა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო!

...ნამდვილი ხუმრობაც დასრულდა. ცხადია, სტურუას წასვლა არც მარტო კულტურის მინისტრის პრინციპულ ახირებას ჰგავს და არც თავად პრეზიდენტის მორიგ სადამსჯელო-გასართობ ღონიძიებას. სააკაშვილს ბოლო დროს კიჩურ-საოპერო გართულება აქვს და მახინჯაურში აგებული, უფრო ზუსტად გადაკეთებული კრემისფერი შენობა (რომელიც აღმოსავლური ტკბილეულის გიგანტურ მაღაზიას უფრო ჰგავს) კანისა და ნიცის თეატრებზე უკეთესი ჰგონია. მაგრამ ეს სხვა ოპერის არიაა.

აგვისტოს ბრძანება დიდი ხანია მზადდებოდა და უკვე ქსენოფობიურ აკვიატებებსა და შემოქმედებით კრიზისში მყოფი რეჟისორის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰგავს, რომელსაც ქალბატონმა ხათუნმა ოჩიაურმა ზუსტი განმარტება მისცა: "რატომ უნდა უხადოს სახელმწიფომ თუნდაც დიდ რეჟისორს ხელფასი, რომელიც სისტემატიური ქსენოფობური განხადებებით საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს არღვევს". თუმცა მას არ გახსენებია პრეზიდენტის ანალოგიური შინაარსის შეურაცმყოფელი ფრაზები... და არც პოლიტიკური ოპინენტების მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია, როცა მათ ოფიციალურად სამშობლოს მოღალატებს უწოდებდა...

ფორტინბრასის დამცინავი, აშკარად მეტაფორული ფრაზა, რომლითაც მთავრდებოდა სტურუას დადგმული "ჰამლეტი" მოსკოვის "სატირიკონში" - "გაიტანეთ გვამები!" - საბედისწეროდ ჟღერს სწორედ დღეს და სწორედ პოლიტიკურ კონტექსტში. ოღონდ, ვინ უნდა გაიტანოს და ვისი გვამები, საკითხავი აი ეს არის. სხვათა შორის, სტურუა ბრეხტსა და შექსპირსაც ისევე თამამად ეპყრობოდა 30 წლის წინ, როგორც რამდენიმე წლის წინ, ლაშა ბუღაძის პიესაში პაროდიულად აღწერა პრეზიდენტის სახლის კარი. შეაძლოა ეს საბედისწერო და გადამწყვეტიც გამოდგა, რადგან ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მძიმედ იტანს ნებისმიერ კრიტიკას და არც გულმავიწყობით და თვითირონიით გამოირჩევა.

1980 წელს ლონდონში გასტროლების დროს გაზეთმა "გარდიანმა" სტურუას "რიჩარდ მესამეზე" დაწერა, მსგავსი შექსპირი არ გვინახავსო. ეს სწორედ მაშინ იყო, როცა რამდენიმე თვით ადრე საბჭოთა ჯარებმა ქაბული მიწასთან გაასწორეს და სიტყვა "საბჭოთა" და "ოკუპანტი" სინონიმები გახლდათ. სპექტაკლში კი გენიალური ავთანდილ მახარაძე (ედვარდი) განუწყვეტლივ მშვიდობაზე ლუღლუღებდა და უცნაურად ჰგავდა ჰელსინკის სამშვიდობო აქტზე ხელმომწერ ბრეჟნევს...

მერე რა, რომ სტურუას დიდი თეატრალური კარნავალი უკვე ჩავლილია; მისი პოლიტიკური ალუზიები დაუვიწყარი; მისი 70-წუთიანი სიჩუმე "სტიქსში" უკვე ისტორიული. მის მიერ თითქმის 40 წლიანი მმართველობისა და "თეატრალური ვერსალის" დატოვების შემდეგ ჯერ კიდევ შეიძლება რაღაც-რაღაცეების ნახვა. ვიდრე ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი არ დაუნიშნავთ და მასაც არ გაუმეორებია საკრალური ფრაზა - "გაიტანეთ გვამები!"