[რეზონანსი იაგო ნაცვლიშვილი]
ძლიერი წვიმების შედეგად კახეთის რეგიონი დატბორილია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში კახეთში სტიქიას ებრძოდნენ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სოფელი სრულად დაიტბორა, ზოგიერთი კი გარესამყაროს მოწყდა. სოფლებში შინაური ფრინველი და პირუტყვიც დაიხოცა. ადგილობრივ მოსახლეობას ყველაფერი დაუსველდა და გაუფუჭდა, რაც მათ პირველ სართულზე ჰქონდათ. სოფლების გარდა წყალდიდობა ქალაქებსაც უშუალოდ შეეხო, ლაგოდეხის ერთ-ერთი ქუჩიდან მდინარის ადიდების გამო საჭირო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი კი აცხადებდა, რომ გუშინ მთელი დღე სახლიდან ვერ გამოდიოდა, რადგან გზაზე 40-სანტიმეტრიანი ნიაღვარი მოდიოდა, მან გამოსვლა მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეძლო, მაშინ როდესაც წვიმამ ცოტათი გადაიღო.
გუშინვე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე გია გოზალაშვილზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მდგომარეობა ძალიან სერიოზული იყო, საინფორმაციო ცენტრს გოზალაშვილმა განუცხადა: "წყალი კალაპოტიდან ჯერ არ გადმოდის, თუმცა მდგომარეობა ძალიან სერიოზულია, თუ წვიმამ დროულად არ გადაიღო, მდგომარეობა ძალიან სერიოზული იქნება". კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით სოფლების: ნინიოგორისა და აფშენის სახლების ეზოები და სარდაფები დაიტბორა. სანიაღვრე არხების კალაპოტი კი წყალს ვეღარ იტევს და ნელ-ნელა გზებსა და საცხოვრებელი სახლებში გადადის.
ასეთივე მძიმე სიტუაციაა კახეთის კიდევ ერთ რეგიონში - საგარეჯოში. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ საგარეჯოს რაიონის სოფლებში საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ხევებიდან გადმოვარდნილი წყლით კი ცენტრალური საავტომობილო გზა დაიტბორა კაჭრეთთან, ასევე საგარეჯოს რაიონის სოფლებში - თოხლიაურში, მანავში, შიბლიანში, ბადიაურსა და ყანდაურში. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საგარეჯოს რაიონ სოფელ შიბლიანში. სააგენტოს ინფორმაციით, სოფელი გარესამყაროს მოწყდა. მიზეზი კი ის გახდა, რომ მდინარე შიბლიანის ხევში ადიდებულმა წყალმა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.
სააგენტო იუწყება, რომ წყალმა გურჯაანი-თბილისის მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთიც დატბორა, რის გამოც მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებული იყო. წყაროს ინფორმაციით, გზაზე წყლის რაოდენობა 30 სანტიმეტრს აღემატება.
საგარეჯოს რაიონის გამგებლის, გია ჩათლაშვილის ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სააგენტო ჩათლაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გზაზე მოძრაობა, გუშინვე, შუადღით აღდგა. გზაზე სიტუაციას კი საპატრულო პოლიცია და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აკონტროლებენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასევე იუწყება, რომ გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი გარესამყაროს მოწყდა. სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მდინარე ჭერემის ხევზე გადის. მდინარის ადიდების გამო კი ხევში გავლა ორხიდიან მანქანებსაც კი უჭირს. საინფორმაციო ცენტრი ამ ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, სოფელ ჭერემში სულ 20 ოჯახი ცხოვრობს. ჭერემი გურჯაანიდან 28 კილომეტრში მდებარეობს და მოსახლეობას ელექტროენერგია 16 წელია, არ მიეწოდება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასევე იუწყება, რომ ძლიერი წვიმის შედეგად საგარეჯოს რაიონის სოფელ ბოგდანოვკაში 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 200 ჰექტრამდე ვენახი დაიტბორა. სააგენტოს კორესპონდენტის ინფორმაციით, (რომელიც მასალის მოსამზადებლად მოვლენის ეპიცენტრში იმყოფებოდა) სოფელში შიანაური ფრინველი და პირუტყვიც დაიხოცა.
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში 40-მდე სახლი დაიტბორა, ამ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. "დღეს დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გამგეობისგან სახანძრო მანქანებით დახმარებას ითხოვდნენ, რათა დატბორილი სახლებიდან წყალი ამოეტუმბათ, მაგრამ უშედეგოდ", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საინფორმაციო ცენტრი ადგილობრივების კომენტარსაც აქვეყნებს: "არავინ ყურადღება არ მოგვაქცია, ტონობით წყალი ვედროებით გადავღვარეთ". მათივე თქმით, პირველ სართულზე რაც ჰქონდათ, ყველაფერი დასველდა და დაზიანდა.
წყაროს ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად საგარეჯოს რაიონში კიდევ ოთხი სოფელი დაზარალდა.
ლაგოდეხში ზაქათალის ქუჩაზე მდებარე კორპუსებიდან 100-მდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ განუცხადა, ადიდებული მდინარე შრომის ხევიდან წყალი მოვარდა და კორპუსებს დანგრევის საფრთხე შეუქმნა.
მოგვიანებით საინფორმაციო ცენტრმა საკუთარი კორესპონდენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოებას აუწყა, რომ მდინარე შრომის ხევი ისეა ადიდებული, რომ მდინარიდან მოვარდნილმა წყალმა ზაქათლის ქუჩაზე რვა ავტოფარეხი დაანგრია. ასევე მთლიანად დაიტბორა საავადმყოფოსთან მისასვლელი გზა და საფეხმავლო ხიდიც წაიღო.
წყაროს ინფორმაციით, ზაქათლის ქუჩაზე მდებარე კორპუსების სარდაფები წყლით არის სავსე, რის გამოც მოსახლეობა ევაკუირებულია. ხალხში პანიკა სუფევს.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის მაცხოვრებლებმა გუშინ შველაც ითხოვეს. ადგილობრივმა გულნაზ მამედოვამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ტელეფონით აცნობა, რომ ადიდებული მდინარე კაბლის ხევიდან წყალი სოფელში შევარდა, რამაც სახლები, გზები და ნაკვეთები დატბორა. მისსივე ინფორმაციით, ხალხი დატბორილი უბნებიდან გასვლას ვერ ახერხებს. "სულ წყალში ვართ. ვისაც ორსართულიანი სახლი აქვს, მეორე სართულზე ავიდნენ. სახლში რაც იყო, სულ წყალმა წაიღო. აქედან გასვლა გვინდა, მაგრამ ვერ გავდივართ. ჩემი მეზობელი მანქანით გადიოდა, მაგრამ შიგ ჩავარდა. მანქანა გზაზე დატოვეს და ისევ სახლში დაბრუნდნენ", - აღნიშნა დაზარალებულმა. "სოფელ კაბლიდან, რომლის ერთ-ერთი უბანიც მთლიანად წყალშია მოქცეული და წყლის დონე სულ უფრო ზემოთ იწევს, ხალხის გამოსაყვანად შესაძლოა საჭირო ავიაციის მობილიზება გახდეს", - ეს ინფორმაცია გუშინ სტიქიის მიმდინარეობის დროს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.
ინფორმაციას ადასტურებს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. "მთელი დღე სახლში ვიყავი გამოკეტილი, სახლიდან ვერ გამოვდიოდი, რადგან გზაზე გავლა მანქანითაც კი შეუძლებელი იყო. ახლა რამდენიმე რაიონში ცოტა წვიმამ გადაიღო და სამსახურში წამოვედი", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა.
"სხვების მსგავსად მეც პარალიზებული ვიყავი, იმიტომ, რომ გზებზე გავლა შეუძლებელი იყო. მე ცენტრალურ მაგისტრალზე კი არ ვსაუბრობ, არამედ შიდა გზებზე. სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებდა, დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე წყალი პირდაპირ გზაზე მოედინებოდა და 40 - სანტიმეტრიან ნიაღვარში მანქანით გავლა ნამდვილად წარმოუდგენელია. მე გურჯაანში არსებულ სიტუაციას გიყვებით", - აღნიშნა მთივლიშვილმა.
ჩვენი მეორე რესპონდენტი ნინო ნაცვალაძე კი კახეთიდან, ქალაქ საგარეჯოდან თბილისში დღეს შუადღით ჩამოვიდა და ის იმ სიტუაციას გვიყვება, რაც მან საგარეჯო-თბილისის მონაკვეთზე ნახა: "როდესაც წამოვედი, მაშინ არაფერი არ იწმინდებოდა, მე დაახლოებით დღის პირველი საათისთვის ვიმგზავრე. ერთი ადამიანიც კი არ მუშაობდა მის გასაწმენდად. გზის ნაპირები ისე იყო დატბორილი, რომ ნამდვილი ჭაობი გეგონებოდა. რომ არ მცოდნოდა, იქ ჩვეულებრივი ნიადაგი რომ იყო, მართლა ნამდვილი ჭაობი მეგონებოდა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მდგომარეობაზე ვერ მოგიყვებით, რადგან გზაზე ხეები და ბუჩქები დგას. გზაც რამდენიმე ადგილას დატბორილი იყო. როდესაც მე წამოვედი, მაშინ ტრანსპორტს გზაზე სიარული ჯერ არ უჭირდა", - აცხადებს ნაცვალაძე.
შეგახსენებთ, რომ შაბათ ღამიდან კახეთში გადაუღებლად წვიმდა. რეგიონში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა. საგარეჯოს რაიონის 5 სოფელში ასევე გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. დატბორილია ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ის არის, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მოკლე ჩართვები მოხდა, რამაც ავარიული გამორთვები გამოიწვია. გუშინ დღის ბოლოს კახეთის რამდენიმე მხარეში წვიმამ გადაიღო.
1110
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85