[რეზონანსი ელისო ჩაფიძე]
ბიძინა გიორგობიანი ესპანელმა სამართალდამცავებმა 8 აგვისტოს ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე დააკავეს, სადაც დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. წელს მისმა ვაჟმა დავით გიორგობიანმა წარმატებით დაამთავრა სკოლა და მოიპოვა სტუდენტობის უფლება. თუმცა გიორგობიანების ოჯახს ეს არდადეგები ცუდად დაამახსოვრდება.
როგორ მისი მეუღლე ხათუნა ტაბატაძე გვიამბობს, როგორც ჩანს, პოლიციელები ბიძინა გიორგობიანის საბუთების მიხედვით მივიდნენ მათთან სასტუმროში. თავდაპირველად მათ ეგონათ, რომ ბიძინა გასაუბრებაზე წაიყვანეს. თუმცა 20 წუთის შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ ის დაკავებული იყო იმის გამო, რომ სამშობლოში ეძებდნენ.
"მთელი კვირა": ხათუნა, გვიამბეთ, კონკრეტულად სად და როდის მოხდა ბიძინა გიორგობიანის დაკავება?
ხათუნა ტაბატაძე: ესპანეთში 3 აგვისტოს ჩავედით. საზღვრის გადაკვეთის დროს ნამდვილად არანაირი პრობლემა არ გვქონია, რადგან ბიძინა არის გერმანიის მოქალაქე და ჩვეულებრივ აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლის უფლება. მართალია, სასტუმრო ჩემს სახელზე იყო დაჯავშნული, მაგრამ ბიძინამ რატომღაც თავისი პასპორტიც მისცა მისაღებში აღრიცხვისათვის და, მგონი, სწორედ ეს გახდა მისი დაკავების წინაპირობა.სავარაუდოდ, ამ პერიოდში არკვევდნენ სიტუაციას. ჩვენ ვიყავით ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე მდებარე პატარა ქალაქ მარაკორში. ორშაბათს, 8 აგვისტოს, 1 საათზე მოვიდა სასტუმროში ორი ადამიანი სამოქალაქო ტანსაცმლით. ამ დროს მე ჯერ კიდევ პლიაჟზე ვიყავი, ბიძინა კი სასტუმროში იყო ბავშვებთან ერთად. ჩემთან მორბის დავითი და მეუბნება, სასწრაფოდ წამოდი, მამას საბუთები სჭირდებაო.
აღმოჩნდა, რომ მოსულები იყვნენ პოლიციის წარმომადგენლები. მათ ბიძინა წაიყვანეს ვითომ გასაუბრებაზე, მაგრამ 20 წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ ის დაკავებული იყო. თქვენი სამშობლოს სამართალდამცავების მიერ იძებნებაო.
"მ. კ": მაგრამ ბიძინა ხომ გერმანიის მოქალაქეა?
ხ.ტ: დიახ, ბიძინა არის გერმანიის მოქალაქე 2007 წლის ნოემბრიდან, ხოლო 1996 წლის 9 თებერვლიდან გერმანიაში აქვს პოლიტიკური თავშესაფარი. ჩვენ შვილები ემიგრაციასა და დევნილობაში გავზარდეთ და ეს ძალიან კარგად იციან როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ესპანეთის პოლიცია მას არ გადმოსცემს საქართველოს ხელისუფლებას, რომლის მიერაც ის პოლიტიკურ დევნილად იქცა. მე ყველაფერს ვაკეთებ გერმანიაში, თუმცა ესეც არ არის მთავარი. ის 8 აგვისტოს დააკავეს და 10 აგვისტოს პარმის ციხეში მასთან უკვე შევიდა შეხვედრაზე ესპანეთში გერმანიის კონსული. მას რომ ვესაუბრე, მითხრა, ეს ძალიან რთული შემთხვევაა, თქვენი ქმარი პოლიტიკური დევნილია და ჩვენ დროულად ჩავაყენებთ საქმის კურსში ამის შესახებ ესპანეთის ხელისუფლებასო. ბერლინში დაბრუნებისთანავე საქმის კურსში ჩავაყენე საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა ისინი უკვე მუშაობდნენ ამ თემაზე. მითხრეს, რომ ყველაფრის საქმის კურსში არიან და ყოველდღიურ კონტროლზე ჰყავთ საქმე აყვანილი.
"მ.კ": როგორც ვიცი, მას გული აწუხებს. როგორია ბიძინას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის და სად იმყოფება ის?
ხ.ტ: პირველივე დღეს, ხელბორკილები რომ დაადეს, გულის შეტევით გადაიყვანეს პოსპიტალში. ამის გამო მეორე დღეს მოხდა მისი დაკითხვა. პარმის ციხეში ნორმალურ პირობებში იყო, კარგად ექცეოდნენ. პარასკევს გადაიყვანეს მადრიდის ციხეში და მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესი გაიმართება. ბოლოს პარასკევს ვესაუბრე და, როგორც ვიცი, კარგად არის.
მე ავუხსენი ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სწორედ მისი ამ ბრალდების გამო - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაზეც ბიძინას 6 წელი მიუსაჯეს და რის გამოც საქართველოს შსს-მ ის ჩართო წითელ ცირკულარში, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში, ბიძინას ჰყავს გერმანელი ადვოკატი და, დარწმუნებული ვარ, ის დაამტკიცებს მის სიმართლეს. ჩემი ქმარი სიმართლისათვის იდევნება. ის აღიარებულია პოლიტდევნილად და იმედი მაქვს, რომ მალე მას გერმანიის ხელისუფლებას გადასცემს ესპანური მხარე. მისი საქართველოსთვის გადმოცემა ძალიან დიდი სკანდალი იქნება და პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ ბიძინას სიმართლის დასამტკიცებლად.
950
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85