მანანა მანჯგალაძე: ჯანდაცვის პოლისების დარიგება იწყება

მანანა მანჯგალაძე: ჯანდაცვის პოლისების დარიგება იწყება

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ  ტრადიციულ ბრიფინგზე ჯანდაცვის პოლისების დარიგების შესახებ ისაუბრა. მანჯგალაძის განცხადებით,  ჯანდაცვის სამინისტრო 15-16 ივლისიდან ჯანდაცვის პოლისების დარიგებას დაიწყებს  და მთლიანობაში მას  6 ათასამდე პენსიონერი, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები და 100 ათასამდე სტუდენტი მიიღებს.

მანჯგალაძის თქმით, პენსიონერთა ის ნაწილი, რომელიც პენსიას „ლიბერთი ბანკში“ იღებს, პოლისს ბანკში პენსიასთან ერთად მიიღებს, პენსიონერთა ის ნაწილი კი, ვისთანაც პენსია სახლში მიაქვთ, პოლისს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით სახლში მიიღებს.

ასეთივე ფორმით განხორციელდება პოლისების დარიგება იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რომლებიც ანალოგიური მომსახურეობით სარგებლობენ.

რაც შეეხებათ ბავშვებსა და სტუნდენტებს, მანჯგალაძის განმარტებით, ისინი პოლისებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის მისამართის მიხედვით მიიღებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული პირები კი, რომლებიც პენსიას არ იღებენ, დაზღვევის პოლისს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვის-ცენტრებში მიიღებენ.

მანჯგალაძის თქმით, სადაზღვევო პოლისების დარიგება 15-16 ივლისიდან ეტაპობრივად განხორციელდება და 1 სექტემბრისთვის ეს პროცესი დასრულებული იქნება.