მინისტრთა კაბინეტი სამუშაოს მაძიებელთა პროგრამას განიხილავს

მინისტრთა კაბინეტი სამუშაოს მაძიებელთა პროგრამას განიხილავს

ახალი შემადგენლობის მინიტრთა კაბინეტი დღეს სამთავრობო სხდომაზე სამუშაოს მაძიებელთა პროგრამას განიხილავს, რომელსაც ახალ მინისტრთა კაბინეტს   სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი გამგებელი რამაზ სულამანიძე წარუდგენს.

25 ივლისიდან სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება. დასაქმების აგენტი საქართველოს 25 დიდ ქალაქში ყველა ოჯახში მივა და მუშაობის მსურველთა შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს.  მოსახლეობას სპეციალური აპლიკაციის შევსება მოუწევს. მონაცემები საბოლოოდ დასაქმების სამინისტროს გადაეგზავნება, ამის შემდეგ კი აღნიშნული უწყება შემდგომ ტესტირებას უზრუნველყოფს.

ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილებას, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის ხელშეწყობა, პროგრამის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა.