საია:  „ქართუ ჯგუფის“ ქონება შესაძლოა, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს

საია: „ქართუ ჯგუფის“ ქონება შესაძლოა, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)  წარმომადგენლის ლიკა წიკლაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში,  თუ სს „ქართუ ჯგუფის“ ქონება პირველ აუქციონზე არ გასხვისდა შესაძლოა, განმეორებითი აუქციონი დაინიშნოს ან გამოიცეს განკარგულება, რომლითაც ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა, ხოლო  თუ ასეთი განკარგულება არ გამოიცა ამ შემთხვევაში,  ქონება ყადაღისგან თავისუფლდება.

როგორც წიკლაური from.ge -სთან საუბარში განმარტავს, თუ სს „ქართუ ჯგუფის“ ქონება პირველ აუქციონზე არ გასხვისდა,  15 დღის განმავლობაში  აღსრულების ბიუროს შეუძლია  განკარგულება მიიღოს, რომლის საფუძველზეც ეს ქონება  სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა, ხოლო თუ ესეთი განკარგულება არ იქნება მიღებული ამ შემთხვევაში ინიშნება განმეორებითი აუქციონი, სადაც საწყისი ფასი უკვე ნული ლარით განისაზღვრება. ხოლო თუ მყიდველი განმეორებით აუქციონზეც არ გამოჩნდა აღმასრულებელს შეუძლია გამოსცეს განკარგულება,  ამ ქონების  სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლაზე,  ხოლო თუ ასეთი განკარგულება არ გამოიცა ამ შემთხვევაში, ქონება ყადაღისგან თავისუფლდება.

„ანუ ფორმალურად, განმეორებით აუქციონზე ვიღაცამ  რომ მიიღოს მონაწილეობა და 5 ლარი შესთავაზოს, ეს ქონება 5 ლარად შეიძლება იყიდოს. ანუ ვაჭრობა იწყება ნული ლარიდან.  იმ შემთხვევაში, თუ მეორე აუქციონზეც არ გამოვლინდა მყიდველი, ანალოგიურად 15 დღის განმავლობაში,  აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს შეუძლია განკარგულებისამებ ეს ქონება სახელმწიფოს ნატურის სახით გადასცეს, ხოლო თუ მსგავსი განკარგულება არ გამოსცა ამ შემთხვევაში,  ქონება ყადაღისგან თავისუფლდება და მფლობელს უბრუნდება“, - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ „თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება არ მოხდება“.

რაც შეეხება,  სს  „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი მეწილეების ადვოკატების ხელისუფლებისადმი  მოწოდებას  შეწყვიტონ ეს აუქციონი, წიკლაურის თქმით, ამ საქმის დეტალებს და ამ პროცედურებს სირღმისეულად  არ იცნობს, თუმცა აცხადებს, მსგავი რამ და მსგავის მოწოდების გათვალისწინება ძალიან იშვიათად ხდება.

„როგორც „ქართუ ჯგუფის“ უცხოური მეწილეების ადვოკატები  აცხადებენ,  სხვადასხვა კომპანიებზე 10% -ზე ნაკლები წილები გასხვისდაო.  ზოგადად,  აღსრულების შეჩერება არ ხდება. როგორც წესი,  როდესაც უკვე აუქციონია ჩანიშნული კანონიდან გამომდინარე,  ასეთი რაიმე არ ხდება, თუმცა  გამონაკლისის სახით,  მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს და სავარაუდოდ, ადვოკატებმა  ამ გადაწყვეტილების მიღებაზე მიმართეს აღსრულებას.  ეს შეიძლება,  თუმცა როგორც წესი,  მსგავსი  განკარგულების მიღება ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. ასეთი რამ არც გამიგია“, - განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაური  სს „ქართუ ჯგუფის“ უცხოური მეწილეების  ადვოკატების განცხადების შეფასებისას, თუ რამდენად სამართლიანია მათი განცხადება, რომ „თუ საქართველოს ხელისუფლება მათ განცხადებას არ შეისმენს  და იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს „ქართუ ჯგუფის“ აქციებს, მაშინ  უცხოელი ინვესტორები და კომპანიები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივ დავას დაიწყებენ“ , აცხადებს, რომ ზოგადად,  როდესაც ქვეყნის შიდა ეტაპებს ამოწურავ ორი გზა რჩება.  

„შესაძლებელია ევროსასამართლოში იჩივლო ერთი გზა და მეორე არსებობს საერთაშორისო არბიტრაჟი,  რომელიც მსგავს კატეგორიებს განიხილავს“, - განაცხადა წიკლაურმა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7% სს „პროგრეს ბანკში“ აუქციონზე გუშინ გაიტანა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით,   ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აღნიშნული აქციები აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა.

ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს „ქართუ ჯგუფში“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში“ – 3 566 498 ლარად შეაფასა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად სს „ქართუ ჯგუფში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში“ კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი.

ბიძინა ივანიშვილის ქონების გასხვისების მიზნით გამოცხადებული აუქციონი 10 ივლისს დასრულდება. „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%-ზე ვაჭრობა 18:00 საათზე, ხოლო „პროგრეს ბანკის“ აქციების 21,7%-ზე – 19:00 საათზე შეწყდება.

ამასთან, მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში ჯერჯერობით არც ერთი ლოტის შეძენის მსურველი არ ფიქსირდება.